LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

81 წლის იტალიელი მამაკაცი ტოვებს კუნძულს, რომელზეც 32 წელი ცხოვრობდა

81
page

81 წლის მაურო მონარდი ტოვებს სარდინიის ჩრდილოეთით მდებარე პატარა კუნძულს, სახელად ბუდელის. კუნძულზე მან 32 წელი იცხოვრა და ეს დრო ადგილობრივი ბუნების და გარემოს დაცვას მიუძღვნა.

მონარდი კუნძულზე 1989 წელს დასახლდა მას შემდეგ, რაც ბუდელის მეგობრებთან ერთად ეწვია. მაშინ მაურო მეგობრებთან ერთად მადალენას არქიპელაგის კუნძულიდან კუნძულზე მოგზაურობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ბუდელის ბუნების მცველი პენსიაზე გასვლას აპირებდა, მისი შეცვლა გადაწყვიტა.

საერთო ჯამში, მან კუნძულზე 32 წელი გაატარა, თუმცა ბუდელის მფლობელებისა და მთავრობის მხრიდან ზეწოლის გამო იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გადაწყვეტილება მიეღო.

„იმედი მაქვს, რომ კუნძულს და მის ბუნებას ჩემი წასვლის შემდეგაც მოუვლიან. მე ხომ მას 32 წელი ვიცავდი“ – უთხრა მონარდიმ „ბი ბი სის“.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში 81 წლის მამაკაცის ისტორიამ ვნებათაღელვა გამოიწვია. პეტიციას, რომელიც მთავრობას სთხოვდა მაურო მონარდი კუნძულზე საცხოვრებლად დაეტოვებინათ, ხელი 70 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა, თუმცა თავად მისტერ მაურომ მოგვიანებით განაცხადა, რომ მან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და აპირებს ახლოს მდებარე კუნძულზე გადასახლდეს, სადაც წყნარად შეძლებს დარჩენილი ცხოვრების გატარებას. „ჩემი ცხოვრება დიდად არ შეიცვლება, მე ისევ შევძლებ ზღვის ყურებას.“- აცხადებს კუნძულის მცველი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები