LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

6 000-ზე მეტი მოზარდი სკოლის მიღმა – რა გეგმა აქვს განათლების სამინისტროს პრობლემის გადასაჭრელად

251
ბავშვები სკოლაში

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების რაოდენობა 34%-ით შემცირდა. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული მონაცემები „სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის“ პირველადი მონაცემებით გამოვლინდა.

მარტში გამოქვეყნებული პირველადი შედეგებით, მოცემულობა ასეთია: გამოვლინდა 6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდი (შესაბამისი ასაკის მოსახლეობის 1,7%), რომლებსაც არ აქვთ საგანმანათლებლო ისტორია და არ არიან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაში. უწყების ცნობით, ეს მონაცემი 6 885-მდე შემცირდა.

სამინისტრო იმასაც ვარაუდობს, რომ მონაცემები კიდევ შემცირდება, ხოლო, რის საფუძველზე აქვს უწყებას ეს მოლოდინი, ოდნავ ქვემოთ გაგაცნობთ.

მანამდე კი, უნდა აღინიშნოს, რომ სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების თემაზე პარლამენტში საკუთარი ანგარიშის წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც ისაუბრა და თქვა, რომ განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, 2020 წელს, „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“ პირველად ჩატარდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა დასძინა, პარალელურად, შემუშავდა განსხვავებული სასწავლო გეგმა და სახელმწიფო მოზარდების სკოლაში დასაბრუნებლად აქტიურად მუშაობს.

რას ნიშნავს და როგორ ჩატარდა „სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა,“ რა ხარვეზები გამოვლინდა მუშაობის პროცესში, ვინ არიან მოზარდები, რომლებიც ამ პროგრამის მუშაობის მსვლელობისას გამოვლინდნენ და როგორია სამინისტროს სამომავლო გეგმა აღნიშნული პრობლემის დასაძლევად – ამ თემებზე „ფორტუნა“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, ეკატერინე ლეჟავას ესაუბრა.

 

რას ნიშნავს სახელმწიფო მონიტორინგის სისტემა

 

სულ ახლახან სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების რაოდენობა 34%-ით შემცირდა. ვიცით, რომ გასულ წელს „სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“ პირველად ამოქმედდა. უფრო მეტი სიცხადისთვის რომ გვითხრათ როგორი პრინციპით მუშაობს ეს პროგრამა და რა ძირითად დაბრკოლებებსა თუ შემაფერხებელ გარემოებებს წააწყდით სამუშაო პროცესში?

ეკატერინე ლეჟავა: სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების სახელმწიფო პროგრამა გახლავთ მონიტორინგის სისტემა, უწყებებს შორის მონაცემთა გაცვლის მექანიზმი. ეს სისტემა ყველა სახელმწიფოში მუშაობს, რათა იდენტიფიცირდნენ სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები.

შემაფერხებელი გარემოება გასულ წლებში, პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული დაბრკოლებები იყო. ეს სისტემაც სწორედ ამ მიზნით შეიქმნა – იმისთვის, რომ განათლების სამინისტროს მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი ჰქონოდა.

ეს პროცესი პირველად გასულ წელს განხორციელდა და ყოველწლიურად გაგრძელდება, რის შემდეგაც მონაცემების შედარების შესაძლებლობა გვექნება. გასული წლის 15 სექტემბრისთვის განათლების სამინისტროს მოსწავლეთა ბაზა (ის, რაც ჩვენ გვქონდა) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებს შევადარეთ, აქ 6-დან 16 წლის ჩათვლით არსებული ბავშვების მონაცემების ბაზა იგულისხმება.

 

ვინ არიან მოზარდები, რომლებიც მონიტორინგის შედეგად გამოვლინდნე

 

უფრო ზუსტად რომ გვითხრათ, კონკრეტულად ვინ არიან ეს მოზარდები და რა ჯგუფს წარმოადგენენ…

როდესაც 6-დან 16 წლამდე პირებზე ვსაუბრობთ, აქ იგულისხმებიან ბავშვები, რომლებიც 2020 წლის 15 სექტემბრისთვის უკვე 16 წლის იყვნენ. ისინი, ვისაც სკოლაში მოსვლა შეეძლოთ და ვისაც 11 ნიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი მინიჭებული ჰქონდა.

ეს შეიძლებოდა ყოფილიყვნენ პირები, რომლებიც არიან საქართველოს მოქალაქეები და აქვთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობები, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეები, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არ მქონე პირები.

სახელმწიფოს აქვს ვალდებულება დაიცვას ქვეყანაში ლეგალურად მყოფი ყველა ბავშვის განათლების მიღების უფლება და ეს პროცესიც სწორედ ამ გენერალურ მიზანს ემსახურება.

რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა ან მოქალაქეობის არ მქონე პირებს, რომლებზეც ზემოთ ისაუბრეთ, ამ კუთხით რა შეგიძლიათ გვითხრათ, როგორ მოხდა მათი განსაზღვრა?

მონაცემთა გაცვლის შემდეგ მიღებული, პირველადი, ნედლი შედეგების შემდეგ, მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაამუშავა და გამოგვიკლო ის ბავშვები, რომლებსაც საზღვარი ჰქონდათ გადაკვეთილი და საქართველოს ტერიტორიაზე ფიზიკურად არ იმყოფებოდნენ.

დარჩენილი ნუსხა კი რამდენიმე სახელმწიფო უწყებაში გაიგზავნა, (რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობენ) რათა ამ ბავშვების ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართები და მათი მეურვეების შესახებ ინფორმაცია დადგენილიყო, იმისთვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო მოკვლევა.

ეს პროცესი 2021 წლის იანვრისთვის დასრულდა, რის შემდეგაც ჩვენ პირველად მონაცემები გამოვაცხადეთ: 10 404 პირზე მუშაობა დაიწყო, თუ ვინ იყვნენ ეს პირები და სად იყო მათი მდებარეობა.

 

რა დაბრკოლებები გამოავლინა მონიტორინგის სისტემამ

 

გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამა პირველად განხორციელდა, დიდი ალბათობით, გარკვეულ დაბრკოლებები და ხარვეზებიც გამოიკვეთებოდა. რომ გვითხრათ ძირითადად რა პრობლემები გამოვლინდა სამუშაო პროცესში?

ამ პროცესში მთელი ინდიკატორებია, ანუ, რა მონაცემი შეგროვდა, თუმცა გამოჩნდა, რომ ჩვენ, ბავშვების დაბადების ადგილის შესახებ ინფორმაცია გვჭირდებოდა. ხოლო 10 404 პირიდან, ვისი მონაცემებიც ვერ დადგინდა, პროცესი კიდევ, დამატებით უკან სახელმწიფო სერვისების სააგენტოში დაბრუნდა – ჩვენ მოვითხოვეთ ბავშვების დაბადების ადგილები.

საზღვარგარეთ მცხოვრები ბავშვების მონაცემები კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაამოწმა, რის შემდეგაც აღმოჩნდა, რომ 1232 ბავშვი საზღვარგარეთ დაიბადა, იქვე მიიღო მოქალაქეობა და სამშობლოში არასდროს დაბრუნებულა.

მონაცემების დამუშავების დროს, მეორე მსხვილი ხარვეზი უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან გამოიკვეთა, რომელთაც საქართველოში ბინადრობის უფლება ლეგალურად აქვთ. უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში, ხარვეზები ძირითადად საიდენტიფიკაციო მონაცემებთან გამოიკვეთა, მაგალითად: სახელებსა და გვარებზე.

 

შედიან თუ არა პროგრამაში მიუსაფარი ბავშვები

 

როდესაც სკოლის მიღმა დარჩენილ მოზარდებზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ არიან მოზარდებიც, რომელთაც არათუ სკოლაში განათლების მიღების შესაძლებლობა აქვთ, არამედ ხშირ შემთხვევაში, ქუჩაში უწევთ ცხოვრება. საინტერესოა ამ კუთხით თუ გაკეთდა მონიტორინგი, შედიან თუ არა მიუსაფარი ბავშვები ამ მონაცემებში და რას აკეთებს განათლების სამინისტრო მათ დასახმარებლად?

ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ამ ჯგუფში მიუსაფარი ბავშვები არ შედიან, მათთვის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სერვისები – დღის ცენტრები და კრიზისული თავშესაფრები აქვს, ხოლო განათლების სამინისტრო მე-7 წელია ამავე დღის ცენტრებსა და კრიზისულ თავშესაფრებს დამატებით მომსახურებას – ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროგრამას აწვდის.

 

 

მოკლე პერიოდით შესაძლოა ისინი სკოლის მიღმა რჩებიან, მანამ, სანამ ცენტრებში ხვდებიან და მიუსაფარი ბავშვის სტატუსს მიიღებენ, თუმცა, ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა მათ ეხმარებათ იმაში, რომ გამოიმუშაონ სოციალური უნარები და აკადემიური ჩამორჩენა დასძლიონ.

ხოლო რამდენიმე თვეში (გააჩნია შემთხვევას, ინდივიდუალურია) სკოლაში ხვდებიან, ამის შემდეგ კი, პროფესიულ სასწავლებლებში. ეს სეგმენტი აქ არ შედის, დაახლოებით 120-მდე მიუსაფარი ბავშვი ცენტრებში ამ სერვისს ისედაც იღებს და განათლების სამინისტროს სისტემა მათ ხედავს.

 

რის ხარჯზე შემცირდება მონაცემები

 

გარდა პირველადად მიღებული მონაცემებისა, სამინისტრო ვარაუდობს, რომ სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების რიცხვი კიდევ შემცირდება, რის საფუძველზე ან ხარჯზე გაქვთ ამის მოლოდინი?

ზაფხულის პერიოდში, რა თქმა უნდა, ინტენსიური მუშაობა გაგრძელდება, პროცესში მუნიციპალური სერვისებიდან სოციალური მუშაკები არიან ჩართულნი. ეს ბავშვები სკოლაში შემოვლენ, გაზაფხულის პერიოდში რაც ვიმუშავეთ, მათგან გარკვეული რაოდენობა სკოლაში უკვე შემოვიდა, ზოგს კი, პატარა ბიძგი სჭირდება.

მაგალითად?

მაგალითად, 7-8 წლის ასაკის ბავშვი, რომელიც შშმ პირია და რომელთა მშობლებიც გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ – მიეყვანათ თუ არა სკოლაში. სოციალური მუშაკის პირველივე მოკითხვის შემდგომ, ეს ბავშვები სკოლაში ძალიან მარტივად დარეგისტრირდნენ. შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში მეტი ძალისხმევა და ინტერვენცია დასჭირდეთ იმისთვის, რომ ბავშვები სკოლაში მოიყვანონ.

მონაცემთა დამუშავების მიმართულებით, მუშაობა ისევ მიმდინარეობს, ამდენად, შესაძლოა ამ ნუსხაში პატარ-პატარა ჯგუფები იყოს, რომელთა მონაცემთა ბაზების შეუთავსებლობა გამოჩნდეს. ანუ, აღმოჩნდეს, რომ ეს ადამიანები სკოლაში ისედაც არიან.

შესაძლოა, ჩვენთან დავუშვათ სახელი მოჰამედი ეწეროს, ხოლო იუსტიციის სამინისტროს ბაზაში მუჰამედი. ანუ, ავტომატური დამუშავების დროს, ერთი ასოც კი, ცდომილების ალბათობას იძლევა.

 

მდგომარეობა რეგიონებში

 

ქალბატონო ეკა, საინტერესოა რა შედეგები მიიღეთ რეგიონებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად და თუ მოგცათ მონაცემებში მნიშვნელოვანი სხვაობა?

როდესაც მონაცემთა იდენტიფიცირება ხდება, ეს ინფორმაცია მუნიციპალიტეტების, შემდეგ კი, ქალაქებისა და სოფლების მიხედვით ჩაშლილია. სამინისტრო ანგარიშს გამოაქვეყნებს და ნახავთ, რომ არსებითი განსხვავებები რეგიონების მიხედვით არ გახლავთ. ეს საკითხი ჩვენი ინტერესის საგანიც იყო.

შესაბამისად, ამ მონაცემებში დაწყებული ლაგოდეხიდან – დასრულებული აჭარის მაღალმთიანი სოფლების ჩათვლით, ყველა მონაცემია აღრიცხული.

მონაცემები მეტნაკლებად თანაბრად ნაწილდება და გამოკვეთილი რომელიმე რეგიონი ან მუნიციპალიტეტი სიჭარბით ან ნაკლებობის სხვაობით, არ არის.

 

პრობლემის გადაჭრის გზები – ამოცანები და სამომავლო გეგმები

 

გამომდინარე იქიდან, რომ ეს პრობლემა საკმაოდ კომპლექსურ მუშაობას მოიცავს და როგორც თქვენ თქვით, მუშაობა ახლაც გრძელდება. უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, როგორი იქნება განათლების სამინისტროს ხედვა და გეგმა იმისთვის, რომ მომდევნო წლებში, მოზარდი სკოლის მიღმა აღარ დარჩეს?

 

 

ამ პრობლემას ჩვენ ორი მთავარი მიმართულებით ვუპირისპირდებით: ერთი – მყისიერი რეაგირება, როდესაც ბავშვის აღმოჩენა ხდება, აუცილებელია მაქსიმალურად მოკლე დროში სასკოლო განათლების სივრცეში ინტეგრირება.

განსაკუთრებით კი, 10 წელს ზემოთ ბავშვებში, როცა უფრო მეტი სასწავლო წელი აქვთ გამოტოვებული, რადგან ასეთ შემთხვევაში განსხვავებული მეთოდოლოგია და პროგრამებია საჭირო.

ჩვენ გვაქვს შეკუმშული სასწავლო გეგმა, ეს არის შემჭიდროებული და დაჩქარებული სწავლების პროგრამა, რომელიც გამოყენებული იქნება არა მარტო ამ ბავშვებთან, არამედ წინა წლების, ე.წ გაშვებულ თაობებთან.

აქ იგულისხმება ზრდასრულები, 18 წელს ზემოთ პირები, რომელთა შემთხვევაშიც ეს პროგრამა 6-10 თვის განმავლობაში იქნება გამოყენებული, გააჩნია ინდივიდებს, როგორ დასძლევს მას თითოეული.

ეს კურიკულუმი მზად არის და საპილოტე სკოლებში მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ამ კურიკულუმის გამოცდა ზუსტად ამ მიუსაფარი ბავშვების დღის ცენტრებთან მიმდინარეობს.

და ბოლოს, თქვენი აზრით, რა შედეგს მივიღებთ აღნიშნული სასწავლო გეგმის შესრულებით?

მიიღწევა ის შედეგები, რომ მოხერხდეს ატესტატის გაცემა და ამის შემდეგ პირს ან დასაქმების შესაძლებლობა ჰქონდეს ან განათლების სხვა საფეხურზე გადაინაცვლოს.

ასევე მეორე მთავარი, აუცილებლად ვიტყოდი, რომ პირველი ციკლის მთავარი მიზანია შეიქმნას მდგრადი სისტემა. იმისთვის, რომ მომავალში ამდენი ძალისხმევა აღარ იყოს საჭირო.

უწყებებს შორის კი მონაცემთა გაცვლა ისე უნდა ხდებოდეს, რომ როგორც კი 6 წლის ბავშვი განათლების სისტემაში არ გამოჩნდება, ამ ფაქტს სწრაფი რეაგირება მოჰყვეს.

 

 

 

პოპულალურები