LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 წლის წინ გარდაცვლილი გიორგი ბოლქვაძის დედამ საქართველოს სტრასბურგში საქმე მოუგო

2217
collage

15 წლიანი სამართლებრივი დავის შემდეგ, 2004 წელს გარდაცვლილი გიორგი ბოლქვაძის დედამ, გულნარა სარიშვილმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქმე მოიგო.

სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ექიმების დაუდევრობას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა სიცოცხლის უფლება და კომპენსაციის სახით მას 20 ათასი ლარი დააკისრა.

„მორალური ზიანის ანაზღაურების დაშვება პირის გარდაცვალების გამო, მისი ახლო ნათესავისთვის ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. ფაქტობრივად, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით მიუთითა, რომ ეს ხარვეზი გამოსწორდეს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივით პარლამენტს ხვალ მივმართავ“, – განაცხადა საქმის ადვოკატმა ემზარ პაქსაძემ.

უფლებადამცველმა კომპენსაციის მიღების მოთხოვნით ბათუმის იუსტიციის სახლში აღსრულების ბიუროს დღეს მიმართა. გარდაცვლილის დედა კი საქმის ხელახლა აღძვრას ითხოვს.

„დადგინდა, რომ არასწორი ოპერაციის გამო გარდაიცვალა ჩემი 25 წლის სრულიად ჯანმრთელი შვილი. მოვითხოვ სისხლის სამართლის საქმე თავიდან აღიძრას დამნაშავე ექიმების მიმართ და დაისაჯონ დამნაშავეები, ეს აღარ უნდა განმეორდეს“, – ამბობს გარდაცვლილის დედა გულნარა სარიშვილი.

შემთხვევა 2004 წლის 16 თებერვალს მოხდა. „აჭარგანათებაში“ მომუშავე გიორგი ბოლქვაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა. იგი ბათუმის ყოფილ პირველ საავადმყოფოში იმავე წლის 14 მარტს გარდაიცვალა.

სასამართლო განხილვა წლების განმავლობაში გაგრძელდა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2008 წელს გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც გულნარა სარიშვილს მატერიალური ზიანისთვის უნდა მიეღო 2 700 ევროს ეკვივალენტი ლარში, თუმცა არამატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარი უთხრა, რადგან ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არამატერიალური ზიანის ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი სამედიცინო გულგრილობის შედეგად დაიღუპება.

უზენაესი სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ბოლქვაძის ოჯახისთვის დამაკმაყოფილებელი არ აღმოჩნდა, რის გამოც 2008 წელს ოჯახმა სტრასბურგს მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები