24 წლის თამარ ლეკვეიშვილი პროფესიით ელექტროინჟინერია და “ენერგო პრო-ჯორჯიაში” მუშაობს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად იმსხვრევა სტერეოტიპები. ალბათ, ბევრს გაუკვირდება, როგორ შეიძლება ქალმა იმუშაოს მსგავს პოზიციაზე, თან ასეთმა პატარამ, მაგრამ… დიახ, ყოველდღე მტკიცდება ქალის როლი და ძალა სხვადასხვა სფეროში.

ჩვენი რესპოდენტი იმერეთში გაიზარდა. კერძოდ, სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში. მშობლებთან და და-ძმასთან ერთად ცხოვრობდა. ამბობს, რომ სიყვარულით სავსე ბავშვობა ქონდა. განსაკუთრებულად უყვარდა დედის დახმარება და-ძმის აღზრდაში.

რაზე ოცნებობდი ბავშვობაში?

პატარაობიდან დამოუკიდებლობა მომწონდა. ვოცნებობდი, რომ დამოუკიდებელი წარმატებული ქალი ვყოფილიყავი და საკუთარი ბიზნესი მქონოდა.

 ელექტროინჟინერი ხარ. რატომ აირჩიე ეს პროფესია?

მამა ელექტროინჟინერია და ბავშვობიდან მომწონდა ეს საქმე. მაშინაც და ახლაც მიმაჩნია, რომ საქართველოში ენერგეტიკას დიდი მომავალი აქვს. თან დასაქმების მხრივ საკმაოდ პერსპექტიულია. როდესაც პროფესიას ვირჩევდი, ვიცოდი, რომ აქ ბევრ გოგონას ვერ შევხვდებოდი, მაგრამ ამ დარგში კვალიფიკაციურ კადრებზე მზარდმა მოთხოვნამ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში დამარწმუნა.

ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ შენ გადაწყვეტილებას?

თავიდან ცოტა გაუკვირდათ, მაგრამ  წინააღმდეგობა არავის გაუწევია. პირიქით, ყველა გვერდში დამიდგა და მგულშემატკივრობდნენ.

რისი გაკეთება გიწევს ყოველდღე, როგორია შენი ჩვეულებრივი დღე?

ჩემი ყოველდღიური საქმიანობა თანამშრომლებისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით ინსტრუქტაჟის ჩატარებას მოიცავს. სამუშაო პროცესში რისკების შეფასებას, კონტროლს და უსაფრთხოების წესების დაცვას. ასევე, დოკუმენტების მოწესრიგებას და საწყობში არსებული მასალების კონტროლს.

რამდენად რისკიანია შენი პროფესია?

ენერგეტიკა საკმაოდ რისკის შემცველი დარგია. აქ ისეთი სამუშაოები სრულდება, რომლებიც მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშ პირობებიან სამუშაოებს მიეკუთვნება. ამიტომ, საჭიროა შრომის უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფა საქმიანობის ყველა სფეროში, რისკ-ფაქტორების გამოვლენა და შემცირება, პროცესების მუდმივი მონინტორინგი, სწავლების, ინსტრუქტაჟის სამუშაო პირობებისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფა.

ბევრი გოგოა ამ მიმართულებით დასაქმებული?

ბიჭების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, გოგონების რაოდენობა მცირეა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მომავალი თაობის გოგონებში უფრო მეტ ინტერესს იწვევს ენერგეტიკა, რადგან საკმაოდ პერსპექტიული და განვითარებადი დარგია.

როგორ ფიქრობ, როგორი იქნება შენი ცხოვრება წლების შემდეგ?

ამის წინასწარ განსაზღვრა ცოტა რთულია, რადგან არავინ ვიცით ცხოვრება რას გვიმზადებს. თუმცა, ჩემი სურვილია, რომ წლების შემდეგ, ჩემივე პროფესიაში შემდგარი და წარმატებული ადამიანი ვიყო.

რას ურჩევ ახალგაზრდებს, თანატოლებს ან მათ ვისაც ჯერ პროფესია არ აურჩევია?

ვურჩევ, რომ პროფესია სტერეოტიპებით არ აირჩიონ. გულის კარნახს მიჰყვნენ და გენდერის მხრივ არ განსაჯონ, რადგან მიმაჩნია, რომ არ არსებობს ქალისა და მამაკაცის პროფესია. ყველაფერი ბოლომდე ჩვენზეა დამოკიდებული. ნებისმიერ სფეროში შეგვიძლია წარმატების მიღწევა.

 

მსგავსი თემები