ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბავშვის ცხოვრებაში ქცევითი მოდელების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ბავშვი სწავლობს ქცევითი მოდელებით. მე თუ მინდა, რომ ჩემმა ბავშვმა წიგნები იკითხოს, ის კი არ უნდა ვუთხრა, რომ წიგნები იკითხოს, ის უნდა მხედავდეს, რომ მე წიგნებს ვკითხულობ. ბავშვისთვის ქცევითი მოდელია განმსაზღვრელი. ავტორიტეტები და ტიპები, რომლებიც ჩვენზე გავლენას ახდენს, უნდა იყვნენ ჩვენთვის მისაღები და მისაბაძი.

თავის დროზე 3-5 წლის ბავშვებს ზღაპრებს ვუკითხავდით. კვლევა იყო და ეს ზღაპრები შევცვალეთ. იცით, რომ ჩვეულებრივ ზღაპარში სიკეთე იმარჯვებს. ეს ზღაპრები ისე გადავაკეთ, რომ სიკეთე არ იმარჯვებდა და იმარჯვებდა ბოროტება. ცუდი ტიპი იყო გამარჯვებული, ცუდ ტიპს რჩებოდა ქონება. როდესაც ეკითხები ბავშვს: „ვინ გინდა იყო?“ ის სოციალურ სამართლიანობაზე კი არ მიუთითებს, გამარჯვებული უნდა იყოს. თუ მე ცუდ ტიპს ვამარჯვებინებდი, ორიენტირს იღებდა ამისკენ. ზღაპარშიც ეს იდეა იყო ჩადებული, რომ სიკეთე და ძალა ერთი გახადოს, რათა ბავშვმა ორიენტირი აქეთ აიღოს. აქ იდო ფილოსოფია, რომ ბოლოში სიკეთე იმარჯვებს. აქ იდო, რომ ადამიანი გაეშვათ აქეთ მხარეს. ესენი მოიშალა. წარმატებულობა შემოვიდა უკვე. მე ვხედავ ვინაა წარმატებული, ვინაა გამარჯვებული. ჩემთვის მოდელი უკვე ის ხდება. მოდელი რომ ის ხდება, ახლა თქვენ ნახეთ რა „კარგი“ მოდელები გვყავს ჩვენ საზოგადოებაში. შეთანხმებაზეა, რას ვეძახით განათლებულობას. მე ვიცი ნაკითხი ადამიანები და არა განათლებულები. რაღაც რომ წაიკითხე, პიროვნულად წინ უნდა წახვიდე. არა ის, რომ გახსოვდეს მეთოთხმეტე გვერდის მეორე აბზაცზე რა წერია. ასეთი ხალხიც არის.

განათლებამ უნდა მომცეს, რომ მე თავი რეალიზებულად ვიგრძნო მაშინაც, როდესაც არ მაქვს მილიონი, იმიტომ, რომ მე სხვა უპირატესობები მაქვს. მე რეალიზებული ვარ, მე არ მჭირდება ის, რაც სხვებს სჭირდებათ. ეს არის განათლების პრინციპი. ხუთი წიგნი მაქვს წაკითხული თუ შვიდი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, თუ ამან ცვლილებები არ მოახდინა.“ – ამბობს ფსიქოლოგი.

მსგავსი თემები