LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამომრჩეველთა სიები – ოპოზიცია ისევ გაყალბების საფრთხეზე საუბრობს

საქართველოში ამომრჩეველთა სია მუდმივად კამათის საგანია, რადგან წლების განმავლობაში ვერ თუ არ  ხდება სიის ისე დაზუსტება, რომ სიებში მიწერილი არარსებული ქუჩები და ამ არარსებულ ქუჩებსა თუ არსებულ მისამართებზე არარსებული  ადამიანები არ ფიქსირდებოდეს. ამ პრობლემას ხელისუფლება და სპეციალისტები სხვადასხვა მიზეზით ხსნიან. ოპოზიცია კი ისევ გაყალბების საფრთხეზე საუბრობს, რადგან ე.წ. საარჩევნო კარუსელებისთვის, როგორც წესი,  სწორედ ასეთი ფაქტების გამოყენება ხდება.  

ჯერ კიდევ არის დარჩენილი რამდენიმე დღე, რომ ამომრჩეველმა საკუთარი თავი ერთიან სიაში გადაამოწმოს და შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, ცესკოს გასწორება მოსთხოვოს. ეს ვადა 15 ოქტომბერს იწურება.

საქართველოში ამომრჩევლებს საკუთარი თავის და ოჯახის წევრების გადამოწმება რამდენიმე გზით შეუძლიათ.  ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა სია, რომელიც ატვირთულია როგორც ცესკო-ს ვებგვერდზე, ასევე, ხელმისაწვდომია სპეციალური აპლიკაციების საშუალებით, მორგებულია ანდროიდის ტელეფონებსა და პლანშეტებზე, ასევე, ios-ის სისტემაზე. ამ ელექტრონული პროგრამების გამოყენების საშუალებით, ამომრჩევლებს მარტივად შეუძლიათ, გადაამოწმონ პირადი მონაცემების, იურიდიული მისამართების და სხვა დეტალების სიზუსტე, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში კი აცნობონ ცესკო-ს. 

ცესკო-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, ანა მიქელაძის. ცნობით, აღნიშნული პროგრამით არაერთი ამომრჩეველი ცდილობს ამომრჩეველთა სიაში საკუთარი თავის გადამოწმებას.

„22-დან 25 აგვისტომდე. დაახლოებით. 275 ათასმა ამომრჩეველმა გადაამოწმა საკუთარი მონაცემები. ბუნებრივია, მოქალაქეებს საარჩევნო უბნებზე შეუძლიათ, გადაამოწმონ ინფორმაცია – თვითონ მივლენ და იქ ნახავენ საკუთარ თავს. გარდა ამისა, კიდევ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები 73-ვე ოლქში, ასევე, მათი დამხმარეები, ცესკო-ს თანამშრომლები, მათ შორის, სწავლების სსიპ-ის თანამშრომლები, ქუჩებში, მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა სოფელში აქციის სახით ახორციელებენ ინფორმირების კამპანიას. მათ სთავაზობდნენ საკუთარი თავის შესახებ მონაცემების გადამოწმებას,“ – აღნიშნა ანა მიქელაძემ.

მიქელაძის თქმით, ის უზუსტობები, რომლებიც ამომრჩეველთა სიებშია გაპარული, ეტაპობრივად სწორდება. მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ სიებში ცვლილების შეტანის საბოლოო თარიღი, კანონმდებლობის თანახმად, 3 ოქტომბერი იყო.

„3 ოქტომბერი არის ბოლო ვადა, როდესაც შეიძლება, ამომრჩეველმა მოითხოვოს ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანა. ამის შემდეგ შესაბამისი უწყებები მოახდენენ ცვლილებას. ეს შეიძლება, იყოს რეგისტრაციის შეცვლა, გარკვეული მონაცემების დამატება, შესწორება, შეიძლება, სახელი და გვარი იყოს არასწორად მითითებული – ამ ყველაფრის დაზუსტება და შესწორება ხდება. საბოლოო მონაცემი, როდესაც ამომრჩეველთა სიაში არანაირი ცვლილების შეტანა არ შეიძლება, არის არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მეექვსე დღისა, რაც 15 ოქტომბერია,“ – განაცხადა მიქელაძემ.

საარჩევნო სიებში არსებულ სხვდასხვა უზუსტობაზე საუბრობენ ოპოზიციურ პარტიებში.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ხათუნა გოგორიშვილის, თქმით, კარდაკარის პრინციპით მუშაობის პროცესში პირადად მას და მის პარტიას დარღვევის არაერთი შემთხვევა აქვთ აღმოჩენილი. ხათუნა გოგორიშვილი „ფორტუნასთან“ ერთი კონკრეტული დარღვევის მაგალითს იხსენებს.

„ისანში, ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში, არის ქუჩა, რომელიც ბუნებაში არ არსებობს – აბრამიშვილის ქუჩა, რომლის 80, 82 და 84 ნომრები შეტანილია საარჩევნო სიაში. გარდა იმისა, რომ ეს ქუჩა არ არსებობს, ძალიან უცნაურია, რომ ქუჩას ჰქონდეს მხოლოდ 80, 82 და 84 ნომრები და პირველიდან არ იწყებოდეს. ჩვენ ეს ინფორმაცია, როგორც სხვა მსგავსი ინფორმაცია, ოფიციალურად მივაწოდეთ  საოლქო კომისიას. ერთი ის არის, როდესაც ქვეყნდება მისამართები, მაგრამ მეორეა, როდესაც აღნიშნულ მისამართებზე გაჩნდება გვარები. ახლა ამ მეორე ეტაპით ვართ დაკავებული,“ – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

გოგორიშვილის ცნობით, ყველა ასეთი დარღვევა გადაგზავნილი აქვთ შესაბამის საოლქო კომისიაში. მისივე თქმით, თეორიულად შესაძლებელია, რომ არსებობდეს მისამართი, სადაც ჯერ არ იყოს სახლი აშენებული, მაგრამ როგორც მისამართი, ფიქსირდებოდეს.

„თუ ასეთ მისამართებზე გაჩნდება ამომრჩეველი, ეს უკვე პრობლემაა. ასეთი შემთხვევა არაერთი იყო. ეს, ძირითადად, თბილისსა და ქალაქებში ხდება,“  – დასძინა გოგორიშვილმა.

მსგავს პრეცენდენტებზე საუბრობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, კოტე იოსელიანი. მისი ინფორმაციით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ორი კვირის წინ წარადგინა პრეზენტაცია, სადაც არარსებულ კორპუსებზეა საუბარი.

„მერიამ გასცა დასტური ყალბ მისამართებზე, იუსტიციის სახლმა ამ ყალბ მისამართებზე დაარეგისტრირა ადამიანები და გასცა მათზე აიდი ბარათები, ცესკო-მ ეს ყალბი ადამიანები გადაიტანა საარჩევნო სიებში და ეს ადამიანები, სავარაუდოდ, მოვლენ არჩევნებზე და კალაძის ყალბი სიცოცხლით სავსე თბილისს დაუჭერენ მხარს. ეს არის სახელმწიფო დონეზე განხორციელებული გაყალბება, ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული. ამას, რა თქმა უნდა, ძალიან მალე აეხდება ფარდა. იმედი გვაქვს, რომ „ქართული ოცნება“ გონს მოეგება და ჩაატარებს ღია და დემოკრატიულ არჩევნებს,“ – განაცხადა კოტე იოსელიანმა.

იოსელიანი კახა კალაძეს „კრიმინალს“ უწოდებს, რომელიც მერობის შემთხვევაში, მისივე თქმით, „იმ სიბრიყვეებს და მავნებლობებს, რაც ნარმანიამ ქალაქს გაუკეთა, კალაძე დაუმატებს კრიმინალს“.

 წინასაარჩევნოდაც ჩანს, რომ არანაირ რეალურ კამპანიას არ ეწევიან იმიტომ, რომ მათ წინასწარ  დათვლილი აქვთ, კონკრეტულ უბანზე რამდენი ხმა სჭირდებათ იმისთვის, რომ მოიგონ. ეს არის ოლიგარქიული არჩევნები, რომელსაც მომავალი არ აქვს. კალაძემ როგორ შეიძლება თბილისის მერობა მოირგოს, ერთი ჩვეულებრივი კრიმინალია, რომელიც ნარმანიას სიბრიყვეებს და მავნებლობებს, რაც მან ქალაქს გაუკეთა, დაუმატებს კრიმინალს, ქურდულ მენტალიტეტს, ქრთამს და კორუფციას,“ – აღნიშნა იოსელიანმა.  

განსხვავებული ხედვა აქვს „ახალი მემარჯვენეების“ წარმომადგენელს, მამუკა კაციტაძეს. მისი თქმით, პრობლემები, რომლებზეც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები საუბრობენ, დამისამართების საკითხს უკავშირდება.

„დამისამართების გაწელილმა პროცესმა ასეთი პრობლემები თავის დროზე მრავლად შექმნა. ქუჩები არ იყო დამისამართებული, მერე მათ დაერქვათ ერთი სახელი.  ხშირ შემთხვევაში ახალ დასახლებებს ან სახელგადარქმეულ ქუჩებს, რომლებსაც ინტენსიურად ეცვლებათ სახელები, შეაქვთ ხოლმე ასეთი ტიპის პრობლემა პროცესში. მე, პირადად, ბოლო პერიოდში ასეთი პრეცედენტი არ შემხვედრია, რადგან „ახალი მემარჯვენეები“ ამ არჩევნებში ნომინალურად, ანუ ფორმალურად ვიღებთ მონაწილეობას, ასე ღრმად არ ვართ ჩართული ამომრჩეველთა სიის შესწავლაში,“ – აცხადებს კაციტაძე.

მამუკა კაციტაძე ხაზს უსვამს, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით ყველანაირი პრობლემა თუ ხარვეზი თითქმის აღმოფხვრილია და იხსენებს 2003 წელს, როდესაც ამ პრობლემას, არც მეტი, არც ნაკლები, „ვარდების რევოლუცია“ მოჰყვა.

„პრობლემა, რომელიც ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით არსებობდა წლების განმავლობაში საქართველოში და რომლის ნიადაგზეც 2003 წელს, არც მეტი, არც ნაკლები, „ვარდების რევოლუცია“ მოხდა, დღის წესრიგიდან მოიხსნა იმიტომ, რომ გაწეულ იქნა რამდენიმე სერიოზული ხასიათის ღონისძიება. ასე რომ, მკვდარი სულების, გაორებების, მიწერების თემა და ა.შ., დღეს არ წარმოადგენს იმ ტიპის პრობლემას, რომელზეც შეგვიძლია, ვილაპარაკოთ, როგორც სერიოზულ გადაცდომაზე საარჩევნო პერიოდში,“ – დასძინა კაციტაძემ.  

„ახალი მემარჯვენეების“ წევრი კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს – საზღვარგარეთ წასულ ამომრჩევლებს შეეხო, რომლებიც საქართველოში ამომრჩეველთა სიებში კვლავ გვხვდებიან.

„ამომრჩეველი, რომელიც საზღვარგარეთაა გასული, თან არალეგალია, რეალურად ის ითვლება იურიდიულად საქართველოში. ის ფაქტობრივად იმყოფება საზღვარგარეთ. ისეთი ადამიანის სიიდან ამოღება, რომელსაც აქვს პირადობის მოწმობა და არის კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებული, არის კანონდარღვევა ნებისმიერი სტრუქტურის მიერ. ადამიანი თუ საზღვარგარეთაა გასული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის სიიდან უნდა ამოვიღოთ. თუ ასეთი დათქმა იქნება, მაშინ კანონში შესაბამისი შესწორება უნდა მოხდეს, უნდა ჩატარდეს წინასწარი რეგისტრაცია და დეფაქტო არსებული ამომრჩევლის მიერ უნდა იქნას შედგენილი ამომრჩეველთა სია,“ – ამბობს მამუკა კაციტაძე.

ოპოზიციონერი ლიდერის შეფასებით, ცალკეული ერთეული გადაცდომები შეიძლება, არსებობდეს, მაგრამ, მისივე თქმით, ამომრჩეველთა სია, უკვე მეექვსე წელია, როგორც პრობლემა, დღის წესრიგიდან მოიხსნა.

 

 

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები