LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ცოდვით უნდა ვიცხოვრო მთელი ცხოვრება. ვერაფერს ვერ შევცვლი“ – სასამართლომ წყნეთში მომხდარი მკვლელობის ბრალდებულ დეტექტივს პატიმრობა შეუფარდა

216
ერიკ წურწუმია

თბილისის საქალაქო სასამართლომ მე-4 სამმართველოს დეტექტივს, ერიკ წურწუმიას, რომლის მიერ გასროლილ ტყვიასაც 30 წლის ზურაბ გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა პატიმრობა შეუფარდა. 

თავად ბრალდებულმა, ერიკ წურწუმიამ კი, სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ „სამწუხარო ფაქტი მოხდა და ვერაფერს ვერ შეცვლის.“

„სამწუხარო ფაქტი მოხდა, გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი ამ მძიმე მარხვაში. ამ ცოდვით უნდა ვიცხოვრო მთელი ცხოვრება. ვერაფერს ვერ შევცვლი“,– განაცხადა წურწუმიამ.

შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს, წყნეთში, ლადო გუდიაშვილის ქუჩაზე, ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს დეტექტივის, ერიკ წურწუმიას მიერ გასროლილ ტყვიას 30 წლის ზურა გველესიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

“არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, გულის არეში ჰქონდა ნასროლი” – რას ჰყვება წყნეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თვითმხილველი

გამოძიების ინფორმაციით, ერიკ წურწუმიას ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას, ზურა გველესიანის დაკავების ღონისძიების განხორციელების დროს, შემთხვევით გაუვარდა სამსახურებრივი იარაღი, რის შედეგადაც გველესიანი გარდაიცვალა.

“მიწიდან ამოღებული ნივთი გადაყლაპა და გაქცევა დააპირა” – ახალი გარემოებები წყნეთში, 30 წლის კაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის საქმეზე

წურწუმიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ერიკ წურწუმიას 5-დან 8-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მთავარ სლაიდზე ფოტო: IPN