LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის პორტთან მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

79
anaklia7777

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით, კონკურსი განსხვავებული წესით გამოცხადდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, 2018 წელს, პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 3 ტენდერი გამოცხადდა, თუმცა ყველა მათგანი სხვადასხვა მიზეზით ჩაიშალა და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

ტენდერების ჩაშლის მიზეზების ანალიზის შედეგად და კვალიფიციური კონტრაქტორის შერჩევის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საპროექტო დოკუმენტაციას, ამჯერად, განსხვავებული წესით შეარჩევს. გამოცხადებული კონკურსის ფორმა შემუშავებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შესყიდვის პრაქტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

კონკურსი ორეტაპიანია. პირველ ეტაპზე პრედენდენტების ტექნიკური დოკუმენტაცია და სხვა საკვალიფიკაციო მონაცემები, ხოლო მეორე ეტაპზე საფინანსო წინადადებები შეფასდება. მთლიანობაში, კონკურსის ეს ფორმატი, პროცედურული ბარიერების მინიმუმამდე დაყვანას და შესყიდვის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 718 972 ლარს შედგენს. კომპანიასთან, რომელიც კონკურსში საუკეთესო წინადადებას წარმოადგენს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელშკრულების გაფორმებას მარტის ბოლომდე გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები