LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აფხაზეთი საქართველოა“ – აფხაზ გოგონას, რომელმაც TikTok-ზე ეს სიტყვები თქვა, ბოდიში მოახდევინეს და დე ფაქტო შსს-ში დაიბარეს

229
video 44

აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო TikTok-ზე ვიდეოს გამოქვეყნების ფაქტს სწავლობს. ვიდეოში 19 წლის ალიონა ტანია ამბობს, რომ „აფხაზეთი საქართველოა“. 

ე.წ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ პრესამსახურის განცხადებით, „უწყებაში“ „აღშფოთებული მოქალაქეებისგან უამრავი საჩივარი შევიდა“, რის შემდეგაც ისინი გოგოსა და მის მშობლებს გაესაუბრნენ.

ვიდეო, სადაც აფხაზი გოგო ამბობს თვითგამოცხადებული რეჟიმისთვის მიუღებელ ფრაზას, TikTok-ზე წაშლილია, თავად ტანიამ ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ვიდეო მან სხვების თხოვნის გამო ატვირთა სოციალურ ქსელში, თუმცა მომხდარის გამო წუხს.

აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ იუთუბის ოფიციალურ არხზე 29 მარტს გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩანს, პოლიციაში დაბარებული გოგო და მისი მშობლები.

“არ მეგონა, არც ვიცოდი, რომ ჩვენი ქალიშვილი ასეთ რამეს გააკეთებდა, მე ომი გამოვიარე”. – ამბობს ამ ვიდეოში ტანიას მამა.

„მე გამოვაქვეყნე ვიდეო, სადაც ვამბობ, რომ „აფხაზეთი საქართველოა“. მე მთხოვეს ამის გაკეთება. ძალიან ვნანობ და პატიებას ვითხოვ“, – აცხადებს აფხაზი გოგო ვიდეოში.

“ბოდიშით ეს ამბავი არ დამთავრდება, ვიდეოში მონაწილე ყველა პირს დავიბარებთ გამოკითხვაზე”.  – აფხაზეთის პოლიციის ამ პოზიციით სრულდება ვიდეო. ტანიას მიერ ტიკტოკზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მის გარდა კიდევ ორი გოგო ჩანდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საოკუპაციო რეჟიმი სჯის ადამიანს, რომელიც საქართველოს მხარდააჭერას გამოხატავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები