LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აღმოჩენილია სავარაუდო კავშირი საკეისრო კვეთასა და აუტიზმს შორის – „ნიუ-იორკ თაიმსი” ახალი კვლევის შედეგებზე წერს

567
23klass-pregnant-jumbo

საკეისრო კვეთით დაბადებულ ბავშვებს შესაძლოა განვითარებისას აღმოაჩნდეთ გარკვეული განსხვავებები ბუნებრივი წესით დაბადებულ ბავშვებთან შედარებით, რომელიც მათ ნეიროგანვითარებაზე მოახდენს გავლენას.

აღნიშნულთან დაკავშირებით სტატია ,,ნიუ-იორკ თაიმსმა”  გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ მომენტში  საკეისრო კვეთას ბავშვის და დედის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია, მან შესაძლოა საკმაოდ გაზარდოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებული რისკები როგორც დედებში, ასევე ბავშვებში.

ავტორიტეტული გამოცემის სტატიაში ნათქვამია, რომ უახლესმა კვლევამ აღმოაჩინა სავარაუდო კავშირი საკეისრო კვეთასა და აუტიზმის, ან ყურადღების დეფიციტის დარღვევის ჩამოყალიბებასთან.

კვლევა, რომელიც აგვისტოში  JAMA Network Open- ში გამოქვეყნდა, უფრო ადრე ჩატარებული 61 კვლევის შედეგებს ეფუძნება, რომლებიც თავის მხრივ 20 მილიონი მშობიარობის მონაცემებს მოიცავს.

აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, მეცნიერთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ როგორც დაგეგმილი, ასევე დაუგეგმავი საკეისრო კვეთა შესაძლოა 33 %-ით ზრდიდეს აუტიზმის და 17%-ით ყურადღების დეფიციტთან დაკავშირებული დარღვევების განვითარების რისკებს. გარდა ამისა არსებობს უფრო მაღალი ალბათობა, განვითარდეს ასთმა ან წონასთან დაკავშირებული პრობლემები.

ამის მიზეზად მკვლევართა ნაწილი მიკრობიომას მიიჩნევს. ეს არის ყველა იმ ვირუსისა და ბაქტერიის ერთობლიობა,რომლებიც ადამიანის ორგანიზმთან მშვიდობიანად თანაარსებობენ. ბიოლოგიური მშობიარობის დროს ბავშვი კონტაქტში შედის მათთან და დედის ორგანიზმიდან გამოსვლისას მიკროორგანიზმების გარკვეულ რაოდენობას იღებს, რაც მომავალში დადებით გავლენას ახდენს მის ნეიროგანვითარებასა და იმუნიტეტზე.

კვლევები აღნიშნული მიმართულებით ჯერაც გრძელდება. მეცნიერები თანხმდებიან იმაზე,რომ საკეისრო კვეთა უნდა ჩატარდეს, თუკი აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ სამედიცინო ჩვენების საფუძველზე. ისინი ხაზს უსვამენ იმასაც, რომ სავარაუდო კავშირები ნეიროგანვითარების დარღვევებსა და საკეისრო კვეთებს შორის ჯერჯერობით კვლავ სავარაუდო კავშირებად რჩება და  100%-ით ვერავინ დაასახელებს საკეისრო კვეთას აღნიშნული დარღვევების გამომწვევ მიზეზად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები