LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იცით რა ხდება ჩემს პატარა საკანში? – გიგა მაქარაშვილის წერილი იზოლატორიდან

689
BeFunky-collage (13)

აქტივისტი გიგა მაქარაშვილი გორის იზოლატორიდან წერილს აგზავნის. აღნიშნული წერილი დღეს აქციაზე სალომე ბარკერმა მომიტინგეებს წაუკითხა.

„მოგესალმებით თავისუფლებისთვის მებრძოლებო!

პირველად ხდება, როცა ასეთი ძნელბედობის ჟამს თქვენ გვერდით არ ვარ. გული ხელით მიჭირავს მაგრამ ახლა, როცა ამ სიტყვებს ისმენთ, მე ჩემს პატარა საკანში ფეხზე ვდგავარ და იმ ცას ვუყურებ, რომლის ქვეშაც თქვენ დგახართ მხარდამხარ, ასე ვიდგები გვიან ღამემდე, იმ იმედით რომ ყველანი ერთხელ მაინც აიხედავთ ზევით და წამით მაინც შემაძლებინებთ თქვენს შორის დგომას.

აღსასრული იგრძნო დამპალმა ოლიგარქმა და ხედავთ როგორ აქტიურად დაიწყო რეპრესიები. მე ყველაზე მეტად მსჯის, ყველაზე დიდხანს მაყურყუტა პოლიციაშიც, დროებითი დაკავების იზოლატორშიც, სასამართლო ფოიეშიც, მის საკანშიც, მერე პოლიციის მანქანაშიც. საბოლოოდ კი გორშიც გამამწესა.

მაგრამ ახლა, როცა ამ წერილს ვწერ, იცით რა ხდება ჩემს პატარა საკანში? 50-მდე პაკეტი დევს სასმელ-საჭმელით, 30-მდე წიგნი, ტკბილეული, სიგარეტი, რამდენიმე წყება თბილი სამოსი და ეს ყველაფერი წარმოდგენა არ მაქვს ვის მიერაა გამოგზავნილი საკუთარი ქალაქიდან მოშორებით. თითქოს პირი შეკრესო, მოდიან და მოაქვთ ყველაფერი რაც შეუძლიათ. მადლობები და გამამხნევებელი ფრაზები მხვდება წიგნებზე, გაზეთებზე, ხალხისგან, ვისაც საერთოდ არ ვიცნობ.

თუკი ვინმე ლიცენზირებული ადვოკატი იყო ქართლში, ყველა სათითაოდ შემოდის მოსაკითხად. აქ 3 შემოგვიყვანეს, ბექა ბასილაია, გიორგი ბუნტური და მე. გიორგი უკვე გავიდა და დარწმუნებული ვარ ახლა ამ სიტყვებს აქციიდან ისმენს. ბექა ტრადიციულად მხნედაა და გაუჩერებლად იძლევა რჩევებს. დედასავით მზრუნველები არიან ქალბატონი ექიმები. სათითაოდ ვუყვები ამბებს და ვხედავ სისხლი როგორ უდუღთ სამ ცვლაში გადანაწილებულ თანამშრომლებს.

ისე მოხდა, რომ თამლიანის საკანში მოვხვდი, იმავე ლოგინზე მძინავს. რუსუდან დეიდა, ნეტა ცალი თვალით დაგანახათ, როგორ მეკითხებიან თქვენი გმირი შვილის ამბებს. შაბათი რომ დაღამდება, 00:36-ზე გამოვალ. დახვედრაზე ნუ იწვალებთ, შემდეგი აქციისთვის შეინახეთ ძალები მტკიცედ. იდექით, გამარჯვება ასე ახლოს ჯერ არ ყოფილა!

დიდება თავისუფლებისთვის მებრძოლ ერს!

გიგა მაქარაშვილი, 25.11.2019″ – ვკითხულობთ მაქარაშვილის მიმართვაში”.

მოძრაობა #სირცხვილიას ერთ-ერთი ლიდერი 18 ნოემბერს აქციის დარბევისას პოლიციამ დააკავა. მოსამართლემ მას 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

https://www.facebook.com/TeamForFreedom/videos/3184328174970952/UzpfSTEwMDAwMDM4MjE5NzQxNjoyNzIyMjAyMjk0NDY5MTUw/