LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,18 წლამდე ასაკში პრეპარატი ,,პლაქვენილი” კატეგორიულად არ ინიშნება” – ინფექციონისტი ეკა ნაფეტვარიძე გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან”

7914
eka-nafetvaridze-stumrad-eqimtan

გადაცემის ,,სტუმრად ექიმთან” სტუმარია ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმი – ინფექციონისტი ეკა ნაფეტვარიძე.

– ეკა, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენი დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ჩვენთვის დრო გამონახეთ. პირველი კითხვა ეხება “პლაქველინს” და ამ მედიკამენტის შესახებ ბოლო დროს გავრცელებულ განსხვავებულ ინფორმაციას. ამ პრეპარატთან მიმართებაში მთავარი კითხვაა: ხდება თუ არა მისი გამოყენება იმ კოვიდპაციენტებში, ვისთანაც სიმპტომები პრაქტიკულად არ არსებობს და დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს? ასევე საინტერესოა, რა სქემა არსებობს ბავშვების მკურნალობასთან დაკავშირებით? ჩვენ ხშირად გვესმის ექიმებისაგან, რომ ბავშვებში ვირუსი შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და მდგომარეობა, როგორც წესი სტაბილურია.

გმადლობთ მოწვევისათვის. პირველ რიგში ვისაუბროთ პრეპარატ ,,პლაქვენილის” შესახებ და პაციენტთა იმ კატეგორიაზე, რომლებიც იღებენ ამ მედიკამენტს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს კლინიკაში “პლაქვენილით” მკურნალობა უტარდებათ მხოლოდ საშუალო სიმძიმის ან მძიმე პაცინეტებს. ასიმპტომურ ან მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევებში ეს პრეპარატი არ გამოიყენება. რაც შეეხება მკურნალობის ხანგრძლივობას, ეს ინდივიდუალურია. დაახლოებით 5-10 დღის ინტერვალით ხდება ამ მედიკამენტით მკურნალობა. მკურნალობის ტაქტიკას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი. რაც შეეხებათ ასიმპტომურ პაციენტებს, გეტყვით რომ ასეთი, რეალურად ასიმპტომური პაციენტი ძალიან ცოტაა. მათ “პლაქვენილით” არ ვმკურნალობთ. თუმცა, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ადამიანს ჰქონდეს გამოხატული მსუბუქი სიმპტომატიკა, მაგრამ მკურნალი ექიმი ანალიზების, რენტგენოლოგიური და ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აფასებს მდგომარეობას და არა სიმპტომების საფუძველზე. შესაბამისად აღნიშნული მონაცემების მიღების შემდეგ ხდება მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა. ამას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები რასაკვირველია შესაბამისი ანგარიშის საფუძველზე აკეთებენ. პირდაპირი მოწოდება იმის შესახებ, რომ პაციენტს დაუდასტურდება თუ არა Covid-19, მაშინვე “პლაქვენილით” დავიწყოთ მკურნალობა, ნამდვილად არ არის პროტოკოლში. საპროფილაქტიკო მექანიზმებს რაც შეეხება, პროტოკოლშიც ცალსახადაა გაწერილი და ისედაც დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი ექიმი ამ პრეპარატს საპროფილაქტიკო მიზნით არ დანიშნავს. “პლაქველინი” რევმატოიდული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება, მას პაციენტები წლობით იღებენ და რასაკვირველია გართულებების რისკი მათთან მეტია. ჩვენს შემთხვევაში, როგორც ვიცით, მკურნალობის ხანგრძლივობა ძალიან მცირეა, თუმცა ვითარება მაინც კონტროლდება მკურნალობის დაწყებამდე ელექტროკარდიოგრაფიით, რომელიც შეიძლება ჩატარდეს დინამიკიდან გამომდინარე მკურნალობის პროცესში ან დასრულების შემდეგაც. რასაკვირველია ყველა იმ შესაძლო გართულებას, რაც შეიძლება გამოიწვიოს მედიკამენტმა აფასებს მკურნალი ექიმი, იგი აფასებს ყველა საჭირო მონაცემს.

გადაცემის ლაივი LIVE

 

– ანუ შესაძლოა კოვიდპაციენტი უსიმპტომო იყოს, ან სიმპტომები მსუბუქად ჰქონდეს გამოხატული, მაგრამ რეალურად ინფექციამ მისი ორგანიზმი დააზიანოს. სწორედ ამიტომ მდგომარეობას მკურნალი ექიმი ყველა საჭირო ანალიზისა და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აკეთებს და არა სიმპტომატიკის მიხედვით და ამის შემდეგ წყვეტს ჩართოს თუ არა მკურნალობაში ეს მედიკამენტი. მინდა გკითხოთ ბავშვებზე. როგორც წესი მათ უბრალოდ “არასრულწლოვნებად” მოიხსენიებენ და ზუსტი ასაკი იშვიათად ხდება ცნობილი. როგორია მათი მკურნალობის სქემა? რა კონკრეტული სიმპტომები აქვთ ბავშვებს, თუნდაც მსუბუქად გამოხატული? სავარაუდოდ ბავშვებში “პლაქვენილი” არ ინიშნება.

დიახ, 18 წლამდე ასაკში ეს პრეპარატი კატეგორიულად არ ინიშნება. 18 წლამდე ასაკის მოზარდებს ან მცირეწლოვან ბავშვებს სიმპტომური საშუალებები ენიშნებათ. ზოგადად, მოზარდებს ნაკლებად აქვთ სიმპტომები, თუნდაც მსუბუქად გამოხატული. შეიძლება გამოხატული იყოს მხოლოდ უბრალოდ სისუსტე, ყელის ტკივილი ან სიცხე. საბედნიეროდ, ბავშვების მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.

-თქვენ ბოლო ორი თვეა ინტენსიურად მუშაობთ, ყოველდღე იღებთ ახალ პაციენტებს, ყოველდღე კეთდება ტესტები, ყოველდღე არის დადებითი პასუხი და ა.შ. ამავდროულად, ყოველდღე საზოგადოებითვის ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი კოვიდის მიმდინარეობაზე, მკურნალობის სქემებზე და ა.შ. პირადად თქვენ ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ გუნდში ხართ უცნობ ინფექციებთან ბრძოლის კუთხით და ეს არ ეხება მხოლოდ ახალ კორონავირუსს. ამ გადმოსახედიდან რა შეიძლება ითქვას დამაიმედებელი? ამ ეტაპზე ვიცით რომ უახლოესი ორი-სამი კვირა პიკს ველით და შემდეგ სავარაუდოდ კლება გვექნება. კიდევ რა დამაიმედებელი ცნობა შეგიძლიათ მოგვცეთ, როგორც ექიმმა, რომელიც ამ წუთას ბოქსირებულ განყოფილებაში მუშაობს?

დიახ, ჩვენი გუნდი უკვე იანვრის შუა რიცხვებიდან იღებდა სავარაუდო პაციენტებს, 26 თებერვლიდან კი, როდესაც პირველი შემთხვევა დადასტურდა 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ და ამ ეტაპზე უკვე გვაქვს რაღაც გამოცდილება. უკვე შედარებით იოლად ვახერხებთ პაციენტების მდგომარეობის შეფასებას და ის მაჩვენებლები, რაც ახლა ქვეყანაშია, ვგულისხმობ მხოლოდ 411 ინფიცირებულს, მთლიანი გუნდის დამსახურებაა. ამ ეტაპზე რაიმე უფრო დამაიმედებლის თქმა არ შემიძლია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ აქამდე მოვედით ერთად დგომით და მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე. როგორც აღნიშნეთ, უახლოესი ორი-სამი კვირა საჭიროა განსაკუთრებით დავიცვათ რეკომენდაციები, შემდეგ კი იმედი ვიქონიოთ, რომ დაიწყება კლება და ნელ-ნელა ყველაფერი დაუბრუნდება ჩვეულ რეჟიმს.

– ეკა, ამ ეტაპზე როგორც ვხედავთ, ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა ათეულს არ ცდება, რაც იმედისმომცემია. შეგვიძლია თუ არა ამის საფუძველზე ვივარაუდოთ, რომ პიკიც არ იქნება მაინცდამაინც ყველაზე უარესი სცენარით, რისიც ყველას ძალიან გვეშინია?

მთელი გუნდის მუშაობა ამ ეტაპზე სწორედ იმისაკენ არის მიმართული, რომ პიკი არ იყოს მაინცდამაინც პიკური და ციცაბო. იმედს ვიტოვებ, რომ ეს მართლაც არ იქნება ასე, მაგრამ ამისთვის ყველა ადამიანის თანადგომაა საჭირო. მარტო ვერც ეპიდემიოლოგები, ვერც ჯანდაცვის სამინისტრო და ვერც სამედიცინო პერსონალი ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული მოსახლეობის დახმარებაზე და გვერდით დგომაზე. ბევრია დამოკიდბეული იმაზე, როგორ შეასრულებენ ისინი რეკომენდაციებს.

– ბოლო ცნობების თანახმად, როგორც ჩვენ ამირან გამყრელიძემ გვითხრა, დიდი ალბათობით შემოდგომამდე არ გვექნება კონკრეტული მედიკამენტი, რომელიც ვირუსის წინააღმდეგაა მიმართული და სავარაუდოდ იანვრამდე არ გვექნება ვაქცინა. როგორია მოლოდინი შემთხვევების კლების შემდეგ, შესაძლებლია თუ არა რომ ზაფხულშიც იყოს ერთეული შემთხვევები მაინც ქვეყანაში? შესაძლებელი იქნება თუ არა რომ კლების ტენდენციის დაწყებიდან მალევე დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას?

ამ ეტაპზე ნამდვილად ვერ გამოვრიცხავთ, რომ ერთეული შემთხვევები ზაფხულშიც იყოს და იმედია, რომ ეს იქნება მხოლოდ ერთეული შემთხვევები და არა მეტი. ერთეული შემთხვევებისათვის არის სრული მზაობა, თუმცა ერთეული შემთხვევები იქნება თუ მრავალი ეს ჩვენს მოსახლეობაზეა დამოკიდებული. რასაკვირველია ეს კარგი იქნება, თუ გვექნება მხოლოდ ერთეული შემთხვევები და არა მეტი, რადგან ამისთვის ყველანი მზად ვართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები