LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

26 რამ, რაც კარანტინის დროს გაგართობთ და უფრო პროდუქტიულს გაგხდით

559
productive-things-to-do-t

ბევრი ჩვენგანი უკვე დაახლოებით ორი თვეა სახლშია და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობა სახლიდან მუშაობს, მათ მაინც იმაზე მეტი თავისუფალი დრო აქვთ, ვიდრე აქამდე ჰქონიათ. უკვე თითქმის ყველაფერს უყურეთ Netflix-ზე და აღარ გსურთ კიდევ რამოდენიმე თავისუფალი საათი გაატაროთ დივანზე? ფილმების ყურება ერთადერთი არ არის, რითიც კარანტინის პირობებში გართობა შეიძლება. თქვენ შეგიძლიათ სხვა აქტივობებითაც დაკავდეთ, რომლებიც გართობის გარდა უფრო პროდუქტიულს გაგხდით და შეგძენთ ისეთ უნარებს, რომლებიც აქამდე არ გქინდათ. გამოიყენეთ თავისუფალი დრო მაქსიმალურად სასარგებლოდ, ამისთვის არაერთი გზა არსებობს.

1. ისწავლეთ ახალი უცხო ენა

რომელ ჩვენთაგანს არ აქვს სურვილი ახალ უცხო ენას დაეუფლოს? თუმცა დაკავებული გრაფიკის გამო, დიდი ალბათობით აქამდე ამისთვის ვერ მოიცალეთ. სამაგიეროდ კარანტინის პირობებში შეგიძლიათ ამ საჭირო და სახალისო საქმეს თავი მოაბათ, მით უმეტეს რომ არსებობს არაერთი აპლიკაცია, რომელთა დახმარებითაც უცხო ენის უფასოდ შესწავლაა შესაძლებელი. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თუნდაც Duolingo და რასაკვირველია არაერთი ძალიან სასარგებლო Youtube ვიდეო.

2. გაიუმჯობესეთ კულინარიული უნარები

გემრიელად ჭამა უყვარს ყველას და ალბათ ყველა ადამიანს შეუძლია გემრიელად ერთი, თავისი საყვარელი კერძი მაინც მოამზადოს. შეგიძლიათ მარტივი რეცეპტებით დაიწყოთ და ვინ იცის, იქნებ თქვენში დამალული კულინარიული ტალანტიც აღმოაჩინოთ? ეს თქვენს გარდა თქვენი ოჯახის წევრებს და მეგობრებსაც ძალიან გაუხარდებათ.

3. დაეუფლეთ ფრჩხილების მოვლის ხელოვნებას

თუ ქალბატონი ბრძანდებით, სილამაზის სალონების დახურვა განსაკუთრებით შეგაწუხებდათ. მით უმეტეს, რომ ჯერ ზუსტად ისიც არ ვიცით, როდიდან შევძლებთ სალონში მანიკურის გაკეთებას. თუმცა შეგიძლიათ კარანტინის პირობებში ისწავლოთ არა მხოლოდ ფრჩხილების მოვლა, არამედ მათი მოხატვის ხელოვნება. შედეგად შესაძლოა სალონში წასვლა აღარასდროს მოგინდეთ.


4. მოაწესრიგეთ თქვენი გარდერობი

ჩვენს უმეტესობას გარდერობში ერთი კაბა ან სვიტერი მაინც აქვს, რომელზეც იცის, რომ აღარასოდეს ჩაიცვამს. თუმცა ეს სამოსი მაინც იკავებს ადგილს ჩვენი ტანსაცმლის კარადებში, რომელთა საფუძვლიანად მოწესრიგების დროც ხშირად არ გვაქვს. კარანტინი გამონაკლისია. შეგიძლიათ დრო დაუთმოთ გარდერობის მოწესრიგებას. გაათავისუფლეთ კარადები ზედმეტი ნივთებისაგან. შესაძლებლობა გექნებათ ერთდროულად ორი სიკეთე გააკეთოთ – მისცეთ ტანსაცმელი მათ, ვისაც ის უფრო სჭირდება და საკუთარი კარადაც მოაწესრიგოთ.

5. მოაწესრიგეთ ფოტოები

ჩვენს უმეტესობას სახლში უამრავი ფოტო აქვს, რომლებიც ალბომში ჩაკრული არ არის ან ქაოტურადაა განლაგებული. შეგიძლიათ მოაწესრიგოთ საოჯახო ან პირადი ფოტოალბომი და გარდა იმისა, რომ წესრიგს დაამყარებთ, თვალწინ არაერთი ბედნიერი მოგონება გაგიცოცხლდებათ, რომლებიც შესაძლოა ამ წუთას არც გახსოვთ.


6. ისწავლეთ კოქტეილების კეთება

თუ კოქტეილების დალევა გიყვართ, ეს ძალიან სასარგებლო უნარი იქნება. მოიშველიეთ ონლაინ-ტუტორიალები და კარანტინის შემდეგ, როდესაც ცხოვრება ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება არა მხოლოდ თქვენი თავისთვის შეძლებთ “მარგარიტას”, “მანჰეტენის” ან “ესპრესო მარტინის” მომზადებას, არამედ მეგობრებსაც უმასპინძლებთ.


7. შეადგინეთ პოსტ-კარანტინული პერიოდის გეგმა

იფიქრეთ ყველა იმ პოზიტიურ მოვლენაზე, რომლებიც შეიძლება კარანტინის შემდეგ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. იფიქრეთ იმაზე, თუ რა გსურთ მას შემდეგ რაც გარეთ თავისუფლად გასვლას შეძლებთ. რას გააკეთებთ პირველად? მოგზაურობა გინდათ? იქნებ საყვარელ კაფეში საყვარელი ნაყინის გასინჯვას ან ახალი წიგნის ყიდვას გეგმავთ? შეადგინეთ მომავლის სასიამოვნო გეგმების სია.

8. ისწავლეთ ჟესტების ენა

აბსოლუტურად უნიკალური ენა, რომლის სწავლაც შეიძლება თავიდან ცოტა რთული მოგეჩვენოთ, თუმცა ინტერნეტში არსებული დამხმარე მასალების წყალობით, შესაზლოა მას პროფესიონალურ დონეზეც კი დაეუფლოთ.

9. შეაკეთეთ თქვენი ტანსაცმელი

თქვენი საყვარელი პალტო ერთგან სიგარეტით ამოიწვა ან თქვენს საყვარელ პერანგს ღილი ასწყდა? ამის შემდეგ თქვენ ისინი კარადაში დაკიდეთ და დაივიწყეთ? ახლა შესაძლებლობა გეძლევათ საყვარელი ტანისამოსი შეაკეთოთ, შემდეგ კი კიდევ შეძლებთ მათ ჩაცმას.

10. ისწავლეთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა

მოეშვით კლავიატურას და ხელში აიღეთ გიტარა, რომელიც ღმერთმა უწყის რამდენი ხანია გაქვთ. შეგიძლიათ მტვერი გადაწმინდოთ პიანინოს, რომელიც აქამდე მდუმარედ იდგა თქვენს მისაღებში. ინტერნეტი ამ შემთხვევაშიც შეუცვლელი მასწავლებლის როლში მოგვევლინება. არ დანებდეთ, ვიდრე თქვენი სახლი მუსიკით არ აივსება.

11. გახდით ღვინის ექსპერტი

გაიგეთ მეტი თქვენს საყვარელ ღვინოებზე, გაეცანით მათ ისტორიას და დამზადების ტექნოლოგიას, ეს საინტერესოა.

12. განაახლეთ თქვენი CV და პროფესიული ანგარიშები

დაამატეთ მათში ინფორმაცია თქვენს გამოცდილებასა და პროფესიონალურ უნარებზე. შესაძლოა აქამდე ძალიან მოუცლელი იყავით საიმისოდ, რომ CV-ში ან LinkedIn-ის პროფილში შეგეტანათ ცნობები ახალი სამსახურის ან ბოლო დროს გავლილი საინტერესო სასერტიფიკაციო კურსის შესახებ.

13. დაწერეთ ნოველა

თუკი ოდესმე მაინც მიგაჩნდათ, რომ წერა შეგიძლიათ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებდით, ახლა შეგიძლიათ სცადოთ. რატომაც არა? ეს საინტერესო იქნება და თანაც, წერა ერთგვარი თერაპიაა, რაც სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.


14. დაიწყეთ ბლოგის წერა

თუ ნოველა კარგად გამოვა, უკვე ბლოგის ცდაც შეიძლება. რატომაც არა? რას კარგავთ? ყველაზე უარესი რაც შეიძლება მოხდეს ისაა, რომ ბლოგი პოპულარული არ გახდეს, ესაა და ეს. ეს კი არ უნდა იყოს იმის მიზეზი რომ წერა შეწყვიტოთ, თუ ეს მოგწონთ და მიგაჩნიათ, რომ გამოგდით კიდეც.

15. ივარჯიშეთ

გენატრებათ სავარჯიშო დარბაზი? რასაკვირველია სახლის პირობებში იმავე დატვირთით ვერ ივარჯიშებთ, თუკი სპეციალური ტრენაჟორები არ გაქვთ, მაგრამ მაინც არის გარკვეული ვარჯიშები, რომელთა შესრულებაც დამოუკიდებლადაც ეფექტური იქნება. დაუთმეთ ვარჯიშს კვირაში ერთი დღე მაინც, მით უმეტეს, თუ აქამდე აქტიურად ვარჯიშობდით.

16. იმუშავე ბაღში
თუ გაგიმართლათ და ეზო გაქვთ, აუცილებლად უნდა სცადოთ მებაღის როლის მორგება, მით უმეტეს ახლა, როცა გაზაფხულია. გადარგეთ რამოდენიმე მცენარე და შესაძლოა ეს თქვენს საყვარელ საქმიანობად იქცეს, თქვენი ბაღი კი ადგილად, სადაც ყველაზე დიდ დროს გაატარებთ.

17. შეაკეთეთ ავეჯი

მოგწყინდათ სკამის ყურება, რომლესაც საღებავი გადასძვრა? დიდი ხანია ფიქრობთ, რომ წიგნების თაროს ლაქის ერთი ფენის გადასმა არ აწყენს? ახლა ამისთვის დრო ნამდვილად გაქვთ. საყვარელი ნივთების შეკეთების პროცესი სახალისოა და თან მათ სრულიად ახალ სიცოცხლეს შთაბერავს.

18. ისწავლეთ პროგრამირება

ციფრულ ეპოქაში, სადაც ინტერნეტი და კომპიუტერული პროგრამები სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება, მათი ცოდნა დიდ უპირატესობას მოგანიჭებთ. ასე რომ ყურადღებას ნუ მიაქცევთ ტექნოფობიურ ტენდენციებს და კომენტარებს, სწავლა კი მარტივი პროგრამებით დაიწყეთ.

19. ისწავლეთ კალიგრაფია

თუკი დაგაინტერესებთ, კალიგრაფიის შესწავლის პროცესი თქვენთვის ძალიან სახალისო შეიზლება გახდეს, ერთ დღესაც კი უბრალო ნაწერის ხელოვნების ნიმუშად გადაქცევასაც შეძლებთ.

20. აწარმოეთ დღიური

ეს შესანიშნავი თერაპიაა. მასში შეგიძლიათ ჩაწეროთ ნებისმიერი რამ, რაც გინდათ და როცა გინდათ. შესაძლოა დღიურში თქვენი საუკეთეო იდეები მოხვდეს, რომლებსაც იმ წუთას ყურადღებას არ მიაქცევთ, შემდეგ კი თავიდან აღმოაჩენთ. ასე რომ დღიურს დიდი სამსახურის გაწევა შეუძლია თქვენთვის. ჩაწერეთ ყველაფერი, რაც გინდათ. როგორი დღე გქონდათ, რა გაწუხებთ, რას გეგმავთ. დღიური თქვენი მეგობარია.

21. დაალაგეთ სამზარეულო

შეიძლება სამზარეულო თქვენს სახლში უფრო პატარაა, ვიდრე მისაღები ან საძინებელი,თუმცა იქ უამრავი ნივთი ინახება, თავისუფალი დრო კი შეგიძლიათ მათ დასალაგებლად და გასასუფთავებლად გამოიყენოთ. მოაწესრიგეთ ჭურჭელი, დაალაგეთ სანელებლები, შეამოწმეთ პროდუქციის ვადები. სუფთა სამზარეულო- სუფთა გონებაა.

22. გარეცხეთ მაკიაჟის ფუნჯები

ჩვენი უმეტესობა მაკიაჟის ფუნჯებს საჭირო სიხშირით ვერ აწესრიგებს, თუმცა ეს ახლა განსაკუთრებით საჭიროა. მაკიაჟის ფუნჯებზე ხომ კოსმეტიკის გარდა კანის მკვდარი უჯრედები და ბაქტერიები რჩება. გარეცხეთ და კარგად გააშრეთ თქვენი ფუნჯები, ამისთვის ახლა უამრავი დროა.

23. უყიდეთ საყვარელ ადამიანს საჩუქარი

ჩვენთვის საყვარელი ბევრი ადამიანი ამ დროის განმავლობაში არ გვინახავს, მათ მხოლოდ ონლაინ ვეკონტაქტებით. კარანტინის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო რამ სწორედ მათი ნახვა იქნება, თუმცა იქამდე, ვიდრე ეს დღეები დადგება, ჩვენი საყვარელი ადამიანებისათვის სიმბოლური საჩუქრების გაგზავნა და მათი გახარება შეგვიძლია. მით უმეტეს, რომ ბევრი ადამიანისათვის საჩუქრების შერჩევის პროცესი ისეთივე სასიამოვნოა, როგორც საჩუქრების მიღება.

24. იმოგზაურეთ ვირტუალურად

პანდემიის ფონზე ინტერნეტში გაჩნდა არაერთი შესაძლებლობა, ონლაინ-მოვინახულოთ პლანეტის ყველაზე საოცარი ადგილები, საუკეთესო მუზეუმები თუ ძველი სასახლეები. ვირტუალური ტურების უმეტესობა აბსოლუტურად უფასოა, ასე რომ, ამ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ.

25. გაიარეთ ონლაინ-კურსი

უფასო ვირტუალური ტურების პარალელურად, არაერთმა სასწავლო თუ სამეცნიერო დაწესებულებამ მსურველებს უფასოდ შესთავაზა აქამდე ძვირადრირებული ონლაინ-კურსების გავლა. ეს თქვენი შანსია. მოძებნეთ თქვენთვის საინტერესო კურსი და ნახეთ, იქნებ ისიც იმ კურსების სიაშია, რომლებსაც დღესდღეობით სრულიად უფასოდ გვთავაზობენ?

26. დახატეთ სურათი

ბავშვობაში ალბათ ყველას გვიყვარდა ხატვა და დროა, შინაგანი ბავშვი გამოვაღვიძოთ ჩვენში. შეგიძლიათ დახატოთ ფანქრებით, ან შეიძინოთ აკვარელი და ფუნჯები. ხატვა თერაპიის ერთ-ერთი სახეობა და სტრესისაგან გათავისუფლების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა, მით უმეტეს რომ ჩვენ, როგორც არაპროფესიონალებს, ვერავინ გაგვაკრიტიკებს. მიეცით გზა პატარა ხელოვანს, რომელიც თქვენშია და ვინ იცის, იქნებ ფარული ნიჭიც აღმოაჩინოთ თქვენს თავში…

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები