LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5399 შემაკავებელი ორდერი 6 თვეში – დარღვევისათვის პასუხისგებაში 144 პირი მიეცა

108
zaladoba

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 6 თვეში (იანვარი-ივნისი)  5399 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ორდერების რაოდენობა 2018 წლის 6 თვეში კი 3292–ს შეადგენდა.

2019 წლის 6 თვეში შემაკავებელი ორდერის დარღვევისათვის პასუხისგებაში იქნა მიცემული 144 პირი.  ხოლო 2018 წელს დაფიქსირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის 6%-იანი  მაჩვენებელი. შემაკავებელი ორდერის დარღვევის  პირველივე შემთხვევა ისჯება სისხლის სამართლის წესით, ნაცვლად
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა.

შსს–ის ინფორმაციით, ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდერი თბილისში გამოიცა, ყველაზე ნაკლები კი გურიაში.

       თბილისი – 2655;
       იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – 563
       ქვემო ქართლი – 477
       კახეთი – 443
       აჭარა – 428
       შიდა ქართლი – 345
       სამეგრელო-ზემო სვანეთი – 258
       მცხეთა-მთიანეთი – 131
       სამცხე-ჯავახეთი – 66
       გურია – 33.

 

“აღნიშნული ადასტურებს შემაკავებელი ორდერების ეფექტიანობას, რაც მსხვერპლის დაცვის რეალურ მექანიზმს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ შემაკავებელი ორდერების დარღვევა, ძირითადად, გამოხატული იყო მსხვერპლთან მიახლოების აკრძალვის დარღვევაში და არა რაიმე ძალადობრივ ქმედებაში. დამრღვევი 137 შემთხვევაში იყო მამაკაცი, ხოლო 7 შემთხვევაში – ქალი.

პოლიციის მიერ პროაქტიულად შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის დროს, რაც მსხვერპლთან გეგმიური და არაგეგმიური ვიზიტებისა და სატელეფონო  კომუნიკაციის გზით ხორციელდება, 10% შემთხვევაში მოხდა შემაკავებელი  ორდერის დარღვევის გამოვლენა. აღნიშნული 2018 წლის 1-ლი სექტემბრიდან  ამოქმედებული შემაკავებელი ორდერების მონიტორინგის მექანიზმის  ეფექტიანობაზე მიუთითებს.

ასევე, მაღალია შემაკავებელი ორდერის დარღვევაზე მსხვერპლის მხრიდან პოლიციისადმი მიმართვის მაჩვენებელი, რაც დაზარალებულების სათანადო ინფორმირებულობასა და პოლიციის მიმართ ნდობის გაზრდაზე მეტყველებს.თუმცა, მიმართვიანობის ზრდის პარალელურად, მსხვერპლთა გარკვეული ნაწილი
თავს იკავებს დანაშაულის პოლიციისათვის შეტყობინებისაგან, რაც ახალისებს მოძალადეს ახალი და, როგორც წესი, უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენისაკენ.

შესაბამისად, მოვუწოდებთ მსხვერპლსა და ყველა იმ პირს, რომელიც ფლობს ინფორმაციას ოჯახში ძალადობის შესახებ, დროულად შეატყობინონ აღნიშნული ფაქტები პოლიციას, რათა მათი თანამშრომლობის შედეგად დაზარალებულებს ჰქონდეთ უსაფრთხო გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა და დაუსჯელი არ დარჩეს
მოძალადე,”– აცხადებენ შსს–ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები