LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ნაკლებად ცნობილი ფაქტი „ლამაზმანის“ შესახებ – წელს ყველასთვის საყვარელ მელოდრამას 30 წელი უსრულდება

612
page

წელს ყველასთვის საყვარელ მელოდრამას 30 წელი უსრულდება. რემიერა 1990 წლის 23 მარტს შედგა, რის შემდეგაც მალევე ფილმმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა. „ლამაზმანმა“ არა მხოლოდ ოსკარის ნომინაცია მოუტანა ჯულია რობერტსს, არამედ ახალი შემოთავაზებების წვიმაც და ის ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად და მოთხოვნად მსახიობად აქცია.

გთავაზობთ 7 ნაკლებად ცნობილ ფაქტს ყველასთვის საყვარელი ფილმის შესახებ.

1. ვივიენის როლზე უარი ბევრმა მსახიობმა თქვა – ჯულია რობერტსამდე როლზე სხვადასხვა დროს მიშელ პფაიფერი, მეგ რაიანი და დერილ ჰანა მოიაზრებოდნენ, თუმცა მეძავის როლის თამაში არცერთმა არ მოისურვა, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს მათ რეპუტაციაზე ცუდად აისახებოდა. უაინონა რაიდერის და ჯენიფერ კონელის როლზე აყვანა თავად ფილმის რეჟისორმა, გარი მარშალმა იუარა, რომელმაც ისინი როლისათვის ზედმეტად ახალგაზრდებად მიიჩნია.

2. არც რიჩარდ გირი ყოფილა პირველი და უკანასკნელი კანდიდატი ედვარდ ლუისის როლზე. მარშალი როლზე სხვადასხვა დროს დენზელ ვაშინგტონის, დენიელ დეი ლუისის და კრისტოფერ რივის კანდიდატურებს მოიაზრებდა. მან ფილმში მთავარი როლი თვით ალ პაჩინოსაც კი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. ქალების მსგავსად, ჰოლივუდის მამაკაც ვარსკვლავებსაც არ სურდათ ფილმში იმ კაცის როლი შეესრულებინათ, რომელიც მეძავთან დროის გატარებაში ფულს იხდის. მოგვიანებით რიჩარდ გირმა განაცხადა, რომ კონტრაქტზე ხელის მოწერამდე თავადაც ყოყმანობდა, თუმცა ბოლოს ეს ნაბიჯი მაინც გადადგა.

3. ფილმმა ორიგინალური სახელწოდება Pretty Woman როი ორბისონის ამავე სახელწოდების სიმღერის დამსახურებით მიიღო, რომელიც 1964 წელს დაიწერა. სიმღერის ფილმში გამოყენების უფლება „ლამაზმანის“ შემოქმედებით ჯგუფს ადვილად არ მიუღია, თუმცა ეს წვალება ამად ნამდვილად ღირდა.

4. ფილმის ცნობილ სცენაში რიჩარდ გირის გმირი ედვარდ ლუისი ფორტეპიანოზე უკრავს. ცოტამ თუ იცის, რომ გირი არა მხოლოდ თვითონ უკრავს ამ სცენაში ფორტეპიანოზე, არამედ კომპოზიციის ავტორიც თავადაა.ფორტეპიანოზე დაკვრა მსახიობის ერთ-ერთი ჰობია.

5. ლოს-ანჯელესში მდებარე სასტუმრო Beverly Wilshire სტუმრებს სთავაზობს სპეციალურ პაკეტს „ Pretty Woman“, რომლის შეძენის შემთხვევაშიც სტუმრებს შეუძლიათ 2 ღამე გაატარონ საპრეზიდენტო ლუქსში, ისარგებლონ სტილისტის და მასაჟისტის მომსახურებით, იშოპინგონ როდეო-დრაივზე, ეწვიონ ოპერას და რომანტიული ვახშმით დატკბნენ. პაკეტის ღირებულება 300 000 $-ს შეადგენს. სასტუმრო თითქმის იმავე ლოკაციაზე მდებარეობს, სადაც მდებარეობდა სასტუმრო Ambassador, რომელშიც ფილმის სცენებია გადაღებული. Ambassador-ის შენობა დღესდღეობით აღარ არსებობს.

თუ საპრეზიდენტო ლუქსი თქვენთვის ზედმეტად ძვირია, შეგიძლიათ ვივიენის სახლს ეწვიოთ, უფრო სწორად სასტუმროს, რომელშიც ვივიენი ცხოვრობდა და რომლის კიბეზეც ფილმის ფინალური სცენაა გადაღებული.
სასტუმრო Las Palmas Hotel დღესაც ფუნქციონირებს, ნომრის დაჯავშნის ღირებულება კი დღე-ღამეში 130 $-ია.

6. ფილმის ცნობილ სცენაში, რომელშიც ვივიენი და ედვარდი ოპერაში მიდიან, წითელ კაბაში გამოწყობილ ჯულიას არა ბიჟუტერია, არამედ ნამდვილად ძვირადღირებული, ლალით და ბრილიანტებით გაწყობილი ყელსაბამი ეკეთა. მისი ფასი 250 000 $ გახლდათ, ამიტომ უსაფრთხოების მიზნით, გადაღებებისას მსახიობს საიუველირო ფირმის დაცვის თანამშრომლები ახლდნენ.

7. „ლამაზმანის“ ორიგინალი სცენარი ჰეფი-ენდით სულაც არ მთავრდება. ჯულია რობერტსმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სცენარის მიხედვით, ფილმის ფინალში ედვარდ ლუისს ვივიენი მანქანიდან უნდა ჩამოესვა, მისთვის ფულის შეკვრა გადაეგდო და წასულიყო. თუმცა საბედნიეროდ, შემოქმედებითმა ჯგუფმა სცენარი შეცვალა და ფილმი ჰეფი-ენდით დასრულდა. ალბათ ყველა თანხმდება იმაზე, რომ მსგავსი ფილმის ჰეფი-ენდით დასრულება საუკეთესო გამოსავალია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები