LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წელს სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტში ჯარისკაცებად 8 521 ბავშვი გამოიყენეს: გაერო

60
1

გასული წლის განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა შეიარაღებულ კონფლიქტში მებრძოლად 8 521 ბავშვი გამოიყენეს.

ოფიციალური მონაცემები გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა წარადგინა.

❗  2020 წლის განმავლობაში, დაიღუპა კონფლიქტში მონაწილე 2 700 არასრულწლოვანი. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო 5 748-მა მოზარდმა.

გენერალური მდივნის ანგარიში მოიცავს სტატისტიკურ მონაცემებს ბავშვების მკვლელობის, დასახიჩრების, სექსუალური ძალადობის, გატაცებისა და დაქირავების შესახებ.

გუტერეში საუბრობს ათიათასობით არასრულწლოვანზე, რომელიც კონფლიქტის შედეგად პირველადი დახმარებისა და განათლების მიღების გარეშე დარჩა.

❗  გასული წლის განმავლობაში, 21 კონფლიქტის დროს, დაირღვა 19 379 მოზარდის უფლებები. ეს რიცხვი კი ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება – სომალი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ავღანეთი, სირია და იემენი.

გაეროს მოხსენებაში ყურადღება გამახვილებულია “შავი სიის” ქვეყნებზე. მასში შესულია სახელმწიფოები, სადაც არასრულწლოვნების უფლებები ირღვევა. მსოფლიოს სხვადასხვა ჰუმანიტარული ორგანიზაცია მოუწოდებს აღნიშნული სახელმწიფოების ლიდერებს, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ძალისხმევა გააძლიერონ.

“შავ სიაში” სადავოა ისრაელისა და საუდის არაბეთის ყოფნა, დიპლომატები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ამ სახელმწიფოებმა გააძლიერეს ზეწოლა, რათა არ ჰქონოდათ “სამარცხვინო სტატუსი”. ოფიციალურად ისრაელი სიის წევრი არასდროს ყოფილა, ჩამონათვალს 2020 წელს გამოეთიშა საუდის არაბეთი, იემენი კი ბავშვების მკვლელობისა და დაჭრის გამო პირველად დასახელდა “შავი სიის” ქვეყნებს შორის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები