სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით, 2021 წლის 21-25 თებერვალს, ქართული კომპანიები – Gulfood 2021 გამოფენაში იღებენ მონაწილეობას.

პანდემიით გამოწვეული ერთ წლიანი პაუზის შემდეგ გამოფენა – Gulfood 2021 არის პირველი საერთაშორისო ფიზიკური ღონისძიება, რომელშიც საქართველოს დელეგაცია იღებს მონაწილეობას. ასევე აღსანიშნავია, რომ USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური დახმარებით შემუშავდა ქართული აგროსასურსათო ვიზუალური იდენტიფიკაცია – ლოგო, რომელიც პირველად არის წარმოდგენილი აღნიშნულ გამოფენაზე.

გამოფენა ტრადიციულად ქალაქ დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმართება

და ყოველწლიურად საშუალოდ 92 000 ვიზიტორი სტუმრობს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში. Gulfood-ზე მონაწილეობა თითქმის ყველა ტიპის პროდუქტის მწარმოებელს შეუძლია, გარდა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებისა.

“აწარმოე საქართველოში” სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში მონაწილეობას იღებს 14 ქართული კომპანია. კომპანიების შერჩევა განხორციელდა სააგენტოს მიერ შემუშავებული და დამტკიცებული კრიტერიუმების და თანადაფინანსების მექანიზმის საფუძველზე. ქართულ დელეგაციას მრავალფეროვანი პროდუქცია აქვს წარდგენილი. კერძოდ: სხვადასხვა თხილეულის, ხილის პროდუქტის, ბოსტნეულის და ხილის ნატურალური წვენების, თაფლის, დაფნის, მშრალი ხილის (ჩირის) და ჩაის პროდუქტები.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები