LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ ლიდერმა, მისმა მორალურმა გამბედაობამ მსოფლიოს მეორე არმია ხერხემალში გადატეხა“ – მარგველაშვილი ზელენსკიზე

71
C3213D0F-E282-4FF5-A804-0A77F9304B1D

„აი, ამ ლიდერმა – მისმა მორალურმა გამბედაობამ მსოფლიოს მეორე არმია ხერხემალში გადატეხა“, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ განაცხადა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

მისი მოსაზრებით, ზელენსკის უპირატესობა უკრაინელი ხალხის გვერდით დგომამ განაპირობა, რადგან ის კარგი ლიდერია.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, უკრაინის წარმატება მასზე, როგორც ლიდერზეცაა დამოკიდებული, რადგან 2014 წელს, როცა რუსეთი უკრაინას ებრძოდა, ხალხმა ამ ომში გამარჯვება ლიდერის გარეშე ვერ შეძლო.

„კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას დღეს რაც ხდება მსოფლიოში, იცვლება გეოპოლიტიკური ვექტორი და მსოფლიოს მეორე არმია, როგორც ის თავის თავს ეძახდა და მართლა ბევრად მეტი შეიარაღება და ხალხი ჰყავდა, ჯერ იყო და კიევთან დამარცხდა, ახლა ხარკოვთან დამარცხდა და ბოლომდე დამარცხდება.

ამის მიზეზი არ გეგონოთ, რომ არიან ან ამერიკელები ან ინგლისელები ან მასონებმა გადაწყვიტეს, ასე გადაწყვიტა ერთი კაცმა და მისმა ხალხმა – ეს იყო ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც უთხრეს, რომ გაიქეცი კიევიდან, რადგან სამ დღეში აიღებენო, მაგრამ მან თქვა: არა, მე აქ ვიდგები.

და, ეს იყო ხალხი, რომელიც  გვერდით დაუდგა. იგივე ხალხმა 2014 წელს ვერაფერი გააკეთა, რადგან ლიდერი არ ჰყავდათ. აი, ამ ლიდერმა მსოფლიოს მეორე არმია ხერხემალში გადატეხა, რომელიც დღეს ძალიან მეცოდება, რადგან იმ 300 ათას ადამიანს გააგზავნის, რომელიც იქ ჩაიხოცება.

ძალიან მეცოდებიან დღეს ისინი რუსეთში, მაგრამ ეს გააკეთა ერთმა ადამიანმა და იცოდეთ, რომ აი, იმ ერთი ადამიანის როლი და მორალური გამბედაობა შეცვლის ყველაფერს და საქართველოშიც ასე იქნება.“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა „ფორმულას“ ეთერში.