“შვიდი” (Se7en) – ენდრუ კევინ უოკერის სცენარის მიხედვით, ნეონუარის სტილში გადაღებულ ტრილერში დევიდ ფინჩერი მაყურებელს ორ დეტექტივის – ახალბედა მილზისა და გამოცდილი სომერსეტის რთულ ურთიერთობაზე მოუთხრობს, პარალელურად კი, სერიული მკვლელის დანაშაულებებს იძიებს, რომელიც მსხვერპლს შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის მიხედვით ირჩევს.

“დაწყევლილთა კუნძული” (Shutter Island) – მარტინ სკორსეზეს დეტექტიური ტრილერის მოქმედება განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების ფსიქიატრიულ კლინიკაში ვითარდება, სადაც ფედერალური მარშალები ერთ-ერთი პაციენტის გაუჩინარების საქმეს იძიებენ. სხვათაშორის, “დაწყევლილთა კუნძული” სკორსეზესა და დიკაპრიოს მეოთხე ერთობლივი ნამუშევარია ფილმების “ნიუ-იორკის ბანდები”, “ავიატორი” და “განდგომილები” შემდეგ.

“გახსოვდეს” (Memento) – ფსიქოლოგიური დეტექტივი რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა საკუთარი სცენარით შექმნა, მთავარ როლზე კი, გაი პირსი მიიწვია. ფილმი, რომლის პრემიერა 2000 წელს შედგა ვენეციის კინოფესტივალზე,  ჯერ Internet Movie Database-ის 250 საუკეთესო ფილმის ნუსხაში, მერე კი, შეერთებული შტატების ფილმების ნაციონალურ რეესტრში მოხვდა.

“თავბრუსხვევა” (Vertigo) – კლასიკური ფილმი ტრილერისა და დეტექტივის ელემენტებით, რომელიც ლეგენდარულმა ალფრედ ჰიჩკოკმა შორეულ 1958 წელს დადგა, არაფრით ჩამოუვარდება თანამედროვე ბლოქბასტერებს, მეტიც, ყოფილი პოლიციელის ისტორია, რომელიც სიმაღლის პანიკური შიშისა და დეპრესიის გამო სამსახურს ტოვებს, თუმცა დამოუკიდებელ გამოძიებაში ებმება, ამერიკულმა კინოინსტიტუტმა ყველა დროის საუკეთესო დეტექტივად დაასახელა.

“გამართლებული სისასტიკე” (A History of Violence) – კრიმინალური დრამა დევიდ კრონენბერგმა ამავე სახელწოდების კომიქსების მოტივებზე შექმნა და იმ რიგითი ამერიკელის ისტორია მოჰყვა, რომლის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა კრიმინალური  წარსულის ადამიანების გაცნობის შემდეგ. ფილმის სცენარისტის ჯოშ ოლსენის და მეორე პლანის როლის შემსრულებელის უილიამ ჰერტის ნამუშევარი კინოაკადემიამ “ოსკარის” ნომინაციით აღნიშნა, თავად დრამა კი, ჟურნალის Rolling Stone ათწლეულის საუკეთესო ფილმების რეიტინგში მოხვდა.

“ოლდბოი” (Oldboy) – სამხრეთ კორეელი რეჟისორის პაკ ჩხან უკის საკულტო ფილმის ამერიკული რემეიქი სპაიკ ლიმ შექმნა და აზიელი უიღბლო სარეკლამო აგენტის ისტორია, რომელიც თავისდაუნებურად ეხვევა ხიფათში, იდეალურად მოარგო ამერიკულ რეალობას.

“საიდუმლო მის თვალებში” (El secreto de sus ojos / The secret in their eyes) – ხუან ხოსე კამპანელას არგენტინულ-ესპანური კრიმინალური დრამა მოსამართლის ყოფილი თანაშემწის ბენხამინ ესპოსიტოს ერთგვარი მოგონებაა, რომელიც პენსიაზე გასვლის შემდეგ მემუარებს წერას იწყებს და  იმ შორეულ მოვლენებს იხსენებს, რომელთაც სამუდამოდ შეცვალეს მისი ცხოვრება.

“ლოფტი” (The Loft) — ბელგიურ-ამერიკული ტრილერი ერიკ ვან ლოიმ, რამდენიმე წლით ადრე გამოსული ამავე სახელწოდების ფილმის მიხედვით გადაიღო, თუმცა ბელგიელი რეჟისორის ვერსია ბევრად ჩახლართული გამოვიდა და მაყურებლის დაინტრიგებაც ფინალურ კადრებამდე შეძლო.

“ფანჯარა ეზოში” (Rear Window) – მორიგ კინოშედევრში ჯეიმს სტიუარტისა და გრეის კელის მონაწილოებით, რომლის მოქმედება მხოლოდ ერთ ოთახში ვითარდება, სასპენსის ცნობილმა ოსტატმა ალფრედ ჰიჩკოკმა დაძაბულობასთან ერთად დინამიზმის შენარჩუნებაც მოახერხა. დეტექტიური ტრილერი, რომელიც “ჰიჩის” ერთ-ერთ საყვარელ და ყველაზე წარმატებულ ფილმად ითვლება, “ოსკარის” ოთხი ნომინაციით აღინიშნა და მსოფლიო კინოს საუკეთესო დეტექტივად იქცა.

“სანამ დავიძინებ” (Before I Go To Sleep) – ბრიტანელი როუენ ჟოფეს დეტექტიური ტრილერი  ნიკოლ კიდმანისა და კოლინ ფერტის ბრწყინვალე დუეტის მონაწილეობით, ტრავმის შედეგად მეხსიერებადაკარგული ქალის ისტორიაა. თუმცა, წარსულთან ერთად ახალგაზრდა ქალი იმ არასასიამოვნო მოვლენებსაც იხსენებს, რომელთაც სიამოვნებით დაივიწყებდა სამუდამოდ.

ტეგები: რჩეული ფილმები ფილმები
კატეგორიები: რჩევები ფილმები
davit alibegashvili
ავტორი

მსგავსი თემები