LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ბარი მდინარეზე – ვინ ამბობს, რომ რაჭაში გართობა არ არის?

9664
ONTHERIVER

მთაში დასვენება ყველამ იცის, რომ კარგი და სასარგებლოა, თუმცა ახალგაზრდები ძირითადად, საზღვაო კურორტებს ეტანებიან – მიზეზი მათ რომ კითხოთ ერთადერთია – “მთაში გართობა არ არის”. რა თქმა უნდა, ეს მიზეზი არ მოქმედებს მათზე, ვისაც ლაშქრობა, ტყეების, ახალი ადგილების, მთების ნახვა უყვარს, თუმცა ბოლო დროს, ახალგაზრდების გააქტიურებითვე შესაძლოა, ზღვის მოყვარულებმა მთაც შეიყვარონ.

განსაკუთრებული პოტენციალი ამ მხრივ რაჭას აქვს.

ბოლო დროს განხორციელებულ პროექტებს, ირინა კობახიძის ბავშვობის ახდენილი ოცნება დაემატა – ამბროლაურის რაიონში, სოფელ სადმელში, სადაც მან ბავშვობა გაატარა, მდინარესთან თანამედროვე ბარი გახსნა.

პროექტის “მდინარეზე” განხორციელებაში, ახალგაზრდა ბიზნესმენს ადგილობრივი თვითმმართველობა დაეხმარა, თან პირველ წელს, სრულიად უსასყიდლოდ.

“ეს იყო ჩემი ბავშვობის ოცნება, გამომდინარე იქედან რომ მთელი ბავშვობა ამ მდინარეზე მაქვს გატარებული. სულ მინდოდა ჩემი კუთხისთვის მცირედი რაღაც მაინც გამეკეთებინა. სამწუხაროა, რომ ჩვენი ულამაზესი კუთხე გასართობი ადგილების ნაკლებიბას განიცდის და სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, თუ რატომ გაჩნდა იდეა. იდეის განხორციელებაში დამეხმარა ადგილობრივი ხელისუფლება ამბროლაურის მერია და ძალიან დიდი მადლობა მათ, მითითებულ ტერიტორიაზე დამრთეს ნება მომეწყო საზაფხულო დასასვენებელი გარემო,” – ამბობს ირინა “ფორტუნასთან.”

 

ახლა ირინამ ყველაფერი, ადგილობრივ ახალგაზრდებთან ერთად გააკეთა, ძირითადად ენთუზიაზმით.

შრომამ და სწორად შერჩეულმა ინტერიერმა, შედეგი გამოიღო და სულ რამდენიმე დღის წინ გახსნილი ბარით, უკვე ძალიან ბევრი დაინტერესდა.

 

“შევეცადე მინიმალური თანხებით გამეკეთებინა კეთილმოწყობილი გარემო, რაშიც ძალიან დამეხმარა თითოეული ის ახალგაზრდა, ვინც აქ ცხოვრობს და მთელი მონდომებით დამიდგნენ მხარში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. დაინტერესება მართლაც ძალიან დიდია, უამრავი ადამიანი მირეკავს და მწერს. ვფიქრობ, ამის მიზეზი არის ის, რომ რაღაცნაირად რაჭის ველურ ბუნებას მოუხდა ის დიზაინი, რაც გავაკეთეთ და ასევე მდინარე, რომელიც არის რაჭაში ყველაზე სუფთა,” – ამბობს “ფორტუნასთან” ინტერვიუში ირინა კობახიძე.

მდინარეზე მისული სტუმრები, კარგ მუსიკასთან, კომფორტულ შეზლონგებთან, სუფთა მდინარესთან და გამაგრილებელ სასმელებთან ერთად, მალე წახემსებასაც შეძლებენ.

“ჩვენთან მოსულ სტუმარს ვთავაზობთ სუფთა მდინარეს, მთის რუჯს კომფორტულ შეზლონგებზე და გემოვნებიან მუსიკას. ასევე გვაქვს სხვადასხვა სახის კოქტეილები და გამაგრილებელი სასმელები, ღვინოებიდან სტუმრებს ვთავაზობთ “ხვანჭკარას”. ბარში მალე სწრაფად მოსამზადებელ საკვებსაც დავამატებთ,“ – ამბობს ირინა.

თუ წელს, ახდენილი ბავშვობის ოცნება გაამართლებს, მომავალ წელს ირინა ადგილს უკვე იჯარით აიღებს და ოცნებას ბიზნესივით მიუდგება – განავითარებს და კიდევ უფრო სასიამოვნო დასასვენებელ გარემოდ აქცევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები