LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღიკვეთოს გავრცელება და დაიწყოს გადაუდებელი გამოძიება – ომბუდსმენი ბავშვზე ძალადობის ვიდეოზე

98

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერს ეხმიანება, რომელშიც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის და ბულინგის ფაქტი იკვეთება. ვიდეო გადაღებულია ბავშვების მიერ და მოიცავს ბავშვის მიმართ სასტიკ დამოკიდებულებას, მუქარას, შეუსაბამო სიტყვებსა და ქმედებებს.

ომბუდსმენი განმარტავს, რომ კადრებში ნათლად ჩანს არასრულწლოვნის სახე, შესაბამისად შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება, რაც არღვევს ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას და საფრთხეს უქმნის მის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას.

“ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ვიდეო ფართოდ ვრცელდება სოციალურ ქსელებში, რაც სახალხო დამცველს ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს:

  • მყისიერად აღიკვეთოს ვიდეო ჩანაწერის გავრცელება;
  • დაიწყოს შემთხვევის გადაუდებელი გამოძიება, მოხდეს მასში მონაწილე პირების და გავრცელების წყაროს იდენტიფიცირება;
  • შესაბამისი ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერა გაეწიოს მსხვერპლ ბავშვს, მათ შორის განხორციელდეს მონიტორინგი სამომავლოდ მისი უფლებების დაცვის და მეორადი ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად;
  • გატარდეს ყველა ღონისძიება ვიდეო ჩანაწერში მონაწილე ბავშვების ძალადობრივი ქცევის კორექციის და მათთვის ყველა შესაბამისი სერვისის შეთავაზების მიმართულებით,”- აღნიშნავს სახალხო დამცველი. 

სახალხო დამცველმა დაიწყო საქმის შესწავლა და გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებასთან.

“ასევე, მოვუწოდებთ საზოგადოებას თავი შეიკავონ ვიდეოს გავრცელებისგან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით,”- აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები