LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფგან მუხთარლი, ია კერზაია, ანტიჰომოფობიური აქცია – PACE-ში დასმული კითხვები და პრემიერის პასუხები

125
evrosabcho

აფგან მუხთარლის გატაცება, არჩევნების პერიოდში საჯარო მოხელეებზე შესაძლო ზეწოლა, ია კერზაიას საქმე და ჩაშლილი ანტოჰომოფობიური აქცია – ეს ის საკითხებია, რაზეც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს შეკითხვები დაუსვეს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები დაინტერესდნენ, ჩატარდა თუ არა გამოძიება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე, ასევე ჰკითხეს დებს თუ არა ია კერზაიას საქმის გამოძიების პირობას და დაინტერესდნენ,  რას გააკეთებს სახელმწიფო, რომ ლგბტქი ადამიანებმა წელს, თბილისში, ერთ-ერთი ძირეული უფლების – გამოხატვის თავისუფლების განხორციელება, უსაფრთხოდ შეძლონ.

აფგან მუხთარლის საქმე

როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და ის შეფასებას მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გააკეთებს.

“აფგან მუხთარლის საკითხი ძალიან სენსიტიურია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია და კოორდინაცია აზერბაიჯანელ კოლეგებთან. გამოძიება მიმდინარეობს და გავაკეთებ შეფასებას, როდესაც საგამოძიებო მოქმედებები დასრულდება,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ შეკითხვაზე საპასუხოდ.

ია კერზაიას საქმე

ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად ბახტაძემ განაცხადა, რომ ადამიანურ ტრაგედიას გარკვეული პოლიტიკური პარტიები პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებენ.

„რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა ადამიანური ტრაგედია იყო. მსურს, მივუსამძიმრო ია კერზაიას ოჯახის წევრებს. ამასთან, სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკური პარტია პოლიტიკური სპეკულაციებისთვის იყენებს ამ ტრაგედიას. მაქვს მოლოდინი, რომ გამოძიება უპასუხებს ყველა რელევანტურ შეკითხვას ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით,“ — ასე უპასუხა კითხვას ბახტაძემ.

ანტიჰომოფობიური აქცია 

ანტოჰომოფიბიურ აქციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, პრემიერმა პარლამენტის მიერ 7 წლის წინ მიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ კიდევ არის საჭირო კანონმდებლობის გაძლიერება, ამის პოლიტიკური ნება ხელისუფლებას ექნება.

“როგორც მოგეხსენებათ, 7 წლის წინ საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, რაც ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. რაც შეეხება იმ მემარჯვენე ექსტრემისტულ ჯგუფებს, რომლებიც თქვენ ახსენეთ, ეს არის მარგინალური ჯგუფები, რომლებიც ყველა ქვეყენაში არსებობენ. დარწმუნებულნი იყავით, რომ საქართველოში ადამიანთა უფლებები საკანონმდებლო დონეზე მაქსიმალურად მაღალი სტანდარტითაა დაცული.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით და იმ რეკომენდაციებით, რომლებსაც ევროპელი მეგობრებისგან ვიღებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ გავაძლიერებთ. კიდევ ერთხელ დავუბრუნდები ჩემს უმთავრეს არგუმენტს – კანონმდებლობას. ჩვენ გადავდგით დიდი ნაბიჯები ამ მიმართულებით და თუ კიდევ არსებობს მიმართულებები, სადაც ჩვენი კანონმდებლობა უნდა გაძლიერდეს, ჩვენ, ცხადია, ამის პოლიტიკური ნება გვექნება. ჩვენი კანონმდებლობის უკანასკნელი ცვლილებები მყარი გარანტიაა იმის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზე იქნება დაცული,”- განაცხადა ბახტაძემ შეკითხვის საპასუხოდ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები