LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე: ჩამოდით ჩვენი გადასახადებით ნაყიდი ავტომობილებიდან, დააბრუნეთ ბენზინი, რომელსაც ბიუჯეტის ფულით მოიხმართ და შემდეგ ვისაუბროთ ტრანსპორტის გაძვირებაზე

132

პარტია „ხალხისთვის“ წარმომადგენლებმა თბილისის საკრებულოსთან ფეხსაცმელები მიიტანეს და საპროტესტო „აქცია-პერფომანსი“ გამართეს – „ნუ გაუძვირებთ, ისედაც გაჭირვებულ ხალხს, მგზავრობას“. აქციის მონაწილეებმა მაღალჩინოსნებს მოუწოდეს, უარი თქვან ძვირადღირებული მანქანებით სარგებლობაზე და თავადაც მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილდნენ.

„დღევანდელ სოციალურ ვითარებაში, მერია და „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრები აპირებენ, ჩვენ მოქალაქეებს გაუძვირონ მთავარი საარსებო წყარო – საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მაშინ, როდესაც თბილისის საკრებულოს წევრების უმრავლესობას ემსახურება ჩვენი გადასახადებით ნაყიდი ავტომობილები და მერიის ხელმძღვანელობას ჰყავს არაერთი ავტომანქანა, მათთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რას ნიშნავს გაჭირვებულ ოჯახებს, რომლის წევრებიც თვეში 400-500 ლარად მუშაობენ, ერთბაშად ამოაცალო ჯიბიდან 250 ლარი – ანუ ნახევარი თვის შემოსავალი.

ეს იდეა დაწერა ხალხმა, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს რა გამოწვევების წინაშეა ჩვენი ხალხი. ჩამოდით მანქანებიდან, ჩამოდით ჩვენი გადასახადებით ნაყიდი ავტომობილებიდან, დააბრუნეთ ბენზინი, რომელსაც ბიუჯეტის ფულით მოიხმართ და შემდგომ ვისაუბროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირებაზე. ჩვენ აქციაზე მოვიტანეთ ფეხსაცმელი, როგორც სიმბოლო იმ ადამიანების, რომლებსაც არ ჰყავთ ავტომანქანა და ტრანსპორტის გაძვირების შემთხვევაში ფეხით მოუწევთ სიარული. ამიტომ, ტრანსპორტის გაძვირება დაუშვებლად მიგვაჩნია და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ იგი თბილისის საკრებულომ არ დაამტკიცოს,“ – განაცხადა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ.

პარტია „ხალხისთვის“კიდევ ერთი წარმომადგენლისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ალექსანდრე რატიშვილის განცხადებით, ტრანსპორტის გაძვირება ყველა ჩვენი მოქალაქის ყოველდღიური ცხოვრების ინტერესს, პირდაპირ ეწინააღმდეგება.

„წინასაარჩევნოდ ჩვენ ამომრჩეველს ვპირდებოდით, რომ მრავალ სხვა საკითხთან ერთად, ვიმუშავებდით სატრანსპორტო პოლიტიკაზე, თუმცა არჩევნებიდან ძალიან მალე, მოგვიწია ტრანსპორტის ტარიფების გაზრდაზე და ადამიანების გადარჩენაზე მსჯელობა. თბილისის მერიის გადაწყვეტილება ტრანსპორტის მომსახურების გაძვირებასთან დაკავშირებით, არის დაუშვებელი.

ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი მოქალაქის ყოველდღიური ცხოვრების ინტერესს. იმის მაგივრად, რომ გავაიაფოთ ან საერთოდ უფასო გავხადოთ ტრანსპორტი, რისი არაერთი მაგალითიც გვაქვს სხვადასხვა ქვეყანაში, მერია იღებს სრულიად მიუღებელ გადაწყვეტილებას და ასობით ათასობით ადამიანს, რომელიც ისედაც ძლივს ირჩენს თავს, ეუბნებიან, რომ 250 ლარი გადაიხადონ მგზავრობისთვის. ამაზე ჩვენ დავიწყებთ ძალიან პრინციპულ ბრძოლას საკრებულოში და იმედი მაქვს, შედეგს გამოიღებს, რადგან ვფიქრობ, ეს „ქართული ოცნების“ რეპუტაციაზე მძიმედ აისახება,“ – აღნიშნა ალექსანდრე რატიშვილმა.