LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფბა: ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე მომხმარებელთა უფლებები დაუცველია

98

,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – ,,აფბა“ მიიჩნევს, რომ ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე მომხმარებელთა უფლებები ირღვევა და კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს ამ ყველაფერს. ამის შესახებ ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მარეგულირებელმა გაითვალისწინოს არა მხოლოდ კომპანიების, არამედ მომხმარებლების ინტერესებიც.

,,აფბამ ჯერ კიდევ 2010 წელს ჩაატარა ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველო მობილურზე მომსახურების სიძვირის მიხედვით, პოსტსაბჭოთა სივრცეში, პირველ, ხოლო მსოფლიოში, 186 ქვეყანას შორის, მესამე ადგილს იკავებდა და მას მხოლოდ ქუვეითი და სირია ლეონე უსწრებდა სიძვირით. საქართველოზე ბევრად იაფი იყო მობილურით სარგებლობა რუსეთში, ესტონეთში, სომხეთში, უზბეკეთში, ერაყში და ა.შ. საქართველოზე გაცილებით იაფი იყო ფიჭური კავშირგაბმულობით სარგებლობა ეკონომიკურად ჩვენი ქვეყნის დონეზე მდგომ და კიდევ უფრო ჩამორჩენილ ქვეყნებში. სწორედ აღნიშნული კვლევის საფუძველზე მაშინ აფბა-მ კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას საჩივრით მიმართა. ახალგაზრდა ფინანსისტები მივიჩნევდით, რომ სამივე მობილური ოპერატორის მომსახურების ტარიფი 1 წუთზე 28,8 თეთრი, არაადეკვატურად მაღალი იყო. შესაბამისად, კომისიას ვურჩიეთ, ტარიფების შესამცირებლად, გარკვეული ზომები მიეღო. აფბა-ს აქტიურობას შედეგი მოჰყვა, კომისიამ მობილური ოპერატორების ბაზრის საფუძვლიანი კვლევა ჩაატარა და 2011 წელს, მობილურ ოპერატორებს მომსახურების ტარიფის ზედა ზღვრად 1 წუთზე 24 თეთრი განუსაზღვრა”, – განაცხადა კაპანაძემ.

მისივე განმარტებით, ზედა ზღვრის შემცირებამ, ბიძგი მისცა ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე ტარიფების პერიოდულ შემცირებას. მას შემდეგ ტარიფები მცირედით, თუმცა მაინც მცირდებოდა.

”მიმდინარე თვის დასაწყისში კი კომპანია ,,მაგთიკომმა“ სტანდარტული ტარიფი კვლავ გააძვირა 14 თეთრით და მარეგულირებელი კომისიის მიერ დაწესებულ ზედა ზღვარს, 24 თეთრს გაუთანაბრა. კომპანიას ტარიფების ზრდის მიზეზი არ განუმარტავს, მას არც ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია და აღნიშნულთან დაკავშირებით აბონენტების ინფორმირების მიზნით მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნით შემოიფარგლა. ამ ყველაფრით კომპანიამ მნიშვნელვნად დააზარალა მომხმარებელი, ვინაიდან არ მოხდა მათი სათანადო ინფორმირება და აბონენტთა უმეტესობამ არც კი იცის, რომ მომსახურება 14 თეთრით გაუძვირდა”, – აღნიშნა ”აფბას” ვიცე- პრეზიდენტმა.

გიორგი კაპანაძის განცხადებით, აუცილებელია კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია დაინტერესდეს თუ რატომ გაზრდა კომპანია „მაგთიკომმა“ ტარიფი ზედა ზღვრამდე.

,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია, მოუწოდებს კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, რომ დაინტერესდეს კომპანია ,,მაგთიკომის“ მხრიდან ტარიფების ზრდის მიზეზით და თავად კომპანიამაც დააფიქსიროს მკაფიო, დასაბუთებული, პოზიცია თუ რითია განპირობებული არსებული ტარიფების დასაშვებ მაქსიმალურ ზღვრამდე ზრდა. მნიშვნელოვანია, რომ მარეგულირებელმა კომისიამ გაითვალისწინოს მომხმარებელთა ინტერესები და მაქსიმალურად ეცადოს მოხდეს ბაზარზე, არა ტარიფების ზრდა, არამედ მისი შემცირება”, – განმარტა კაპანაძემ.

აფბას შეფასებით, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, განსაკუთებული ყურადღების გამოჩენა მართებს კომპანია ,,მაგთიკომის“ მიმართ, ვინაიდან იგი უახლოეს პერიოდში ინტერნეტ-პროვაიდერ ,,კავკასუს ონლაინს“ შეიძენს, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე უდიდეს წილს მიიღებს და ბაზარზე ფაქტიურად მონოპოლიურ მდგომარეობას მოიპოვებს. იმ შემთხვევაში თუ მარეგულირებელი სათანადო რეაგირებას არ მოახდენს ,,მაგთიკომის“ მიერ ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით, ,,კავკასუს ონლაინის“ შეძენის შემდგომ, არაა გამორიცხული ტარიფები გაიზარდოს ინტერნეტ ბაზარზეც.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები