LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალანის მორისეტი: გოგონა უცნაური გარეგნობითა და ხმით, რომელმაც მსოფლიო თავდაყირა დააყენა

398
1

შეუდარებელი კანადელი მუსიკოსისთვის, ალანის მორისეტისთვის ჯერ კიდევ ბავშვობიდან ცხადი იყო, რომ ის მომღერალი გახდებოდა. შვიდი წლის ასაკში საკუთარ თავში სიმღერის საოცარი ნიჭი აღმოაჩინა, ცხრა წლისა კი ის უკვე თავად წერდა სიმღერებს, ათი წლისამ მონაწილეობა მიიღო საბავშვო მუსიკალურ შოუში You Can’t Do That оn Television, რომლის მუდმივ მონაწილედაც აირჩიეს. პირველი ხელფასით მორისეტიმ, სათამაშოს ყიდვის ნაცვლად, სტუდიაში სიმღერის ჩაწერა გადაწყვიტა. Fate Stay With Me, ასე ერქვა ალანისის პირველ სიმღერას, რომელმაც კანადური ტელეარხები დაიპყრო. ამავე წელს ის კანადური პრემიის, „ჯუნიორ ევორდსის“ ნომინანტიც გახდა.

14 წლის საკში ალანის მორისეტიმ ცნობილ ლეიბლთან გააფორმა კონტრაქტი, 90-იანების დასაწყისში კი მისი პირველი ალბომი გამოვიდა. მალევე მომღერალი მიხვდა, რომ მწვერვალების დასაპყრობად ამერიკაში წასვლის დრო დადგა – გადავიდა საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში და ახალი შესაძლებლობების ძიება დაიწყო. ასე შეხვდა პროდიუსერ გლენ ბალარდს და მალევე სტუდიაში ექსპერიმენტულად შეიქმნა სიმღერა Perfect, რომელსაც ჩვენ კარგად ვიცნობთ „გრემის“ მფლობელი ალბომიდან Jagged Little Pill. ალბომი „მავერიკ რექორდსმა“ გამოუშვა და ის 250-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ალბომმა თავდაყირა დააყენა მსოფლიო, ის „გრემის“ ოთხ მთავარ ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

მუსიკალური კარიერის პარალელურად, ალანის მორისეტი აქტიურად ჩაერთო კინოს სამყაროშიც. მაგალითად,  მან ითამაშა კომედიურ ფილმში „დოგმა“, რომლისთვისაც ასევე დაწერა კომპოზიცია Still, ამას მოჰყვა მისი გამოჩენა სერიალში „სექსი დიდ ქალაქში“ და ფილმში ,,ამერიკული ოცნება“.  კრიტიკოსებმა განსაკუთრებულად შეაფასეს ალანის მორისეტის როლი ჯენჯი კოენის სერიალში Weed.

კანადელი მომღერლის, კომპოზიტორის, მსახიობისა და პროდიუსერის შესახებ მოსაყოლი კიდევ ბევრია. ბოლო-ბოლო, მან  მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე გაყიდვადი ალბომი შექმნა და მის ანგარიშზე „გრემის“ შვიდგზის გამარჯვებაა. მაგრამ მოდით, გავეცნოთ საინტერესო ამბებს მის შესახებ:

ალანის მორისეტის ძალიან უყვარს მასწავლებლები. ამბობს, რომ მუსიკალური კარიერა რომ არა, ინგლისური ენის ან ხელოვნების მასწავლებელი გახდებოდა. 2005 წელს მორისეტიმ საკუთარი ძალები მწერლის ამპლუაში მოსინჯა და სხეულისა და სულის თანაცხოვრებაზე წიგნი დაწერა. 2004 წლიდან ის ეკლესიაში გალობს და სხვათა შორის, შვიდი „გრემის“ მიუხედავად, მას ამერიკის მოქალაქეობა მხოლოდ 2005 წელს მისცეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები