LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

83 ხმა ერთის წინააღმდეგ – 2020 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

202
20190930165327

საქართველოს პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. კანონპროექტს მომხრე 83 დეპუტატი ყავდა, წინააღმდეგი კი ერთი ხმა დაფიქსირდა. საბოლოო ვერსიაში ხარჯვითი ნაწილი 221 მილიონი ლარით, 14 მილიარდ 432 მილიონ 866 ათას ლარამდე გაიზარდა. ეს 2019 წლის ბიუჯეტში ჩადებულ მაჩვენებელზე დაახლოებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია.

ახალი წლის ბიუჯეტში სოციალური დანახარჯებისთვის დამატებით გამოყოფილია 300 მილიონი ლარი. პირველი იანვრიდან პენსიების და სოციალური დახმარებისთვის 20-ლარიანი ზრდა არის გათვალისწინებული, ხოლო პირველი ივლისიდან, 70 წლის და უფრო მაღალი ასაკის პენსიონრებისთვის, ასევე 18 წლამდე და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, პენსიის დამატებით 30-ლარიანი ზრდა.

რაც არ უნდა ხდებოდეს ჩვენი ცხოვრების, პოლიტიკური პროცესის განმავლობაში, ბიუჯეტი არის ქვეყნის ძირითადი დოკუმენტი – გიორგი გახარია

2020 წლის ბიუჯეტში მასწავლებელთა ხელფასების ზრდისთვის გამოყოფილია 120 მილიონი ლარი.  იგეგმება ანაზღაურების 150-ლარიანი ზრდაც. გათვალისწინებულია ასევე ხელფასების გაზრდა პოლიციელებისთვის, სახანძრო-სამაშველო სამსახურების თანამშრომლებისთვის, ჯარისკაცებისთვის, პირველადი ჯანდაცვის პერსონალისა და საბავშვო ბაღების პერსონალისთვის.

ბიუჯეტში გაზრდილია ხარჯები ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2 მილიარდ 070 მილიონ ლარს შეადგენს.

კენჭისყრას არც ერთი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი არ ესწრებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები