LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ რეგულაციებით გახსნაც კი არ ღირს“ – სარესტორნო ბიზნესი გამოწვევის წინაშეა

689
85039040-2658000777570105-6076272722516639744-n

სარესტორნო ბიზნესი გამოწვევის წინაშე დგას. დაწესებული რეგულაციების გამო, რომელიც მთავრობამ კორონავირუსის ფონზე მიიღო, ბიზნესის ამ მიმართულებას კრიზისი, სავარაუდოდ, უფრო მეტად შეეხება.

უკვე ცნობილია, რომ კვების ობიექტებისთვის შემუშავებული რეკომენდაციების მიხედვით, მაგიდასთან უნდა მოთავსდეს არაუმეტეს 6 ადამიანი, მომხმარებლებს შორის დისტანცია კი მინიმუმ 1 მეტრს უნდა შეადგენდეს. გარდა ამისა, ობიექტებმა მომხმარებლებისა და თანამშრომლების ყოველდღიური თერმოსკრინინგი უნდა უზრუნველყონ.

ბართან მომხმარებლების პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილების მიზნით, სასმელით მომსახურება ინდივიდუალურად უნდა მოხდეს, მენიუ კი ერთჯერადი ან ელექტრონული იყოს.

იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება 2-მეტრიანი უსაფრთხო დისტანციის დაცვა, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დროებითი დამცავი ბარიერი.

სარესტორნო ბიზნესი ახალ რეგულაციებს აკრიტიკებს.

ბარებისა და კლუბების საინიციატივო ჯგუფმა მთავრობას უკვე მიმართა. ისინი ითხოვენ დადგინდეს დახურული ბარების, კლუბებისა და მუსიკალური სივრცეების გახსნის ზუსტი თარიღი, რომელიც ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, მათ აქვთ რიგი მოთხოვნები.

ამ საკითზე სასაუბროდ „ფორტუნა“ ბარ “სახელოსნოს” დამფუძნებელს, ივანე მაჭავარიანს ესაუბრა, რათა გაგვერკვია ის პრობლემები და მოთხოვნები, რაც ამ სფეროს წარმომადგენლებს აქვთ.

 

ბატონო ივანე, ვისაუბროთ იმ ძირითად პრობლემებზე, რის წინაშეც ახლა სარესტორნო ბიზნესი დგას. რა გამოწვევის წინაშე აღმოჩნდით?

თქვენ წარმოგიდგენიათ მაგიდებს შორის დაშორება 2 მეტრი 100 კვადრატულ მეტრიან ტერიტორიაზე? ანუ მუშაობის 50% დატვირთვაც კი არ გვექნება, გამოდის სადღაც 10% დატვირთვა. შესაძლოა უბრალოდ იჯარის თანხაც ვერ ამოიღო, იმაზე საუბარი ზედმეტია, რომ ხელფასი გადაიხადო.

ფაქტობრივად გინახევრდებათ მომხმარებელი, ასე გამოდის?

დიახ. ერთჯერადი და ელექტრონული მენიუ – ეს კიდევ დამატებითი ხარჯია. ელექტრონული მენიუს პროგრამა რომ დაწერო, ესეც ხარჯია.

გაცემული რეგულაციების აღსასრულებლად საჭირო ხარჯებისთვის სახელმწიფო თუ გეხმარებათ?

ჩვენ გვქონდა პრესკონფერენცია. რა მოთხოვნებიც იყო, მხოლოდ ერთი დაკმაყოფილდა, ისიც ზუსტად არ ვიცით ჩვენ გვეხება თუ არა. ბატონმა გახარიამ გაახმოვანა, რომ 8 ივნისს იხსნება ყველა სახის დაწესებულება, ღია რესტორნები 1 ივნისს იხსნება, დანარჩენი 8-ში. თუმცა რა რეგულაციებით, რანაირად, როგორ – ეგ ჩვენ არ ვიცით.
დანარჩენი რა მოთხოვნაც გვქონდა, სესხი, ასევე სარეკრეაციო ზონა, ქალბატონმა ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არ განიხილება, რადგან ჩვენ არ ვეკუთვნით ტურისტულ ბიზნესს.

ანუ თქვენ უკვე მიიღეთ პასუხი ეკონომიკის მინისტრისგან?

დიახ, ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ ამ ეტაპზე არ განვიხილებით, რადგან არ ვართ ტურისტული ბიზნესი.

მოდი, ერთხელაც დავასახელოთ ის მოთხოვნები, რაც გაქვთ. კონკრეტულად რას ითხოვთ სახელმწიფოსგან?

პირველ რიგში, იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად კლუბებისა და ბარების, ასე ვთქვათ, დახურული სივრცეების ფართობი შეადგენს დაახლოებით, 5-დან მაქსიმუმ 300 კვ/მ-მდე, ვითხოვთ, რომ რეგულაციების განხილვაში, რომლებსაც მთავრობა მიიღებს ჩვენს მიმართ, ჩვენც ჩავერთოთ, რადგან ჩვენ გვაქვს ჩვენი სპეციფიკა.

თუ გესაუბრათ ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხებთან დაკავშირებით?

ბატონმა კალაძემ, ჩვენმა მერმა, როდესაც განაცხადა, რომ 300-მდე ობიექტი გამოიკითხა და ამის მიხედვით შეადგინეს გარკვეული რეგულაციები, ამ 300 ობიექტში ასე ვთქვათ, მოწინავე ბარები და კლუბები, არავინ არ გამოუკითხავთ. “ბასიანი” ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე კლუბია, ის არ გამოუკითხავთ და სხვა ვინ გამოკითხეს არ ვიცი.
მეორე მოთხოვნა: ჩვენ ვართ ტურისტული ბიზნესის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი – ღამის ცხოვრების სავიზიტო ბარათი.
ახალგაზრდა ტურისტი ძირითადად დაინტერესაებულია არამარტო ჭამით, არამედ გართობითაც. ვითხოვდით, ჩვენთვისაც ყოფილიყო გამოყოფილი, ასე ვთქვათ, იაფიანი სესხი, როგორც მოხდა სასტუმროებთან და ტურისტულ ბიზნესთან დაკავშირებით.
კი არ ვთხოვდით, რომ თანხა მოეცათ, არა, უბრალოდ დამდგარიყვნენ შუამავლად ბანკებთან, რომ ავიღოთ გარკვეული სესხი. რადგან 2-3 თვის განმავლობაში ბრუნვა არ გვიფიქსირდება და ბანკები უბრალოდ სესხის გაცემაზე უარს ამბობენ.

გასაგებია, რომ გარკვეულ მოთხოვნებზე უარი უკვე მიიღეთ. თქვენ სახელმწიფო ბალანსზე არსებული ღია სივრცეების გამოყენების ინიციატივითაც მიმართეთ მთავრობას. ამაზეც უარი მიიღეთ?

დაკონკრეტებით უარი არ მიგვიღია. უბრალოდ, ითქვა ის, რომ კლუბებისა და ბარებისთვის სახელმწიფოსგან რაიმე სახის დახმარება არ განიხილება, რადგან ჩვენ ტურისტულ ბიზნესს არ ვეკუთვნით.

თუ გაიხსენით იმ შემთხვევაში, დეზინფექციის ნაწილში არსებული რეკომენდაციები რესტორნებისთვის, ასევე ბარებისთვის უცხო ალბათ არ არის. თუმცა, დისტანცირება ავტომატურად ნაკლებ მომხმარებელს ნიშნავს. აზრი აქვს თუ არა ასეთ დროს ბიზნესის გახსნას?

გეტყვით სპეციფიკას. სიტყვაზე ბარი „სახელოსნო“ არის 110 კვადრატული მეტრი, მაგიდების რაოდენობა სულ არის 8, იმიტომ, რომ ეს არის ბარი, ეს არის სოციალური სივრცე, სადაც იკრიბება 400-500 ადამიანი ყოველდღიურად. ბარმენთან ურთიერთობა არ შეიძლება, რადგან სასმელს ვეღარ იყიდით ბარმენთან, უნდა მიიტანოს მიმტანმა მაგიდასთან.
თქვენ წარმოგიდგენიათ 110 კვადრატულ მეტრში 2 მეტრ დისტანციაზე მყოფი ადამიანები?
ეს არის სულ 20 კაცი. ფაქტობრივად, ამ რეგულაციების მიხედვით, გახსნაც კი არ ღირს, იქიდან გამომდინარე, რომ იჯარასაც ვერ გადავიხდი, ხელფასებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.

რაც შეეხება ფასების მატებას, რა მოლოდინები გაქვთ ამ მხრივ, ბუნებრივია იმ შემთხვევაში, თუ გაიხსენით?

დარწმუნებული ვარ, ფასების მატება მოხდება. პირველი მიზეზია დოლარის კურსია, თავად დისტრიბუცია მოგვაწვდის გაძვირებული ფასებით, რადგან მათაც აქვთ პრობლემები შემოტანასთან დაკავშირებით. თუ გავიხსენით, ჩვენც მოგვიწევს რაღაცეებზე თანხის მომატება, იმისთვის, რომ გარკვეული შემოსავალი მაინც მივიღოთ. ეს კიდევ გამოიწვევს იმას, რომ ის სეგმენტი, რომელიც ჩვენზეა გათვლილი, ახალგაზრდობა, შესაძლებელია უბრალოდ მთლიანად დავკარგოთ.

თქვენ თანამშრომლები დაითხოვეთ, რა ეტაპზე ხართ?

ამ მომენტისთვის დროებით უმუშევრები არიან. იმ სესხსაც პირადად ჩვენი ბარი იმისთვის ვითხოვთ, რომ იჯარა გადავიხადოთ და ჩვენს თანამშრომლებს, რაღაც გარკვეული თანხა მაინც მივცეთ, რათა მათ შეძლონ და იკვებონ მაინც, შიმშილით რომ არ დაიხოცონ. 200 ლარი არავის არაფერში არ ეყოფა. მაგრამ იმ რეგულაციებით, რომლებიც ახლა ჩანს, მოგვიწევს თანამშრომლების ნახევარზე მეტია დათხოვნა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები