LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის პორტის პროექტი და “პუტინის სექტორი”- გამჭვირვალეა თუ არა “თიბისიზე” გადაწყვეტილებები

52156644_638681069921475_4128246758742425600_n

ლონდონის ბირჟაზე ერთ დღეში „თიბისი ბანკის“ აქციები თითქმის 7 პროცენტით გაუფასურდა. გაუფასურება ეროვნული ბანკის განცხადების გასაჯაროებიდან, რამდენიმე წუთში დაიწყო.

არასამთავრობო სექტორსა და საექსპერტო წრეებში „თიბისი ბანკის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებში ბუნდოვანებას ხედავენ და ბევრ კითხვის ნიშნებს სვამენ.

 

რატომ „ებრძვის ივანიშვილი“ “თიბისი ბანკს” – ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის პოზიცია

ოპოზიცია “თიბისი ბანკის” გარშემო ბოლოს განვითარებულ მოვლენებს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ივანიშვილს სურს “მოაშთოს ყველაფერი, რაც მას არ ემორჩილება.”

„ლოგიკური და მოსალოდნელი იყო, რომ ის შეტევას მიიტანდა ბიზნეს სექტორზეც და განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, რომლებიც ასე ვთქვათ, მისი დიქტატის ქვეშ არ მოქმედებდნენ, იმიტომ რომ მას უნდა თავისუფლების ყველა წერტილი ამ საზოგადოებაში, რომელიც მას არ ექვემდებარება და მისი კარნახით არ მოქმედებს, მოსპოს. დღეს საზოგადოებაში შეიძლება არსებობდეს ეკონომიკური სიდუხჭირის გამო გარკვეული უკმაყოფილება საფინანსო სექტორის მიმართაც, მაგრამ სინამდვილეში, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ თავისუფლების ყველანაირ გამოვლინებას მოაშთობენ ამ ქვეყანაში, ჩვენ მივიღებთ ჩვეულებრივ პუტინის სექტორს,“ – აღნიშნავს “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური კი, ანაკლიის პორტზე მიანიშნებს და რუსეთის ინტერესებზე საუბრობს.

„ძალიან დიდი პრობლემაა ის, რომ იმ კომპანიის წინააღმდეგ, რომელიც აშენებს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტს, რასაც ანაკლიის პორტი ჰქვია, ასეთ კომპანიას შეიძლება ასეთი პრობლემები შეექმნას ჩვენს ქვეყანაში. შეიძლება არსებობდეს ძალიან დიდი ინტერესი რუსეთის მხრიდან, რომ ეს პორტი არ აშენდეს. ამიტომ, როდესაც ასეთი პრობლემები ექმნება „თიბისი” ბანკს, რომელიც ამ პროექტში არის ჩართული, ეს არის თავისთავად ძალიან დიდი პრობლემა,“ – აღნიშნავს ეკა გიგაური.

“რუსთავი 2” კი, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ივანიშვილთან დაახლოებული პირები, კონკრეტულად კი, პირადად შს მინისტრი გიორგი გახარია აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს “თიბისი ბანკის” ხელმძღვანელობასთან წილების დათმობის თაობაზე. თუმცა, გიორგი გახარია ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და ამბობს, რომ ასეთი საუბარი არ ჰქონია, ხოლო მარეგულირებლის ფინანსური რეგულაციების ფარგლებში მიღებულ გადაწვეტილებაზე კომენტარს „არ და ვერ გააკეთებს“.

რუსეთის და ბიძინა ივანიშვილის ინტერესებზე არაფერს ამბობს, მაგრამ ანაკლიის პორტზე მიანიშნა თავად მამუკა ხაზარაძემ, ეროვნული ბანკის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში: „დიდ ეჭვს იწვევს ისიც, რომ ასეთი აჩქარებული ტემპით გამოტანილი გადაწყვეტილება და ჩვენი რეპუტაციის შემლახველი კამპანიის წარმოება ხდება სწორედ ახლა, როდესაც ასე ახლოს ვართ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის – ანაკლიის პორტის წარმატებით განხორციელებასთან“.

ხელისუფლებაში კი მიაჩნიათ, რომ რეგულატორის გადაწყვეტილების ანაკლიის პორტთან ან ივანიშვილის ინტერესებთან დაკავშირება პოლიტიკური სპეკულაციის საგანია.

“კანონი არის უზენაესი და ყველასთვის უნდა იყოს თანაბარი. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, ცხადია, გარკვეული გარემოებიდან გამომდინარეობს, რომელშიც მე ეჭვს ვერ შევიტან. რაც შეეხება ანაკლიასთან კავშირს, მე პირადად ამას უსაფუძვლოდ მივიჩნევ, ეს უფრო მეტად პოლიტიკური სპეკულაციის საგანია და ამ თემას ყველა სათავისოდ იყენებს. სწორედ მთავრობაა ამ პროექტის ძირითადი ხელშემწყობი და მან ბევრი რამ გააკეთა, პორტის მშენებლობის დაწყებისთვის,“ – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა ოთარ დანელიამ.

ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას თქმით, კი კერძო ბიზნესზე ზეწოლის ვარაუდს გამორიცხავს პროცესში გამოვლენილი “სერიოზული ბრალდებები, რომლებსაც აქვთ ფაქტობრივი მტკიცებულებები“. ქობულია  იმედს გამოთქვამს, რომ კომპეტენტური ორგანოები დაადგენენ სიმართლეს TBC-ის საქმესთან დაკავშირებით.

რა შედეგები მოჰყვება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას

სანამ კომპეტენტური ორგანოები სიმართლეს დაადგენენ, როგორც ამას ეკონომიკის მინისტრი ამბობს, საექსპერტო წრეებში მიიჩნევენ, რომ გაუმჭვირვალე გადაწყვეტილებებით, არა მხოლოდ “თიბისი ბანკი” და საფინანსო სექტორი დაზარალება. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე აღნიშნავს, რომ მსგავსი ნაბიჯები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას ხელს არ შეუწყობს.

„საბანკო სექტორი, ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სექტორი გახლავთ და ნებისმიერი ასეთი გაუმჭვირვალე შეტევები ამ სექტორის საწინააღმდეგოდ, ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ინვესტიციების მოზიდვას, ვფიქრობ, რომ ნაკლებად შეუწყობს ხელს,“ – აღნიშნავს ნინო ევგენიძე.

„ბანკები და ფინანსების“ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე კი ამბობს, რომ ეროვნულმა ბანკმა უფრო მეტი სიცხადე უნდა შეიტანოს თავის განცხადებებში, თუ რატომ იღებს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკის დამფუძნებლების მიმართ ასეთ სანქციებს. კეპულაძე ამბობს, რომ რეპუტაციის შელახვა უარყოფითად აისახება ბანკის შემოსავლებზე, ხოლო გაუმჭვირვალე განცხადებები, არა მხოლოდ კონკრეტულ ბანკს, არამედ მთლიანად საბანკო სექტორს აზიანებს.

„თავად პროცესი თავად აჩენს ბევრ კითხვის ნიშანს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიღო გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა ახლა და რას უკავშირდება ეს. რაც უფრო მეტი კითხვის ნიშანი იქნება, მით მეტი ნოყიერი ნიადაგი იქნება შეთქმულების თეორიისთვის და ათასგვარი ჭორისთვის და ამას, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსები წარმატებით გამოიყენებენ.

რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს აქვს იურიდიული უფლება, მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილებები, თუმცა, “თიბისი ბანკი” აპირებს გაასაჩივროს, არა მისი მიღების მექანიზმი, არამედ თავად გადაწყვეტილება და მოვისმინეთ ჩვენ განცხადება, რომ აპირებს ბრძოლას. ასე რომ, გამოჩნდება, რამდენად სამართლიანი იყო ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება,“ – აღნიშნავს გიორგი კეპულაძე.

მანამ, სანამ გაირკვევა რამდენად სამართლიანია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, მოვლენებს საერთაშორისო პარტნიორებიც აკვირდებიან.

ისევე, როგორც ყველა, ვაკვირდებით “თიბისი ბანკის” ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. როგორც ვიცი, „საქართველოს ბანკი“ ასრულებს თავის ამოცანას, როგორც საბანკო სისტემის ზედამხედველი ინსტიტუტი. ასე რომ, თვალს ვადევნებთ. შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან მნიშვნელოვანია, პატივი ვცეთ ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციას,“ – აღნიშნავს შვედეთის ელჩი საქართველოში ულრიკ ტიდესტრომი.

“თიბისი” საქართველოში ყველაზე მსხვილი ბანკია. ეროვნული ბანკი “თიბისისგან” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის მიერ საბჭოს წევრობის დატოვებას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, რეგულატორის მოთხოვნა უკავშირდება 2007-2008 წელს შესრულებულ კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომლებიც ეროვნული ბანკის მიერ კლასიფიცირდება, როგორც ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევა. მარეგულირების გადაწყვეტილებამდე რამდენიმე თვით ადრე კი, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები