23 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მათთვის, ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის, მიუღებელია გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის, ნინო წილოსანის, ბოლოდროინდელი პოლიტიკური ქმედებები და განცხადებები, რომლებიც მათი შეფასებით, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს, დისკრიმინაციულია და აღვივებს ძალადობას.
განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ არსებული თავმჯდომარის პირობებში გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობა ამოწურულია.
„ნინო წილოსანი არის 78 დეპუტატთაგან ერთ-ერთი, რომელმაც დაჩქარებული წესით ხმა მისცა რუსული კანონის ანალოგს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ”, რომლის მთავარი მიზანიც არასამთავრობო სექტორის მარგინალიზაცია და დევნა იყო. გასული წლის მიწურულს მან მხარი დაუჭირა და წარმატებულ ინიციატივად შეაფასა „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია”, რომელიც გენდერულად არამგრძნობიარე და არაინკლუზიური დოკუმენტია, უკიდურესად ვიწროდ განიხილავს გენდერს და აიგივებს სქესთან.
ამა წლის 27 ივნისს კი ნინო წილოსანმა პარლამენტის ტრიბუნიდან თანაპარტიელ კაცებს დეპუტატი ანა წითლიძის მიმართ ძალადობისკენ მოუწოდა, კერძოდ, მან განაცხადა: „ქალბატონმა ანა წითლიძემ მამუკა მდინარაძის და ბექა ოდიშარიას დაპირება გაიხსენა და მე დარწმუნებული ვარ, რომ მამუკაც და ბექაც თავის დაპირებას აუცილებლად შეასრულებენ მათ მიმართ, ვინც გაბედავს და პრორუსებს დაგვიძახებს.” აქვე შეგახსენებთ ოდიშარიას ციტატას: „ჩვენ ვინც პრორუსს დაგვიძახებს, მიიღებს ცხვირ-პირში“ — წერია განცხადებაში.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ არსებული თავმჯდომარის პირობებში გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობა ამოწურულია. შესაბამისად, NGO-ები ნინო წილოსან მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ დატოვოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებში მოითხოვენ, რომ გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის არსებითია მის ხელმძღვანელად დაინიშნოს ადამიანი, ვინც არა მხოლოდ დეკლარირებულად, არამედ საქმით ემსახურება თანასწორობისა და თანასწორუფლებიანობის იდეებს.
განცხადებაზე ხელისმომწერი ორგანიზაციები:
ქალთა მოძრაობა
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) – საქართველო
ქალების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის (ფემეა)
თბილისი პრაიდი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
თანასწორობის მოძრაობა
ქალთა ფონდი საქართველოში
ქალები საქართველოდან
საფარი
რაჭის სათემო ორგანიზაცია
ახალგაზრდა ფემინისტები
GrlzWave
ფემინა
ღია სივრცე კავკასია
ქალი და განვითარება
ფემინისტური ინიციატივების ფონდი
მწვანე ალტერნატივა
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
სოციალური სამართლიანობის ცენტრი
უფლებები საქართველო
