LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენისა და ბრიუგეს გოთიკური ქუჩები, სიყვარულით სავსე პარიზი და კანი, იტალიისა და საბერძნეთის მცხუნვარე მზე – 7 ფილმი მოგზაურობის ნაცვლად

364
Untitled design

ვენისა და ბრიუგეს გოთიკური ქუჩები, სიყვარულით სავსე პარიზი და კანი, იტალიისა და საბერძნეთის მცხუნვარე მზე, ინგლისისა და ირლანდიის შთამბეჭდავი პეიზაჟები – ბევრისთვის ნაცნობი, თუმცა უკვე მონატრებული ადგილებია, რომელთა გახსენება ამჯერად ფილმებით შეიძლება.

ფილმები მოგზაურობის ნაცვლად:

„მზის ამოსვლამდე“, „მზის ჩასვლამდე“, „შუაღამემდე“ (Before Sunrise, 1995, Before Sunset, 2004, Before Midnight, 2013) – რომანტიკულ ტრილოგიაზე მუშაობისას რეჟისორი რიჩარდ ლინკლეისტერი და მთავარი როლის შემსრულებლები ითან ჰოუკი და ჟიული დელპი არ მოერიდნენ ფაქტების საკუთარი ბიოგრაფიიდან გამოყენებას. ტრილოგიის ყველა ეპიზოდი დიალოგებზე, პერსონაჟების მსჯელობაზეა აგებული, რომელთაც ჯერ მატარებელში, ვენის ქუჩებში, მერე პარიზის ძველ უბნებში, ბოლოს კი, საბერძნეთში ზღვისპირა ქალაქის პეიზაჟების ფონზე მართავენ.

„ბრიუგეში“ (In Bruges, 2008) – მართალია, კოლინ ფარელის გმირისთვის ნამდვილი კოშმარია ბრიუგეში იძულებითი „შვებულების“ გატარება, მაგრამ სინამდვილეში ბელგიის უძველესმა ქალაქმა დიდი ხანია გაითქვა სახელი თავისი არქიტექტურით, რომელიც განსაკუთრებით ზღაპრულად საახალწლო სამზადისის ფონზე გამოიყურება.

„გოლგოთა“ (Calvary, 2014) – ტრაგიკომედია სოფლის მღვდელზე, რომელსაც მრევლი ემუქრება მოკვლით, მკაცრი ირლანდიური პეიზაჟების ფონზეა გადაღებული, რაც ფილმის გმირებს პატარა ელფებს ამსგავსებს, რომლებიც დიდი ხანია შეეგუვნენ საკუთარ უძლურებას.

„უინტლი და მე“ (Withnail and I, 1987) – საკულტო ბრიტანული კომედია ჩვეული შავი იუმორით აღწერს, დაკარგული თაობის სიღატაკეს და უიმედობას, რომელთაც მხოლოდ ჩრდილოეთის მზე ათბობს.

„დიდი შხეფები“ (Bigger Splash, 2016) – ლუკა გუადანიონის დრამის მოქმედება მყუდრო ვილაზე ვითარდება, სადაც „სასიყვარულო ოთხკუთხედის“ თითოეული წევრი ზედმეტად გრძნობს თავს, თუმცა იტალიის უმშვენიერესი პეიზაჟების დატოვებას არავინ ჩქარობს. პერსონაჟები საკუთარი იმედებით, მოლოდინით ცხოვრობენ – მარინა ოპერაციის შემდეგ იკრებს ძალას, მისი ახალგაზრდა ბოიფრენდი პოლი კი, ალკოჰოლური დამოკიდებულებისგან მკურნალობს, მოულოდნელად ჩამოსულ ჰარის, მარინას დაბრუნება სურს, პენელოპა კი, როგორც შეუძლია ისე ერთობა და საბოლოოდ პოლს უახლოვდება.

„მომმართე შენი სახელით“ (Call Me by Your Name, 2017) – „დიდი შხეფების“ მეორე ნაწილი გუადანიონიმ იტალიის ჩრდილოეთში გააგრძელა მანდარინის არომატის, სოფლის პეიზაჟების ფონზე და საკუთარი ფილმი ერთგვარ სიზმრად აქცია ნამდვილ სიყვარულზე.

„პარიზი აგვისტოში“ (Paris au mois d’août) – მართალია, ოჯახის სამხრეთში გასტუმრების შემდეგ ანრი დასვენებას გეგმავდა, მაგრამ მოულოდნელად გამოჩენილმა პატრიციამ, რომელმაც ჯერ ექსკურსიის მოწყობა სთხოვა პარიზში, მერე კი, თავი შეაყვარა, მთელი მისი ცხოვრება შეცვალა. მართალია, წყვილს მთელი ღამე და მთელი ქალაქი ჰქონდათ ერთმანეთის გასაცნობად და რომანის გასაგრძელებლად, თუმცა მათი სიყვარული, რომელსაც მომავალი არ აღმოაჩნდა, მხოლოდ სასიამოვნო მოგონებად დარჩა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები