LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალიევმა პრესის თავისუფლების შემზღუდავ კანონს ხელი მოაწერა – ქმნის ჟურნალისტების რეესტრს, უწესებს მოთხოვნებს და სანაცვლოდ, იპოთეკის ნაკლებ პროცენტში გამოტანას სთავაზობს

58
აზერბაიჯანელი ჟურნალისტები

პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა მედიის შესახებ ახალი კანონს, რომელიც აზერბაიჯანში პრესის თავისუფლების ფართო შეზღუდვებს მოიცავს.

ერთ-ერთი ასეთი შეზღუდვა ყველა ჟურნალისტისთვის რეესტრის შექმნაა – მათ ოფიციალურ სტატუსი გაუგებარი კრიტერიუმებით მიენიჭებათ, ხოლო შემდეგ შეუძლიათ მიიღონ ისეთი სარგებელი სახელმწიფოსგან, როგორიცაა იპოთეკის ნაკლებ პროცენტში გამოტანა.

პრეზიდენტმა კანონს ხელი 8 თებერვალს მოაწერა. კანონპროექტი კი, აზერბაიჯანის პარლამენტმა გასული წლის 30 დეკემბერს დაამტკიცა.

როგორც ირკვევა, ჟურნალისტების ოფიციალური რეესტრი ნასამართლევ ყველა პირს გამორიცხავს და პოტენციურ მედიის წარმომადგენლებს გარკვეული მოთხოვნების შესრულებას ავალდებულებს.

კანონი მოითხოვს, რომ აზერბაიჯანში მოქმედი მედია ორგანიზაციების მფლობელები აზერბაიჯანში ცხოვრობდნენ. შედეგად, ჟურნალისტები, რომლებიც ამბებს ქვეყნის გარეთ დაფუძნებული ოპოზიციური მედიებიდან აშუქებენ, სისხლისსამართლებრივ დევნას დაექვემდებარებიან.

ამასთან, ახალი ამბების ონლაინ გამოცემები, რომლებსაც დღეში 20 მასალაზე ნაკლები ექნებათ, ლეგალურად მედიად არ იქნებიან აღიარებულები.

კანონი, ასევე, ითვალისწინებს, რისი გაშუქება შეუძლიათ ჟურნალისტებს, კერძოდ, მოიცავს მოთხოვნას, რომ მათ ამბები მხოლოდ „ობიექტურად“ გააშუქონ, თუმცა „ობიექტურობის“ განმარტება განსაზღვრული არ არის — რაც ხელისუფლების წარმომადგენლებს უტოვებს სივრცეს, რომ კანონის საკუთარი ინტერპრეტაცია მოახდინონ.

„კანონი მედიაზე კონტროლის გაძლიერებასა და ცენზურის დაკანონებას ისახავს მიზნად“, — აცხადებს რეპორტიორების საზღვრებს გარეშეს (RSF) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ხელმძღვანელი, ჟან კაველიე RSF-ის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.

კანონს აზერბაიჯანელი ჟურნალისტების მწვავე კრიტიკაც მოჰყვა.

 

 

„პრეზიდენტმა ალიევმა მედიის შესახებ დრაკონულ კანონს მოაწერა ხელი. ჩვენ, ჟურნალისტები აღარ ვართ ლეგალურები ამ ქვეყანაში“, — დაწერა საკუთარ Facebook-ზე გამომძიებელმა ჟურნალისტმა, ხადიჯა ისმაილოვამ.

როცა კანონის შესახებ პირველად გახდა ცნობილი, ჟურნალისტების არაერთმა ჯგუფმა პარლამენტის შენობის წინ აქციები მოაწყო — პროტესტი ძალის გამოყენებით დაშალეს. მთავრობის წევრები მტკიცედ აგრძელებდნენ კანონპროექტის დაცვას.

„მე ვფიქრობ, კანონი მედიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს დაარეგულირებს. ის იცავს მედიის დამოუკიდებლობას, სიტყვის თავისუფლებას და მათზე სანქციას ან შეზღუდვას არ აწესებს“, — თქვა მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ დეპუტატმა, აიდინ მირზაზადემ ამერიკის ხმასთან.

აზერბაიჯანი მედიის თავისუფლების მხრივ მსოფლიოში ყველაზე შემზღუდველი ქვეყნების სიაშია — რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს მონაცემებით, პრესის თავისუფლებაში 180-დან 167-ე ადგილს იკავებს.

 

წყარო: OC Media

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები