LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურმა არ შეიძლება ზიანი მიაყენოს გარემოს – რომან გოცირიძე

859
20171003000703

რომან გოცირიძე გუშინ პანკისში მომხდარ ინციდენტს ეხმიანება და ხელისუფლებას აკრტიკებს. როგორც პარლამენტარი ამბობს, ხელისუფლებამ მოთმინების და ხალხის ნდობის მოპოვების ნაცვლად, ხეობაში სპეცრაზმი შეიყვანა, რაც უგუნური ნაბიჯია.

ამასთან გოცირიძე არ უარყოფს იმას, რომ ქვეყანაში ჰესები აუცილებლად უნდა აშენდეს. ის ამბობს იმასაც, რომ 5 მეგავატი სიმძლავრის სადგური ვერც ეკოლოგიას მიაყენებს ზიანს და ენერგოსისტემისთვისაც დიდი შეღავათი არ იქნება.

„მცირე ზომის, 5 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური არის წვეთი ზღვაში ჩვენს ენერგოსისტემაში.

5 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურმა, თუ იგი ყველა საჭირო მოთხოვნის დაცვით აშენდება, არ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს გარემოს.

დიალოგისა და ურთიერთგაგების შემთხვევაში, პანკისში ეს პრობლემა მოგვარებადი იყო.

თუ ვერ იქნებოდა კომპრომისი მიღწეული, მრავალი ფაქტორის, მათ შორის ამ კუთხის სპეციფიკიდან გამომდინარე, მთავრობა უნდა წასულიყო დათმობაზე და სანამ ხალხი არ დათანხმდებოდა, ეს ჰესი არ უნდა აშენებულიყო.

ქვეყანაში ჰესები ასაშენებელია.

ხელისუფლებას არა აქვს ხალხის ნდობა და არა აქვს პოლიტიკური ნება. ასეთ ვითარებაში ვერცერთი საჭირო პროექტი ვერ განხორციელდება. ამიტომაა, რომ ასეულ მილიონობით დოლარი დაიხარჯა ამ ექვსნახევარ წელიწადში ელექტროენერგიის იმპორტზე და დენის ექსპორტიორი ქვეყანა მისი შემომტანი გახდა.

მოთმინების ნაცვლად მშენებლობის პროცესის დაჩქარება და სპეცრაზმის შეყვანა უგუნური ნაბიჯი იყო,“ – წერს “ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, გუშინ პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის სამუშაოების დაწყებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. სიტუაციის დასარეგულირებლად შსს-მ ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანა. სპეცრაზმსა და ხალხს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების შედეგად საავადმყოფოში ზედაპირული დაზიანებით 27 ადამიანი მოხვდა. მათ შორის ნახევარზე მეტი შსს-ს წარმომადგენლები. სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც ადგილზე შს მინისტრი გიორგი გახარია ჩავიდა და განაცხადა, რომ სანამ ჰესის მშენებლობას ადგილობრივების 90%-იანი მხარდაჭერა არ ექნება სამუშაოები შეჩერდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები