LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

20 ფილმი, რომელმაც საუკეთესო კოსტუმებისა და დიზაინის ნომინაციაში ,,ოსკარი” მოიპოვა

915
FORTUNA. GE

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საუკუნეში მაყურებელმა უკვე არაერთი ფილმი იხილა, რომელსაც სხვებისაგან კოსტუმების შესანიშნავი დიზაინი, მაკიაჟი და ვარცხნილობები გამოარჩევს, თუმცა ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ,,ოსკარი” საუკეთესო კოსტუმებისა და დიზაინის ნომინაციაში მხოლოდ 20 მათგანს აქვს მოპოვებული. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა ისტორიული ჟანრისაა, თუმცა არის გამონაკლისებიც.

გადავხედოთ ჩვენი საუკუნის ყველაზე გამორჩეულ ფილმებს, რომლებიც ორიგინალური და თვალისმომჭრელი კოსტუმებით დაგვამახსოვრდა:

,,გლადიატორი” / Gladiator
2000 წელი

რიდლი სკოტის ეპიკური ფილმი, რომლემაც ,,ოსკარზე” 12 ნომინაცია და 5 ჯილდო მოიპოვა, ამ მხრივაც გამორჩეულია. ფილმის კოსტუმების დიზაინზე ჯენტი იეიტსი მუშაობდა, რომლის შთაგონების წყაროც ცნობილი ,,ტრაიანეს სვეტი” გახდა. სწორედ სვეტზე გამოსახული რომაელი მეომრების აღჭურვილობისა და სამოსელის შესაბამისად გამოაწყო იეიტსმა ფილმის გმირები.

,,მულენ რუჟი” / Moulin Rouge
2001 წელი

ფილმის მთავარ დიზაინერებთან, კეტრინ მარტინსა და არგუს სტრეთთან ერთად ,,მულენ რუჟის” კოსტუმებზე 80 დიზაინერი მუშაობდა, რომლებმაც ფილმისათვის 300 ორიგინალური კოსტუმი შექმნეს. ისინი მრავალფეროვნებით გამოირჩევა და ეპოქისათვის მაქსიმალურად შესაბამისი ქსოვილებით, ლენტებით და ბუმბულებითაა შექმნილი.

,,ჩიკაგო” / Chicago
2002 წელი

დიზაინერმა კოლინ ეტვუდმა ოსკაროსანი მიუზიკლის კოსტუმების გასაფორმებლად გადაწყვიტა ქალურ სამოსში მამაკაცური შტრიხები შეეტანა და გარდა ამისა, შეექმნა სამოსი, რომელიც მაქსიმალურად მიახლოვებული იქნებოდა ჯაზის ერის ესთეტიკასთან. კოსტუმების გასაფორმებლად მან ყვავილებიც გამოიყენა.

,,ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება” / The Lord of The Rings: Return of The King
2003 წელი

პიტერ ჯექსონი ტრილოგიის დასკვნითი ნაწილისათვის დიზაინერებმა, რიჩარდ ტეილორმა და ნგილა დიქსონმა კოსტუმების საოცარი რაოდენობა, 19 000 კოსტუმი დაამზადეს. ეს გასაკვირი არც არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ მხოლოდ ფროდოს 64 სახის სხვადასხვა სამოსი სჭირდებოდა, არაგორნს 32. განსაკუთრებულ აღტაცებას მაინც მუზარადები და სხვა აღჭურვილობა იწვევს. ყველაზე მარტივი აბჯრის დამზადებას 3 დღე სჭირდებოდა, მათ კი 13 000 აბჯარი დაამზადეს.

,,ავიატორი” / Aviator
2004 წელი

ფილმის მოქმედება ე.წ. ,,ტექნიკოლორ ერაში” ვითარდება და შესაბამისად, ფილმის კოსტუმებში მაქსიმალურადაა ასახული მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის კინემატოგრაფიული სტილი. მაშინ ეკრანზე ძირითადად წითელი, მწვანე და ლურჯი ფერები დომინირებდა, ამიტომ დიზაინერ სენდი პაუელს ბევრი არ უფიქრია იმაზე, თუ რა ფერებში იქნებოდა გადაწყვეტილი მის მიერ შექმნილი სამოსი, მიუხედავად ამისა, თითოეული კოსტუმის ფერები პაუელმა თავად შეარჩია, რადგან მას ამ პერიოდის მხოლოდ შავ-თეთრი ფოტოები ჰქონდა ნანახი.

,,გეიშას მემუარები” / Memoirs of a Geisha
2005 წელი

მიუხედავად იმისა, რომ ,,გეიშას მემუარებმა” კოლინ ეტვუდს კოსტუმების საუკეთესო დიზაინისათვის მეორე ,,ოსკარი” მოუტანა, კრიტიკის ქარცეცხლიც დაატყდა თავს. ტრადიციების მოყვარულ იაპონელებს ძალიან არ მოეწონათ ის ფაქტი, რომ ფილმში გამოყენებულ კოსტუმებს და ზოგადად გეიშების გარეგნობას არაფერი ჰქონდა საერთო ისტორიულ რეალობასთან. მიუხედავად ამისა, ეტვუდის კოსტუმებმა კინოაკადემიის აღიარება დაიმსახურეს.

,,მარია ანტუანეტა” / Marie Antoinette
2006 წელი

კიდევ ერთი ისტორიული ფილმი, რომლის კოსტუმებმაც კინოაკადემიის აღფრთოვანება დაიმსახურა, მიუხედავად იმისა, რომ როკოკოს სტილში შესრულებული ტანისამოსი ისტორიულად ავთენტური არ არის ეპოქისათვის. დიზაინერმა მილენა კანონერომ კოსტუმების უმეტესობისათვის პასტელის ფერები შეარჩია და არც უნანია.

,,ელისაბედი:ოქროს ხანა” / Elizabeth : The Golden Age
2007 წელი

ფილმში გამოყენებული ყველა კოსტუმი ელისაბედ დიდის ცხოვრების რომელიმე მნიშვნელოვან მოვლენას სიმბოლიზირებს. წითელი და ნარინჯისფერი მისი კორონაციის და მმართველობის სიმბოლოა,ზოგიერთ სცენაში კი, სადაც დედოფალი მოწყენილი ან აღელვებულია, დიზაინერმა ალექსანდრა ბირნმა მისი კაბები მომწვანო ტონალობებში გადაწყვიტა.

,,ჰერცოგის მეუღლე” / The Duchess
2008 წელი

დიზაინერმა მაიკლ ო’კონორმა ფილმისათვის იმდენი კოსტუმი შექმნა, რომ მათთვის გადასაღებ მოედანზე ცალკე ოთახის გამოყოფა გახდა საჭირო. ბევრი სხვა სტორიული ფილმისაგან განსხვავებით, ,,ჰერცოგის მეუღლეში” გამოყენებული ტანისამოსი მაქსიმალურად შეესაბამება იმ ხანას, რომელშიც ფილმის მოქმედება მიმდინარეობს.

,,ახალგაზრდა ვიქტორია” / The Young Victoria
2009 წელი

კრიტიკოსები ძალიან გაანაწყენა იმ ფაქტმა, რომ მიუხედავად ფილმის დიდი ბიუჯეტისა, მასში სპეცეფექტები საერთოდ არ ყოფილა. თუმცა ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი კოსტუმების დამზადებას მოხმარდა. სენდი პაუელმა და მისმა დამხმარეებმა დედოფალ ვიქტორიას 3 კაბის ზუსტი ასლი დაამზადეს კორონაციის, საქორწინო და სამგლოვიარო. თუმცა, სახალისო ფაქტია, რომ თითოეულმა კაბამ ეკრანზე მხოლოდ რამოდენიმე წუთი დაჰყო.

,,ალისა საოცრებათა ქვეყანაში” / Alice in Wonderland
2010 წელი

ფილმმა კოლინ ეტვუდს მესამე ოსკარი მოუტანა საუკეთესო დიზაინისათვის. ამ ფილში კოსტუმების თითოეულ დეტალს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომ ეტვუდმა ტიმ ბარტონის მითითებებეი მაქსიმალურად გაითვალისწინა.

,,არტისტი” / Artist
2011 წელი

2011 წლის საუკეთესო ფილმი შავ-თეთრი უხმო დრამაა, რომლის მთავარი მიზანიც მუნჯი კინოს ერისათვის პატივის მიგება გახლდათ. ფილმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო დეტალი სწორედ კოსტუმებია. მარკ ბრიჯისის მიერ შექმნილმა სამოსმა ისეთი აღფრთოვანება გამოიწვია, რომ კანის ფესტივალზე მას პუბლიკა 10 წუთის განმავლობაში ფეხზე მდგომი უკრავდა ტაშს.

,,ანა კარენინა” / Anna Karenina
2012 წელი

დიზაინერმა ჟაკლინ დურანმა ფილმისთვის კოსტუმების შესაქმენლად გულდასმით შეისწავლა 1850-იანი წლების ფოტოები და მაშინდელი კაბების მკაცრი,თუმცა რომანტიკული იერი ფილმში გადმოიტანა.

,,დიდი გეტსბი” / The Great Gatsby
2013 წელი

საინტერესოა, რომ ,,დიდი გეტსბის” პირველმა ეკრანიზაციამ, რომელიც 1974 წელს გამოვიდა, ასევე მოიპოვა ოსკარი საუკეთესო კოსტუმებისათვის. 2013 წლის ფილმისათვის კოსტუმების შექმნაზე კი დიზაინერ კეტრინ მარტინთან Prada, Tiffany & Cо. და Brooks Brothers თანამშრომლობდნენ. ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ,,დიდი გეტსბი” არაერთი დიზაინერის შთაგონების წყაროდ იქცა, რომლებმაც შემდეგ ფილმის სტილში კოლექციები გამოუშვეს.

,,სასტუმრო “გრანდ ბუდაპეშტი” / The Grand Budapest Hotel
2014 წელი

მიუხედავად იმისა, რომ ფილმის მოქმედება ირონიულ უტოპიაში ვითარდება, კოსტუმები რომელიღაც ზღაპრიდან გადმოტანილს მოგაგონებთ. დიზაინერმა მილენა კანონერომ ტანისამოსის უდიდესი ნაწილი 5 ძირითად ფერში შექმნა. ესენია: წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, ოქროსფერი და იისფერი.

,,შეშლილი მაქსი, მრისხანების გზა” / Mad Max: The Fury Road
2015 წელი

მიუხედავად იმისა, რომ პოსტ-აპოკალიპტურ თრილერში პერსონაჟები ძირითადად ჭუჭყიანი ქსოვილის ნაგლეჯებით არიან შემოსილი, საუკეთესო დიზაინერისათვის განკუთვნილი ოქროს ქანდაკება სწორედ ფილმის კოსტუმების დიზაინერს, ჯენი ბივენს გადაეცა.

,,ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი” / Fantastic Beasts and Where to Find Them
2016 წელი

კოლინ ეტვუდმა მესამე ოქროს ქანდაკება სწორედ ჰარი პოტერის ჯადოსნურ სამყაროზე დამაჯერებლად მორგებით მოიპოვა. ფილმის ძირითადი კოსტუმი მთავარი გმირის, ნიუტ სკამანდერის პალტოა, რომელიც მუქი ლურჯი ფერისაა. ფილმისთვის 12 იდენტური პალტო დაამზადეს. ზოგადად კოსტუმები კი 1920-იანი წლების სტილშია შექმნილი.

,,უხილავი ძაფი” / Phantom Thread
2017 წელი

ფილმის მოქმედება მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში მიმდინარეობს, მარკ ბრიჯისს კი ისტორიული აკურატულობის დაცვა ძალიან უყვარს.მაშინდელ მსოფლიოში მოდის ყველაზე პოპულარული ცენტრები ლონდონი და პარიზი იყო. ბრიჯესმა საგანგებოდ ფილმისათვის უცნობი ფრანგი და ინგლისელი დიზაინერების ნამუშევრები შეისწავლა, რომლებიც მის შთაგონების წყაროდ იქცნენ.

,,შავი პანტერა” / Black Panther
2018 წელი

“მარველ სტუდიოს” ყველაზე წარმატებული ფილმის კოსტუმებზე დიზაინერი რუთ კარტერი მუშაობდა, რომელმაც წარმატებულად მოახერხა სუპერგმირების კოსტუმების, ფუტურისტული ელემენტების და აფრიკული ნაციონალური სამოსის შერწყმა. კარტერის თქმით, მან ყურადღებით შეისწავლა აფრიკული პირსინგისა და ტატუს ხელოვნების ამსახველი ფოტომასალაც.

,,პატარა ქალბატონები” / Little Women
2019 წელი

დიზაინერმა ჟაკლინ დურანმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ დები მარჩების კოსტუმების შთაგონება მისთვის 1850-იანი წლების ცნობილი ნახატები გახდა. გარდა ამისა, იგი ეცადა, რომ თითოეული პერსონაჟის კოსტუმებზე მხოლოდ ამ პერსონაჟისათვის დამახასიათებელი ინდივიდუალური შტრიხები დაეტანა.

პოპულალურები