ვებსაიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს და თბილისის მერიის მხარდაჭერით, 28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით თბილისი რიგით 22-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალს წარადგენენ “ისთერნ ფრომოუშენსი” და “თიბისი ბანკი”.

ჯაზფესტივალის ჰედლაინერია 20 “გრემის” მფლობელი, ბრწყინვალე ამერიკელი გიტარისტი და კომპოზიტორი პეტ მეთინი (Pat Metheny).

ის საქართველოში ორ კონცერტს გამართავს, პირველი 1-ელ მარტს, ივენთ ჰოლის სცენაზე ჩატარდება, სადაც შესანიშნავი მუსიკოსი ტრიოს შემადგენლობაში წარდგება დერეკ ოლეჟკიევიჩთან და ჯონათან ბარბერთან ერთად, 2 მარტს კი, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მეთინისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი შედგება.

ჯაზფესტივალის ბილეთების შეძენა 6 თებერვლიდან საიტზე tkt.ge შეგიძლიათ. კონსერვატორიის კონცერტზე ბილეთების ფასი 5,10 ლარი იქნება, 1-ელი მარტის კონცერტზე 60 ლარი, ხოლო დიდი საკონცერტო დარბაზის ბილეთის შეძენა, 2 მარტის ღონისძიებაზე 50-100 ალრის ფარგლებში შეგეძლებათ.

ჯაზფესტივალი 28 თებერვალს კონსერვატორიის დიდ დარბაზში Tbilisi Big Band & New Jazz Generation-ის ახალი პროექტით გაიხსნება.

ამ წუთებში თიბისი ბანკის ცენტრალურ შენობაში ჯაზფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია მიმდინარეობს.

სოფიო ხუნწარია, თბილისის მერის მოადგილე:

თბილისი აუცილებლად გახდება რეგიონში კულტურული დედაქალაქი. ჩამოდის ლეგენდარული მუსიკოსი, გიტარისტი, პეტ მეთინი. 15 წელი ელოდებოდნენ მელომანები, რომ ის თბილისის ცის ქვეშ დაუკრავდა.

წელს მნიშვნელოვან ტრადიციას ჩაეყრება საფუძველი, თბილისის ბიგ ბენდთან ერთად დაუკრავენ კონსერვატორიის სტუდენტები და სწორედ ისინი გახსნიან წლევანდელ თბილისის ჯაზფესტივალს, რომელიც, თავისთავად, ძალიან დიდი დღესასწაულია.

ლევან ხარატიშვილი, კულტურის მინისტრის მოადგილე:

ლეგენდარული პეტ მეთინი საქართველოში – ალბათ, განსაკუთრებული ახსნა არ სჭირდება, რაოდენ მნიშვნელოვანია ამ ვარსკვლავის საქართველოში სტუმრობა. 22 წელია, ეს ფესტივალი მიმდინარეობს, სათავეს საბჭოთა კავშირის პერიოდიდან იღებს და პეტ მეთინის სტუმრობა იმის აღიარებაა, რომ საქართველოში ამ მიმდინარეობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ჩვენთვის დიდი პატივია ჯაზფესტივალის ხელშეწყობა და ეს ტრადიციად დამკვიდრდა.

ნინო გეგიძე, თიბისი ბანკის მარკეტინგის დირექტორი:

თბილისის ჯაზფესტივალი არის ნამდვილი, დახვეწილი, გემოვნებიანი მუსიკის ზეიმი. ამ ფესტივალის გამოა მონიშNული საქართველო ჯაზის მსოფლიო რუკაზე. წელს მნიშვნელოვანია პეტ მეთინის სტუმრობა და ასევე ჯაზფესტივალში სტუდენტების ჩართულობა. ჩვენთვის დიდი პატივია ამ ფესტივალის მხარდაჭერა.

გიორგი კერესელიძე, „ისთერნ ფრომოუშენსის“ დირექტორი:

ძალიან დიდი ხნის ნატვრა ავისრულეთ, პირადად ჩემი, როგორც ამ მუსიკოსის თაყვანისმცემლის, ასევე მთელი საქართველოსი. ალბათ, დაუვიწყარი კონცერტები შედგება. ლეგენდარული პეტ მეთინი თბილისში ხუთ დღეს დაჰყოფს და წარმოგვიდგენს ორ განსხვავებულ პროექტს, ერთ ტრიოს შემადგენლობაში, მეორეს – თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, რომელსაც მაესტრო ვახტან კახიძე უდირიჟორებს. ორკესტრი უკვე ემზადება ამ კონცერტისთვის, მიმდინარეობს მუშაობა. ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება ძალიან განსხვავებული და ექსკლუზიური კონცერტი, რომელიც საქართველოში გაიმართება.

 

ნინო მურღულია

მსგავსი თემები