LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა წითლიძე: ენგურჰესის ხელმძღვანელობა რუსებს მეორე ტურისთვის ენგურის ხიდის ჩაკეტვას სთხოვს

107
ანა წითლიძე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, ენგურჰესის დირექტორი, ლევან მებონია და სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჯონი ჭანია დევნილებს პირადობის მოწმობებს ართმევენ, რათა მათ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლონ. 

მისივე თქმით, ისინი, ხელისუფლების დავალებით, ასევე მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსულ მხარესთან, რომ 30 ოქტომბერს ენგურის ხიდი ჩაიკეტოს და გალში მცხოვრებლებმა ხმის მიცემა ვერ შეძლონ.

„რაც ყველაზე მთავარია და საგანგაშოა, ეს ადამიანები აწარმოებენ მოლაპარაკებას რუს ოკუპანტებთან ხელისუფლების დავალებით, რომ 30 ოქტომბერს ჩაიკეტოს ე.წ საზღვარი და დევნილებმა არჩევნებში ვერ მიიღონ მონაწილეობა,“ – განაცხადა ანა წითლიძემ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ ფაქტების შესახებ ენმ-ს აქვს მტკიცებულებები, რომლებსაც  საერთაშორისო დამკვირვებლებს აუცილებლად გადასცემენ.

„მოვუწოდებ ყველა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციას, დაინტერესდნენ ამ ფაქტებით,“ – დასძინა წითლიძემ.

დეპუტატის საპასუხოდ, ლევან მებონიამ ანი წითლიძის განცხადებას „წარმოუდგენელი თავხედობა და ტყუილი“ უწოდა.

„მოლაპარაკებებს ვაწარმოებ, რომ პირიქით, აქეთ შემოვიყვანო ადამიანები. თურმე ჩემს ნებაზეა „საზღვრის“ გახსნა და დაკეტვა. ალბათ ამას იმიტომ ამბობს, რომ „ქართული ოცნებიდან“ ვარ წალენჯიხის საკრებულოს სიის პირველი ნომერი. როგორ შეიძლება, რომ მე ვინმეს პირადობის მოწმობა წავართვა. ერთი ადამიანსაც ვერ იპოვით.

ვინც ასეთ ტყუილს იტყვის, მერე ის როგორ ჩამხედავს თვალებში. დაკითხეთ ჩემი თანამშრომლები, ათასი კაცი მყავს. რუსებთან მე ვინ მიმიშვებს მოსალაპარაკებლად. ჩემი თანამშრომლები ვერ გადმომყავს, ნახევარი წელი მჭირდება, ვიღაცას საშვი რომ გავუკეთო. საერთოდ რას ლაპარაკობს“, – განაცხადა ლევან მებონიამ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბრისას.

ანი წითლიძის ბრალდებებს უარყოფს ჯონი ჭანიაც.

პოპულალურები