ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, 150 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

მიზეზი, რაც უნდა გასაკვირი იყოს, სპილოების მიგრაციაა.

გადაშენების პირას მყოფი აზიური სახეობის სპილოების ჯგუფმა ჯერ კიდევ 17 თვის წინ გადაწყვიტა იუნანის დაცული ტერიტორიების ნაკრძალი დაეტოვებინა.

ამ პერიოდის განმავლობაში კი, მოგზაურობის დროს, მათ გაიარეს თითქმის 500 კილომეტრი და მეტნაკლებად დააზიანეს ყველაფერი, რაც გზად შეხვდათ – მინდვრები, მილიონობით დოლარის ღირებულების მოსავალი, შენობები.

17-თვიანი მცდელობის მიუხედავად, ცხოველები დაცულ ტერიტორიაზე ვერ დააბრუნეს.

ახლა კი მათ მიაღწიეს სამხრეთ-დასავლეთ იუნანის პროვინციას, რომელშიც მრავალი სოფელი უნდა გაევლოთ.

 

 

პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები სახლებისა და ნათესების დაცვას ცდილობენ, სპილოებთან დაპირისპირებას კი შესაძლოა საფრთხე შეექმნა თავად მოსახლეობისთვის, სწორედ ამიტომ, დასახლებულ პუნქტებთან მოახლოებული 14 აზიური სპილოს გამო, მაცხოვრებლების დროებითი ევაკუაცია განახორციელა. 

სპილოების მიგრაციას თვალს ადევნებს 25 000-ზე მეტი სამართალდამცველი ავტომობილებითა და ვერტმფრენებით.

ჯგუფის უკან, ნაკრძალში დაბრუნების რამდენიმეთვიანი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, თუმცა სპილოებმა უკან დაბრუნება კვირას თავად გადაწყვიტეს.

ექსპერტების განცხადებით, გაურკვეველია ზუსტი მიზეზი, რატომ დატოვეს მათ ნაკრძალი. ერთ-ერთი ვერსიით, ეს შესაძლოა ჯგუფის გამოუცდელი ლიდერის ბრალია, რომელმაც ჯოგი შეცდომაში შეიყვანა და გზა აებნათ, ზოგი კი ფიქრობს, რომ სპილოებს ახალი საცხოვრებლის ძებნა სურდათ.

აზიური სპილო გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. ჩინეთში 300-მდე გარეული სპილო ბინადრობს, ისინი ძირითადად, მოხეტიალე ცხოვრებას ეწევიან.

ნინო გოგილაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები