LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

19 დეკემბერს ლევან ანჯაფარიძის ახალი ფილმის პრემიერა კინო „ამირანში“ შედგება

97

19 დეკემბერს, 19.30 საათზე კინოთეატრ „ამირანში“ ლევან ანჯაფარიძის ახალი ფილმის  – „მტერი ჩემი – ძმა ჩემი“ პრემიერა გაიმართება. სრულმეტრაჟიანი სურათი საქართველოს მთავრობისა დავეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ფინანსური მხარდაჭერით კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ბაზაზე, საერთაშორისო ფონდთან  – „და იქმნა ნათელი“  ერთად შეიქმნა. მთავარი თემა –  ქართულ-აფხაზურიკონფლიქტია, ვეტერანების უახლოესი წარსული, წუხილი  და სატკივარი.

„მტერი ჩემი – ძმა ჩემი“, ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ  ლევან ანჯაფარიძის პირველი რეჟისორული ნამუშევარია. აფხაზეთის ომის მონაწილე ხელოვანი შეეცადა, წლების განმავლობაში დაგროვილი სათქმელი ფილმის საშუალებით გადმოეცა.

„იმ ჯოჯოხეთში, რასაც ომი ჰქვია,  ჩვეულებრივ მოკვდავთა მიერ ჩადენილ ადამიანურ საქციელს ვეძებდი, რაც ყოველგვარ მტრობაზე მაღლა დგას და რამაც ხელი უნდა შეუწყოს  ჩვენს მომავალ ურთიერთობას“ – განაცხადა ლევან ანჯაფარიძემ.

„მტერი ჩემი – ძმა ჩემი“ -ში მთავარ როლს ახალგაზრდა მსახიობი, ზურა სულხანიშვილი ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ: ტატო ჩახუნაშვილი, ალექსანდრე ბეგალიშვილი, გიორგი ბურჯანაძე და სხვ. სცენარის ავტორები  – ლევან ანჯაფარიძე და ზაურ კალანდია; მხატვარი – გია ლაფერაძე, კომპოზიტორი – კაკო ვაშალომიძე, დამდგმელი ოპერატორი – ბაქარ შარაშენიძე. ფილმში გამოყენებულია დათო ოძელაშვილის კომპოზიცია.

ფილმის პროდიუსერის, ლელა მაქაცარიას თქმით, ლევან ანჯაფარიძის ნამუშევრის წარდგენა სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე იგეგმება, თუმცა ამ ეტაპზე „მტერი ჩემი – ძმა ჩემის“ პროდიუსერისა და კინორეჟისორისათვის პრიორიტეტს ფილმის აფხაზებისთვის ჩვენება წარმოადგენს, რის გამოც ფონდმა „და იქმნა ნათელი“ ამ პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა. დღეისათვის ფილმის აფხაზურ ენაზე გახმოვანება მიმდინარეობს. საპროდიუსერო და შემოქმედებითი ჯგუფი იმედს გამოთქვამს, რომ 2017 წელს, სახალხო დიპლომატიისა და სახელმწიფოს დახმარებით, პრემიერა სოხუმშიც გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები