LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახლებურად დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში უმუშევრობის დონე გაცილებით მაღალია

81
6DDFA455-5009-49FB-AE5A-F0C68C795073-w1080-h608-s

დღეიდან, საქსტატი უმუშევრობის დათვლის ახალ მეთოდოლოგიაზე გადავიდა, რომელიც თვითდასაქმებულთა ნაწილს, დასაქმებულებად აღარ მიიჩნევს. აღსანიშნავია, რომ აქამდე საქართველოში უმუშევრობა ითვლებოდა 1982 წელს შექმნილი მეთოდოლოგიით, რომლითაც გამოყვანილი უმუშევრობის რიცხვები რეალობასთან კავშირში არ იყო.

აქამდე მოქმედი მეთოდოლოგიით, უმუშევრად საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 11.6% მიიჩნეოდა, განახლებული მეთოდოლოგიის შედეგად კი, 2019 წლის მდგომარეობით უმუშევრობის დონე 17.6% გახდა. ასევე, გადაითვალა წინა წლების უმუშევრობის მაჩვენებლებიც.

ახალი სტანდარტით, ძველ სტანდარტთან შედარებით, უშევრობის დონე გაცილებით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებში (დაახლოებით 3-ჯერ), ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში განსხვავება შედარებით უმნიშვნელოა. ახალი სტანდარტის მიხედვით დასაქმების დონე 13-15 პროცენტული პუნქტით დაბალია ძველ სტანდარტთან შედარებით.

ახალი სტანდარტის დანერგვით მნიშვნელოვნად შემცირდა თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში (2019 წელს 49.7%-დან შემცირდა 30.7%-მდე). ახალი სტანდარტის დანერგვით შემცირდა ასევე მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონე, რაც დაკავშირებულია თვითდასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილის გადაკვალიფიცირებასთან.

ახალი სტანდარტით, 2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 17.0 პროცენტი შეადგინა.

2020 წლის III კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ) შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 50.3 პროცენტი შეადგინა. აქტიურობის დონე (სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 3.6 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 1.3 პროცენტული პუნქტით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.1 პროცენტული პუნქტით.

2020 წლის III კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 66.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 2.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2020 წლის III კვარტალში უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 1.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია 2.1 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 1.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 1.4 პროცენტული პუნქტით.

აქტიურობის დონე (სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2020 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.2 პროცენტს, ხოლო კაცებში 61.9 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონე (სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე) ქალებში შემცირებულია 2.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.2 პროცენტული პუნქტით.

2020 წლის III კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 1.7 და 0.7პროცენტული პუნქტით.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები