LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 ფილმი, რომლებიც თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს

767
movies45

დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ კარგი მელოდრამა უფრო ეფექტურად ეხმარება ადამიანს პარტნიორთან უთანხმოების მოგვარებაში, ვიდრე ოჯახის ფსიქოლოგი, მით უფრო, რომ ხშირად თავად ფსიქოლოგები უნიშნავენ პაციენტებს კინოთერაპიას, რადგან ერთის მხრივ, ფილმი რომანტიკული სიუჟეტით პროგესტერინის – საყვარელ ადამიანთან სიახლოვის სიხარულზე პასუხისმგებელი ჰორმონის გამოყოფას პროვოცირებს, მეორეს მხრივ, საშუალებას აძლევს შეყვარებულებს ობიექტურად შეხედონ და შეაფასონ სირთულეები, რომელთაც სხვა წყვილები აწყდებიან.

6 ფილმი, რომლებიც თქვენს ურთიერთობას გადაარჩენს:

„როცა კაცს ქალი უყვარს“ (When a Man Loves a Woman, 1994) – ლუის მანდოკის დრამა მეუღლეების ისტორიაა, რომელთაც სერიოზული გამოცდის ჩაბარება და სირთულეების დაძლევა უწევთ. სამაგალითო ოჯახის სიმშვიდეს, ალკოჰოლი და მასზე დამოკიდებული ელისი არღვევს მეგ რაიანის შესრულებით, მასზე უსაზღვროდ შეყვარებული მაიკლი კი, რომელიც ენდი გარსიამ განასახიერა, საკუთარ თავს ადანაშაულებს მეუღლის მავნე ჩვევაში და საოცარი სიმტკიცის, ნებისყოფის გამოვლენით ცდილობს ოჯახის შენარჩუნებას.

„გაზაფხულის იმედები“ (Hope Springs, 2012) – მელოდრამის ვარსკვლავის მერილ სტრიპის ფილმოგრაფიაში მრავლად მოგროვდა ჟანრის საუკეთესო ნიმუშები („ჭეშმარიტი ფასეულობები“, „მარტივი სირთულეები“, „აგვისტო: ოსეიჯის საგრაფო“), თუმცა კინოთერაპიისთვის სხვებზე მეტად სწორედ „გაზაფხულის იმედები“ გამოდგება. 30-წლიანი ქორწინების შემდეგ, სტრიპის პერსონაჟი ხვდება, რომ მეუღლესთან ურთიერთობა ერთგვარ იძულებით მოვალეობად იქცა. ოჯახის გადარჩენის სურვილით ქეი სოუმსი ფსიქოლოგს მიმართავს, რომელიც პრობლემის მოგვარების მეტად ორიგინალურ მეთოდს სთავაზობს.

„ისტორია ჩვენზე“ (The story of us, 1999) – რობ რაინერის დრამა, მაყურებელს მთავარ პერსონაჟებთან ერთად სთავაზობს 15-წლიანი ქორწინების ყველა ეტაპის გავლას. მეუღლეები, რომლებიც მიშელ პფაიფერმა და ბრიუს უილისმა განასახიერეს, ჯერ ერთმანეთს ეჩვევიან, მერე ბავშვების დაბადებით ხარობენ, წარმატებით ერევიან წვრილმან უსიამოვნებებს, თუმცა წლების მანძილზე დაგროვილ გაღიზიანებას საბოლოოდ განქორწინებამდე მიჰყავს.

„მეხსიერების დღიური“ (The Notebook, 2004) – ჟანრის კლასიკად ქცეული მელოდრამა სენტიმენტალური ისტორიაა მარადიულ სიყვარულზე, რომელმაც ყველა სირთულეს გაუძლო. რა თქმა უნდა, მსგავსი „მარადიულობა“ ძალიან იშვიათია რეალურ ცხოვრებაში, ამიტომ ორმაგად სასიამოვნოა მისი ეკრანზე ნახვა.

„სიახლოვე“ (Closer, 2004) – მაიკ ნიკოლსის მეტად ემოციური ფსიქოლოგიური დრამა საუკეთესო „ინსტრუქციაა“, მათთვის, ვისაც საკუთარ გრძნობებსა და ურთიერთობაში გარკვევა უჭირს. ამჯერად სიუჟეტის ცენტრში „სასიყვარულო ოთხკუთხედია“ ჯულია რობერტსის, ჯუდ ლოუს, კლაივ ოუენისა და ნატალი პორტმანის შესრულებით, რომელთა დაბნეულობა და გაურკვევლობა, გულგრილობა და უპასუხისმგებლობა სერიოზული პრობლემების მიზეზი ხდება.

„გასულ ღამეს ნიუ-იორკში“ (Last Night, 2010) – მესი ტაჯედინის დრამაში მეუღლეებს, რომლებიც მხოლოდ ერთი ღამით შორდებიან ერთმანეთს, არა მარტო ერთმანეთის ერთგულებაში, არამედ საკუთარ სიყვარულშიც ეპარებათ ეჭვი. ფილმი მეტად აქტუალურ შეკითხვებს სვამს – რას ნიშნავს ღალატი, შეიძლება თუ არა მისი პატიება და პასუხის გაცემას თავად მაყურებელს სთავაზობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები