20 მაისს, „ბლექ სი არენა“, მსოფლიოში ცნობილ ჯგუფს „აეროსმიტს“ უმასპინძლებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯგუფის კონცერტის გამართვა საქართველოში მთლიანობაში 5 500 000 ლარი მეტი დაჯდება, რასაც ქვეყნის ბიუჯეტი გაიღებს. შეგახსენებთ, რომ კონცერტი „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში გაიმართება. სახელმწიფო იმედოვნებს, რომ მსგავსი პროექტებით ტურიზმის განვითარებას შეეწყობა ხელი. ასევე საუბრობენ იმ ეკონომიკურ ეფექტებზე, რომლებიც მსგავს პროექტებს ახლავს თან და რეგიონის განვითარებაზე.

თუმცა ამგვარი ჩანაფიქრების განხორციელებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბიუჯეტიდან რამდენიმე მილიონის კონცერტის ჩასატარებლად გამოყოფა საქართველოში მიუღებელია.

ერთ-ერთი ასეთი მოსაზრება სოცქსელში გამოთქვა ერთ-ერთმა „ფეისბუქ“-მომხმარებელმა და აღნიშნა:

„დავიწყებ იქიდან, რომ:

!!! სადაა ტენდერები???!!!

0) საერთოდაც რატომ გადაწყვიტეს „აეროსმიტის ჩამოყვანა და მთავარი კითხვა -„9000- კაციან დარბაზში 2,5მილ$ ის ამოღებას“??? )))

1) ეს ჯგუფი არ ჯდება რაიდერიანად ეს თანხა!

2) 5მლნ -ში 3 ან ბევრად მეტი კარგი ღონისძიების ჩატარება შეიძლებოდა…

3) მაინცდამაინც თუ ბოლო ტურნეა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არენა მით უმეტეს აძლევს იმის საშუალებას (დარბაზი), რომ არ დაჯდეს რაიდერი ამხელა თანხა საქართველოში.

4) რაც შეეხება ქართულს, ვეთანხმები ნატო დუმბაძეს, დროა, ისევ დაიწყოს უკვე მონატრებული არტისტების და ახლის ღონისძიებების ჩატარება!

5) და საერთოდ – ყველაფერი კარგია რაც კეთდება, მაგრამ არა ესე .. 🙌❤

არ დაგთაგავთ არავის… ყველა აქ ხართ მეგობრებში – წაიკითხავთ მაინც ვიცი და კომენტარსაც აარიდებთ თავს ))) გუდ ლაქ 🌈⏪▶️⏩

p.s. – „ჩემი ცოლის დაქალები“ უფრო მაგარიაო ხალხმა“.

ამ სტატუსს მალევე გამოეხმაურა „ბლექ სი არენას“ ღონისძიებების მენეჯერი, ანი კავლელიშვილი, რომელმაც აღნიშნა:

„ხშირად ვისმენ და ვკითხულობ უსაფუძვლო ბრალდებებს და გული მწყდება, რომ ასეთ მნიშვნელოვან პროექტებში მხოლოდ ნეგატივს ხედავთ.

რატომ „ბლექ სი არენა”? – იმიტომ, რომ ტურისტული სეზონი გაიზარდოს. იმიტომ, რომ რეგიონი განვითარდეს. იმიტომ, რომ უმაღლესი ხარისხის კონცერტი შედგეს ნაკლები დანახარჯით. იმიტომ, რომ დამსწრე საზოგადოება კომფორტულად გრძნობდეს თავს.

რატომ „აეროსმიტი“? – იმიტომ, რომ ვარსკვლავია, მიუხედავად გემოვნებისა და სუბიექტური შეხედულებების „ა კლასის“ არტისტია.

იმიტომ, რომ ტურნეა და გამოთქვეს მზაობა ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლის.

თქვენ ალბათ არ იცით, რა ჰონორარებზე საუბრობენ ვარსკვლავები და არც უნდა იცოდეთ. მერწმუნეთ, გაკითხვით ასეთი არტისტების ფასი არ დგინდება.

და სანამ ამ საქმეში ჩავერთვებოდით, კონსულტაცია მრავალ საერთაშორისო სააგენტოსთან და პრომოუტერთან გავიარეთ.

ტენდერი – მნიშვნელოვანი დეტალია ის, რომ არტისტებთან ურთიერთობა გარკვეულ სპეციფიკას მოითხოვს. როგორც კი ერთზე მეტი აგენტი უკავშირდება და კითხულობს პირობებს, იზრდება ჰონორარი და რთულდება მოთხოვნები. ამიტომ სრული აბსურდია საუბარი იმაზე, თუ როგორ გავაიაფებდით „აეროსმიტის“ ჰონორარს, მის ჩამოყვანაზე რომ ათობით პრომოუტერს ემუშავა ტენდერის ფარგლებში.

თქვენ ხარჯს და შემოსავალს მხოლოდ გაყიდული ბილეთებით თვლით და არც ფიქრობთ ახლომდებარე კურორტების მოსახლეობას რამდენად გაუზრდის შემოსავალს, რამდენ წვრილ მეწარმეს მისცემს სეზონისთვის კარგ სტარტს.

მსგავსი სახელმწიფოებრივი პროექტები არ უნდა იზომებოდეს მიკროეკონომიკურ ჭრილში და გასათვალისწინებელია ის მაკროეკონომიკური ეფექტები, ბენეფიტები, რომლებიც მხოლოდ „ბლექ სი არენამ“ კი არა, იმ მეწარმეებმა უნდა მიიღონ, რომლებიც ინფრასტრუქტურულად არენის მიმდებარედ არიან განლაგებული და პირდაპირ თუ ირიბად ჩართულები არიან ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში.

აღარაფერს ვამბობ იმ საოცარ ემოციაზე, რომელიც 20 მაისს 10 000 მეტ ადამიანს ექნება…

ტურიზმის განვითარებისთვის ეს ძალიან დიდი ნაბიჯებია და მერწმუნეთ, პროექტის მინუსები და პლიუსები არაერთგზისაა გაზომილი.

მჯერა, რომ მოგეწონებათ კონცერტი! მჯერა, რომ თქვენი გემოვნებისთვის მისაღებ არტისტებსაც ჩამოვიყვანთ…“

მსგავსი თემები