LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 -30 წლის წინ მიღებული დიპლომით 21-ე საუკუნის მასწავლებელი სკოლაში ვერ ასწავლის – მაია კობახიძე

4686
8888

პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდებით ბევრი უკმაყოფილოა. ზოგიერთმა მათგანმა ვერ გადალახა დასაშვები ზღვარი და შესაბამისად, მათ იანვრიდან სამსახურის გარეშე დარჩენა ემუქრებათ.

23 სექტემბერს მთავრობის კანცელარიასთან გათავისუფლების საშიშროების წინაშე მყოფი პედაგოგების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა.

მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ  მასწავლებლები არ გაუშვან იანვრიდან სახლში და  სტატუსის ამაღლება გახდეს ნებაყოფლობითი.

სიტუაციიდან გამოსავლის გზებზე „ფორტუნა“ მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირის ხელმძღვანელს მაია კობახიძეს ესაუბრა.

„გამოცდაზე გავიდა 6412 მასწავლებელი. აქედან საშუალოდ 42%-მა პროცენტმა გადალახა 30 პროცენტიანი ბარიერი ერთი კრედიტისათვის. ანუ  დაახლოებით 3 600-მდე მასწავლებელია, ვინც ეს ბარიერი ვერ გადალახა.

სიტუაცია, რომ უმძიმესია, ამას ყველა ვხედავთ. მაგრამ ეს არ იყო მოულოდნელი. ვინაიდან რეფორმის დაწყებისთანავე ვინც ჩართული ვიყავით, ამ პროცესში ვიცოდით, რომ პედაგოგთა გარკვეული ნაწილი ვერ დააკმაყოფილებდა მოთხოვნებს სრულყოფილად.

ჩვენ არაერთი წინადადება შევთავაზეთ ამ  დროის განმმავლობაში განათლების სამინისტროს და ძალიან ბევრი მოთხოვნა რეფორმების განმავლობაში დაკმაყოფილებულია.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შეგვექმნა ისეთი პირობები და მასწავლებლების ისეთი საკანონმდებლო ბაზა, რომ პედაგოგს შეძლებოდა მაქსიმალურად გამოევლინა თავისი შესაძლებლობები და პროფესიული მხარდაჭერა ჰქონოდა, რეფორმების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე.

2010 წლიდან დაიწყო სერთიფიცირება. პედაგოგთა კომპეტენციების დადასტურების გამოცდების ვადები სამჯერ გახანგრძლივდა: 2015 , 2017 და 2019 წლებში. 2019 წელს მასწავლებლების ბოლო ვადად განისაზღვრა 2020 წლის იანვარი.

ბევრი შანსი ჰქონდათ, რომ დამატებითი აქტივობებით მოეპოვებინათ კრედიტ ქულები და ბევრმა მასწავლებელმა აიმაღლა კვალიფიკაცია.

50 ათასზე მეტი მასწავლებელი არის გამოცდებჩაბარებული. პედაგოგებში მუდმივად არის პროტესტი იმის გამო, რომ ზოგი ერთ კრედიტიანია და ზოგიც ათკრედიტიანი.

ამ ფონზე პროფკავშირი რომ გამოვიდეს ცალსახად და თქვას –  გამოცდები აღარ გვინდა, რა პასუხი უნდა გავცეთ იმ მასწავლებლებს, რომლებმაც გამოცდა ჩააბარეს?

რა უნდა ვუთხრათ მათ, რომ თქვენ ჩააბარეთ, ახლა უარვყოფთ გამოცდებსო? რა პასუხი გავცეთ იმ 50 ათასზე მეტ მასწავლებელს?

ამ სიტუაციაში ჩვენ შევთავაზეთ მასწავლებლებს, რომ სამინისტროს წინაშე დავაყენებდით თხოვნას, რომ კიდევ ერთ გამოცდა დაენიშნათ. 

ამაზე უკვე იყო კონსულტაციები, გვქონდა შეხვედრები სამინისტროში და პასუხი არ გვაქვს ამ ეტაპზე.

ჩვენ ინდივიდუალურად შევისწავლით მასწავლებლების შედეგები და ამ შედეგებში ვგულისხმობთ, ჯამში რამდენი კრედიტქულა აქვთ დაგროვილი.

ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შესასწავლია ის პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომელიც პრაქტიკული შედეგებით ახორციელებდნენ მრავალწლიან საქმიანობას. არიან მათ შორის პროფესიონალები.

ამასთან დაკავშირებით სკოლებმაც უნდა გასცენ რეკომენდაციები“. – ამბობს მაია კობახიძე.

 

სამსახურის გარეშე დარჩენილი მასწავლებლების მოთხოვნები

 

„მათი მოთხოვნა იყო, რომ კიდევ ერთი შანსი მიგვეცა, რომ გამოცდები ჩაბარდეს. შემდეგ უკვე ამ მოთხოვნებმა სხვა მასშტაბები მიიღო და პედაგოგთა გარკვეულმა ნაწილმა კატეგორიულად გადაწყვიტა – არა გამოცდებს.”

 

უგულებელყოფილია თუ არა სახელმწიფოს მიერ სასწავლებლის დიპლომი

 

„სასწავლებლის დიპლომი აღიარებულია და ამ დიპლომის მიხედვით დაიწყეს მათ მუშაობა. ამ დიპლომის წყალობით მიენიჭათ პედაგოგის სტატუსი. ეს არის რეგულირებადი პროცესი. მსოფლიოში ასეა აღიარებული. სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, მასწავლებელს მოსთხოვოს გამოცდის ჩაბარება.

მთავარი აქ რა არის – რეფორმების მიმდინარეობის დროს ძირითადი მიზანი არის სწავლის ხარისხის ამაღლება.  მასწავლებლები მუდმივ რეჟიმში ზრუნავენ პროფესიული განვითარებისათვის.

ამ პროცესში, მე პირადად თანახმა ვარ,  მასწავლებლების ყველა მოთხოვნა  მაქსიმალურად გავითვალისწინოთ და ერთად დავფიქრდეთ ამ უმთავრესი მიზნის მიღწევისას, ყოველგვარი ემოციების გარეშე, როგორ მოვძებნოთ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი. რა პასუხი გავცეთ 50 ათას პედაგოგს, მათაც უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი აქვთ და ისინი სკოლაში მრავალწლიანი შტაჟით არიან და სხვადასხვა აქტივობით.

მათ პრეტენზია ჰქონდათ, რომ გამოცდის დრო შემცირდა, თუმცა დროის შემცირებასთან ერთად შემცირდა საგამოცდო საკითხების რაოდენობაც.

გამოსავალზე, რომელზეც ვისაუბრე, პედაგოგთა გარკვეული ნაწილი არ ეთანხმება.

აზრი ორად არის გაყოფილი. პედაგოგების ნაწილი გამოცდას ითხოვს – კიდევ ერთხელ მიეცეთ შანსი და არის პედაგოგთა მცირე ნაწილი, რომელიც კატეგორიულად აცხადებს – არა გამოცდებს.

ამ შემთხვევაში, თანაბარი სიტუაციის შექმნა მნიშვნელოვანია -თანაბარ გარემოში ხომ უნდა იყვნენ მასწავლებლები.

50 ათასმა ჩააბარა და 3 ათასამდე ითხოვს – არა გამოცდებს,“- ამბობს კობახიძე.

 

ხომ არ შეიქმნება სკოლებში მასწავლებლების დეფიციტი

 

„კანონი არეგულირებს ამ საკითხს. სკოლას უფლება აქვს, გააგრძელოს შრომითი ხელშეკრულება პრაქტიკოს მასწავლებლებთან, სანამ სკოლაში არ შემოვა უფროსი წამყვანი, ან მენტორი მასწავლებელი. ასეთ შემთხვევაში დეფიციტი არ შეიქმნება.

თანაც ამ პედაგოგებს აქვთ კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ზაფხულში გამოცდებზე გავიდნენ, მაგრამ უნდა გადალახონ 60%-იანი ბარიერი.

რა თქმა უნდა, ეს რთულია, მაგრამ ამ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებები შედეგს არ მოგვცემს და ვერ მიდის ის პედაგოგის სასარგებლოდ. ასეთ შემთხვევაში პროფკავშირი ამზადებს ხუთწლიან გადამზადების სისტემას.

რაც შეეხება არაარგუმენტირებულ აქციას და პოპულისტურ მოთხოვნებს,

ვფიქრობ, ასე მასწავლებლებისთვის დადებით შედეგს ვერ მივიღებთ.

რეფორმის მიზანი, რომ მიღწეული იყოს, სახელმწიფო მათ ვალდებულებებს უწესებს, მაგრამ ამავე დროს ზრუნავს მათი პროფესიული განვითარებისათვის.

მხოლოდ 20 -30 წლის წინ მიღებული დიპლომით 21-ე საუკუნის მეთოდოლოგიის მასწავლებელი ვერ ასწავლის სკოლაში.

პროფესიული გადამზადების პროცესი ჩვენი მუდმივი მოთხოვნაა და მხოლოდ იმით არ შემოვიფარგლებით, რომ მასწავლებელმა ვალდებულებები შეასრულოს.

ამიტომ არის, რომ შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი უნდა მოიძებნოს და გვაქვს ჩვენი მონახაზი, რომელსაც სამინისტროსთან წარვადგენთ და უფრო ადმინისტრირებულად წავუყენებთ სამინისტროს.

კანონს უკუგება არ აქვს. ზაფხულში მოქმედი კანონი ვერაფრით შეიცვლება სექტემბერში და ოქტომბერში,“ – აცხადებს მაია კობახიძე სააგენტოსთან საუბარში.

შეგახსენებთ, სასერთიფიკაციო გამოცდები საქართველოში 2010 წელს დაწესდა. გადაწყდა, რომ 2012 წელს, ვისაც გამოცდა ჩაბარებული არ ექნებოდა სკოლას დატოვებდა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შემუშავდა განსხვავებული სქემა. იმ პერიოდში საგანთან ერთად მასწავლებლებს  უნდა ჩაებარებინა უნარჩვევები, რომელიც ამჟამად მოხსნილია და მასწავლებლები მხოლოდ იმ საგანში აბარებენ საკვალიფიკაციო გამოცდას, რომელსაც ასწავლიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები