LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აღმოჩენილი ოქროს არტეფაქტები უნიკალურია, მათი ზუსტი ანალოგები დღეისათვის ცნობილი არ არის,“ – შუა ბრინჯაოს ხანის აღმოჩენა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

153
აღმოჩენა თეთრიწყაროში

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ იფნარასა და ქვემო ახალშენს შორის, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგთა გუნდმა ძვ.წ. მე-5 ათასწლეულის ნამოსახლარი გამოავლინა.

მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანი ძვ.წ. XXI-XX საუკუნეებით თარიღდება და თრიალეთის არქეოლოგიურ კულტურას მიეკუთვნება. 

 

 

ყორღანის სამარხ კამერაში აღმოჩნდა: ოქროს თასის ფრაგმენტები, მინის მძივები, 9 ბურთულისაგან შემდგარი შესაკრები მძივი შემკული თვლებით და გავარსით, ოქროს ბიკონოსური და სფერული მძივები. აქვეა აღმოჩენილი ქვის თასი, ჭილობის და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

ეროვნულ მუზეუმის ცნობით, აღმოჩენილი ოქროს არტეფაქტები უნიკალურია და მათი ზუსტი ანალოგები დღეისათვის ცნობილი არ არის.

„შეიძლება ითქვას, რომ ისინი, ლითონის მხატვრული დამუშავების მაღალი ტექნიკით გამოირჩევა არა მხოლოდ კავკასიის, არამედ ახლო აღმოსავლეთის შესაბამისი პერიოდის ძვირფასი ლითონებით დამზადებული არტეფაქტებისაგან,“ – ვკითხულობთ ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღმოჩენილი ნივთების შესწავლა ეროვნული მუზეუმის ლაბორატორიაში მიმდინარეობს. არქეოლოგიური სამუშაოები კი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.