LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანას ჩემს ცხოვრებაში კარგის მეტი არაფერი მოუტანია“ – ემოციური ამბავი 44 წლის ნინო კალანდიასგან

619
ninokalandianews

44 წლის ნინო კალანდია „ფეისბუქ“-გვერდს ქალები საქართველოდან Women of Georgia, უყვება საინტერესო ამბავს იმის შესახებ, როგორ შეხვდა და აიყვანა შვილად უსაყვარლესი და უნიჭიერესი გოგონა – ანა და რა სირთულეები გადახდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესში. მასალის ავტორი გახლავთ ნინო გამისონია, ხოლო ფოტო ეკუთვნის ნინო ბაიდაურს.

გაცნობა

ეს ამბავი სრულიად შემთხვევით მოხდა.

37 წლის ვიყავი და სამხედრო ბაზაზე ვმუშაობდი თარჯიმნად. ექვს თვეში ერთხელ ამერიკელი საზღვაო ქვეითები ჩამოდიოდნენ საქართველოში და ერთ-ერთი როტაცია რომ ჩამოვიდა, გადაწყვიტეს, თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში წასულიყვნენ და დახმარება შეეთავაზებინათ, ბალახის გაკრეჭა იქნებოდა ეს თუ ასაშენებელ-დასანგრევი რამე. მეც გამაყოლეს. აღმოჩნდა, რომ მართლაც ჰქონდათ სათამაშო მოედანი, რომელიც ბავშვთა სახლს აჩუქეს და ვერ აწყობდნენ. ამის აწყობაში დაეხმარნენ ჯარისკაცები და ბოლოს სთხოვეს, თუ შეიძლებოდა, რომ ბავშვებიც გვენახა. დირექტორმა, რომელიც იმდენად შეუსაბამო იყო ამ პოზიციასთან და დღემდე მიკვირს, საიდან მოხვდა მანდ და რა კავშირი ჰქონდა საერთოდ ამ ბავშვებთან, დაუძახა ბავშვთა სახლის ექიმს, რომელიც ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო იქაურობის, მან აგვიყვანა სართულზე, სადაც ბავშვები ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, ჯგუფებად იყვნენ. იქ ვნახე პირველად ანა, რომელიც მაშინ შვიდი თვის იყო და ძალიან წითური თმა იროკეზივით ყალყზე ჰქონდა… მერე, ძალიან მალე, ნეპალში წავედი, მაგრამ სულ ვფიქრობდი ანაზე, ყოველ ღამე მესიზმრებოდა. ხომ რამდენი ბავშვი ვნახე მაშინ იქ, მაინც და მაინც მასზე ვფიქრობდი და სულ თვალწინ მედგა. ნეპალში უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ჩამოვიდოდი, კიდევ უნდა მენახა ეს ბავშვი, იქ რაღაც ნაქსოვი ქუდები იყიდებოდა, ამ ქუდებსაც იროკეზივით ჰქონდა თავზე, ეს რომ დავინახე, უნდა ვუყიდო-მეთქი და ეს იყო პირველი საჩუქარი, რომელიც ანას ვუყიდე.

მეორეჯერ რომ მივედი, აღმოვაჩინე, რომ ასე ქუჩიდან ვერ მიხვალ ბავშვის სანახავად, გარკვეული პროცედურები უნდა გაიარო, რომ ნებართვა მიიღო: უნდა მიხვიდე სოციალური მომსახურების სააგენტოში და ითხოვო, რომ უფლება მოგცენ. გავიარე გასაუბრება და დამრთეს ნება, რომ მოხალისედ დამეწყო ბავშვთა სახლში სიარული და ასე მოვიპოვე იქ შესვლის უფლება. ძიძებსა და აღმზრდელებს ვეხმარებოდი ბავშვების მოვლაში და მინდა ვთქვა, რომ ძალიან დაუფასებელი შრომაა, რაც მათ აქვთ. ის, რომ იქ ბავშვებს სათანადო სითბო და სიყვარული არ აქვთ, რაღაც თვალსაზრისით, გასაგებია, რადგან ერთ ჯგუფში, სადაც 15 ბავშვი და 3 ძიძაა, ამ ბავშვების ჭმევას, დაბანასა და გამოცვლას ძლივს ასწრებენ და ყველას რომ მოეფერონ და გაასეირნონ, მაგის დრო, ფაქტობრივად, არ აქვთ. კი, იქაც არიან ისეთები, ვისაც ბავშვები არ უყვარს, მაგრამ საბედნიეროდ, ისეთებიც არიან, ვისი იმედიც შეიძლება გქონდეს. როცა მივედი, ცოტა მტრულად მიყურებდნენ, რატომღაც ეგონათ, რომ მიგზავნილი ვიყავი. მერე რამდენიმეს დავუმეგობრდი და ერთ-ერთმა მითხრა, ალმაცერად გიყურებდით, გვეგონა, რომ სააგენტომ შემოგგზავნა, რომ დაგვკვირვებოდი, როგორ ვმუშაობთო.

თავიდან, კვირაში სამჯერ მივდიოდი ხოლმე, მაგრამ ცოტა ხანში მივხვდი, რომ კვირაში სამჯერ მისვლა აღარ მყოფნიდა და მერე უკვე ინტენსიურად დავიწყე სიარული. წელიწად-ნახევარი დავდიოდი და ამ ხნის განმავლობაში ანამ სამი ოპერაცია გაიკეთა. ახალმისული ვიყავი, როცა აღმოვაჩინე, რომ ბავშვს ძალიან დიდი მუცელი ჰქონდა, გამოკვლევამ აჩვენა, რომ დაუნის სინდრომთან ერთად, ე.წ. ჰიშპრუნგის დაავადებაც ჰქონდა. ეს არის ნაწლავის თანდაყოლილი პათოლოგია. პირველი ოპერაცია რომ გაიკეთა, წონაში მომატება დაიწყო, ძიძები ამბობდნენ, ხედავ შენ, ამ ანას სიცილი სცოდნიაო. ამოისუნთქა ბავშვმა. ალბათ, მე რომ არ ვყოფილიყავი, ისედაც გაუკეთებდნენ ოპერაციას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ბავშვი შვიდი თვე ისე იყო. პირველი ოპერაცია შედარებით მარტივი იყო, მეორე იყო კოშმარი, ამ დაავადებასაც აქვს სირთულის ხარისხები და ანას ძალიან რთული მდგომარეობა ჰქონდა. ოპერაცია ხუთ საათს გაგრძელდა და მე კინაღამ მოვკვდი, სანამ დასრულდებოდა. პოსტოპერაციული პერიოდი კოშმარული იყო. ოპერაციების მერე ბავშვთა სახლში ბრუნდებოდა და მე, ფაქტობრივად, იქ ვცხოვრობდი – ის წელიწად-ნახევარი სხვაგან არსად წავსულვარ, ყველასთან გაწყვეტილი მქონდა კონტაქტი. სამსახურის მერე პირდაპირ იქ მივრბოდი და ღამე, პირველზე, ორზე ვბრუნდებოდი სახლში. მოხალისეობიდან ნახევარი წლის თავზე, ვითხოვე, რომ გამყვანი პირის სტატუსი მოენიჭებინათ, შაბათ-კვირას რომ ჩემთან წამომეყვანა ან დასასვენებლად წამეყვანა სადმე ორი კვირით. მაგაზე კიდევ გავიარე გასაუბრება, მომანიჭეს ეს სტატუსი და მერე უკვე პარასკევ საღამოს მომყავდა და კვირა საღამოს უკან ვაბრუნებდი.

გამყვანი პირის სტატუსი რომ მომანიჭეს, ავტომატურად მომემაგრა სოცმუშაკი. ანასაც ცალკე ჰყავდა თავისი სოცმუშაკი. ჩემი სოცმუშაკი გადასარევი იყო, ძალიან დამეხმარა, რასაც ვერ ვიტყვი ანას სოცმუშაკზე, რომელიც დახმარების ნაცვლად, მხოლოდ ხელს მიშლიდა. წელიწადნახევარი დავდიოდი ბავშვთა სახლში და მანამდე ეს ქალი არასდროს მინახავს. სანამ ანას მეორე ოპერაციას გაუკეთებდნენ, გადავწყვიტე, ოპერაციებს შორის შუალედში, ბავშვი ბაკურიანში წამეყვანა დასასვენებლად, ვიცოდი, რომ ეს ოპერაცია რთული იქნებოდა და მომაგრება სჭირდებოდა, ცხოვრებაში ჰაერი არ გამოუცვლია. მიუხედავად იმისა, რომ მქონდა უფლება, საერთოდ არ ჩამეყენებინა ეს ქალი საქმის კურსში, წასვლა რომ გადავწყვიტეთ, დავურეკე, უკვე სასტუმროც დაჯავშნილი მქონდა, ორ დღეში უნდა წავსულიყავით. ამ ქალმა, ჯერ განცხადება დაწერე და მერე საბჭო ათი დღის განმავლობაში განიხილავსო. ვკითხე, თუ იცოდა საერთოდ, რა სირთულის ოპერაცია ელოდებოდა წინ ამ ბავშვს. მერე ჩემს სოცმუშაკს მივმართე, და მან მითხრა, რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა. ამ დროს მეც თითი მქონდა მოტეხილი ფეხზე, თუმცა მაინც წავედით და იქიდან აღაჟღაჟებული ჩამოვიყვანე, მართლა ძალიან მოუხდა ბაკურიანის ჰაერი.

მეორე ოპერაციიდან 4 თვეში, ანამ მესამე ოპერაციაც გაიკეთა. ამ დროს მე უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რომ ბავშვი ჩემთან უნდა წამომეყვანა. თუმცა, მითხრეს, რომ პირდაპირ შვილად აყვანა არ მოხერხდებოდა და დამარეგისტრირეს ე.წ. „ჰოსტერად“, მიმღებ ოჯახად. მიმღებ ოჯახში ბავშვები არიან მანამ, სანამ შვილად აყვანის მსურველი არ გამოჩნდება. როგორც კი დავრეგისტრირდი, დავაფიქსირე იქვე, რომ მე ამ ბავშვის არავისთვის გატანებას არ ვაპირებდი და ეს მხოლოდ პროცედურის ნაწილი იყო. სტატუსს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი იყო, რომ ბავშვი დღე და ღამე ჩემთან იქნებოდა. გასაუბრება გავიარე, მერე მოვიდნენ, შეამოწმეს ჩემი საცხოვრებელი პირობები, გარკვეული რაოდენობის ქულა უნდა დამეგროვებინა და მომცემდნენ უფლებას, რომ ანა სახლში წამომეყვანა. დავაგროვე ეს ქულებიც და წელიწად-ნახევრის თავზე, დიდი ზარ-ზეიმით წამოვიყვანე.

ოჯახი და მეგობრები

ჩემი ოჯახის წევრებიდან, პირველი ბებიაჩემი იყო, ვინც ანას გაცნობის სურვილი გამოთქვა. ბებიასთან ვმეგობრობდი, მაგრამ რატომღაც არ მითქვამს, რომ ამ ბავშვთან სიარული დავიწყე. ჩემს დას უთქვამს და დამირეკა, სხვისგან რატომ უნდა ვიგებდე, რომ ბავშვის სახლში წამოყვანას აპირებ, ახლავე მითხარი მისამართი, რომ მოვიდე და ვნახოო. მაშინ ანას გამოყვანის უფლება უკვე მქონდა და თვითონ მივიყვანე, გაგიჟდა და გადაირია ამ ბავშვზე. თვითონ ექიმი იყო და ძალიან ბევრი კარგი რჩევა მომცა, როგორ უნდა მომევლო, ჩემთან რომ წამოვიყვანე ბავშვი, იმასაც მეუბნებოდა, ძიძა რად გინდა, მე გადმოვალ შენთანო. დედაჩემსაც ჩემმა დამ უთხრა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ინერვიულა, თუმცა მითხრა, ზრდასრული ადამიანი ხარ, თვითონ იღებ გადაწყვეტილებებს და მე ვერაფერს დაგიშლიო. მამაჩემმა მითხრა, შენგან სხვას არც ველოდი, აუცილებლად რამე ასეთი უნდა გექნაო. მამას ლურჯი თვალები ჰქონდა და მთელი ცხოვრება ვეჩხუბებოდი, ყველაფრით შენ გგავარ, მარტო თვალის ფერით არა და რატომ არ დაგემსგავე-მეთქი და აჰა, ეს ბავშვი მგავს თვალის ფერითო.

ბებიაჩემს მამაჩემმა დაასწრო გარდაცვალება. არ ვიცი, ეს თავდაცვის მექანიზმი იყო თუ რა, პანაშვიდზე, ერთ დღეში დაავიწყდა ამ ქალს ყველაფერი. ორად-ორი რამე ახსოვდა მხოლოდ ბოლომდე – მე რომ ძალიან მოვიმატე წონაში და ანა.

როგორი უცნაურიც უნდა იყოს, მეგობრების შემთხვევაში უფრო მძიმედ იყო საქმე. როცა უკვე ინტენსიურად დავიწყე ანასთან სიარული და მირეკავდნენ, რომ სადმე გავსულიყავით, არასდროს მეცალა და მიხვდნენ, რომ უკვე სერიოზულად იყო საქმე. დელეგაციებად დაიწყეს მოსვლა სახლში, მეჩხუბებოდნენ კიდეც, თავიანთი ჭკუით, ჩემზე ზრუნავდნენ. ერთმა მითხრა, სოციალურ სამსახურში ნაცნობი აუცილებლად მეყოლება და ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ ბავშვი არ გამოგატანონო. ვიღაცები მეუბნებოდნენ, ისეთი მაინც წამოგეყვანა, სიბერეში რომ მოგხედავდაო. ერთმა, ძალიან მაგარ ბავშვს გაშოვნინებ და ამას თავი დაანებეო. ის სახლიდან გავაგდე… ვერ ვაგებინებდი ამ ხალხს, რომ ეს კონკრეტული ბავშვი მინდოდა. ის კი არ იყო ჩემი იდეაფიქსი, რომ აუცილებლად შვილი უნდა მყოლოდა, ეგ არაფერ შუაში იყო, ანა მინდოდა. ძალიან კარგად ვაცნობიერებდი ყველაფერს, დაუნის სინდრომი ჩემთვის საერთოდ არ წარმოადგენდა პრობლემას. იმ წელიწად-ნახევარში გავიგე, ჯანმრთელობის რა პრობლემა ჰქონდა ამ ბავშვს, ჩემს ხელში გაიარა სამი ოპერაცია, ის კოშმარები ერთად გავიარეთ და ყველაფერი ძალიან კარგად ვიცოდი.

საბედნიეროდ, იყვნენ ისეთებიც, ვინც პირველივე დღიდან მხარს მიჭერდა და მორალურად მამხნევებდა. იქამდე არ მეგონა, თუ ასეთი მნიშვნელოვანი იყო, როცა ასეთ დროს ვიღაც არის შენ გვერდით. ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი ასეთი აღმოჩნდა და დღეს ანას მეგობრები არიან.

სახელმწიფო სერვისები

როცა ანა ჩემთან გადმობარგდა, მოულოდნელად, უსამართლოდ დავკარგე სამსახური და დავრჩი უმუშევარი ამ ბავშვთან ერთად. მომიწია ბინის გაყიდვამ და ქირით სხვა უბანში საცხოვრებლად გადასვლა. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ საცხოვრებელი ადგილის შეცვლისა და ახალი ადგილმდებარეობის გამო, ახალი სოცმუშაკი მომამაგრეს და ეს ანას ის სოცმუშაკი იყო, ვისთანაც მანამდე უკმაყოფილება მომივიდა. ერთადერთი, რასაც სახელმწიფო ასეთ ბავშვებს აძლევს, ადრეული განვითარების ცენტრის ვაუჩერია, რომლითაც ანა სარგებლობდა. ეს არის ერთწლიანი ვაუჩერი, რომლის საშუალებითაც ფულს აღარ იხდი ამ მომსახურებაში. ძველი სოცმუშაკისგან ვიცოდი, რომ როცა ვაუჩერს ვადა გასდის, აპრილის თვეში უნდა მიმემართა განცხადებით ვადის გაგრძელებაზე, ძალიან მარტივი პროცედურაა. როცა აპრილი მოვიდა და არავინ შემეხმიანა, მე თვითონ დავურეკე ახალ სოცმუშაკს და ვკითხე, ხომ არ ვაგვიანებდით. მითხრა, რომ მაისში უნდა დამეწერა განცხადება და მიმეტანა დოკუმენტაცია. მეც მივიტანე და აღმოჩნდა, რომ შეეშალა, დავაგვიანე და ვაუჩერი ანას აღარ ეკუთვნის. რადგან ამ პერიოდში უმუშევარი ვიყავი, არ შემეძლო ამ ფულის გადახდა. ძალიან ბევრი რამე მიიღო ანამ ამ პორტიჯიდან და არ მინდოდა, რომ თუნდაც ერთი თვე გასცდენოდა ამ ქალის შეცდომის გამო. დავიწყე რეკვა, ავუხსენი, რომ მათმა თანამშრომელმა შემიყვანა შეცდომაში და იქნებ, გამოასწოროთ და მისცეთ ბავშვს თავისი კუთვნილი ვაუჩერი-მეთქი. პასუხად მივიღე, რომ მარტო მე არ მჭირდებოდა ეს ვაუჩერი. რომ ვერაფერს გავხდი, ფეისბუქზე პოსტი დავწერე და ყველაფერს მოვყევი. ამ ამბავმა სოციალური სამსახურის მაღალჩინოსნების ყურამდე მიაღწია და რამდენიმე დღეში სააგენტოში დამიბარეს. მეგონა, იმიტომ მიბარებდნენ, რომ ვაუჩერი მოეცათ. იქ დამხვდა ქალი, რომელიც ახლა უფრო მაღალ თანამდებობაზეა, კიდე რამდენიმე ქალი და ჩემი მაშინდელი სოცმუშაკი, ვის გამოც ამ დღეში ჩავცვივცდით. ამ ქალმა ყვირილი დამიწყო, თავი ვინ გგონია, უწმაწური სიტყვებით რომ მოიხსენიებ ჩვენს სააგენტოსო. “უწმაწური” სიტყვა იყო – „ძირგამომპალი სისტემა“. უწმაწური სიტყვა კი არა, ფაქტია, რომელიც ახლაც დასტურდება-მეთქი, ვუთხარი. ბოლოს ამ ქალმა მითხრა, რომ ბავშვს ასეთ ოჯახში ვერ გააჩერებდნენ და გადავწყვიტეს, რომ ოჯახიდან გამოეყვანათ. მეგონა, მიწა გამომეცალა ფეხქვეშ, კინაღამ ჭკუიდან შევიშალე, ძალიან არ მინდოდა ეს მექნა, მაგრამ თავი ვერ შევიკავე და ტირილი დავიწყე. დაიწყეთ ეგ პროცედურა და ვნახოთ, ვინ დარჩება ბავშვის გარეშე და ვინ – სკამის გარეშე-მეთქი. ერთი ქალი მიხვდა, რომ აუცილებლად ავტეხავდი ამაზე ამბავს და თქვა, რომ არ იყო საჭირო ასეთი ზომების მიღება იმიტომ, რომ კარგი დახასიათება მქონდა. ისიც მიხვდა ალბათ, რომ მართლა საფრთხე იყო ჩემგან და ვერაფერში მომედავებოდნენ, რაც ბავშვის უსაფრთხოებასა და კარგად ყოფნას ეხებოდა და დაეთანხმა. რომ გამოვედი, ყველაფერი მიკანკალებდა, ძლივს დავწყნარდი. ასეთი ამბავი მოაწყვეს, ვაუჩერი მაინც არ მისცეს და ის რამდენიმე თვე გაუცდა.

ახლა ძალიან ვნანობ, რომ არ ვუჩივლე. მაშინ არც ფინანსურად და არც ემოციურად აღარ მქონდა მაგის თავი, მთელი ჩემი გონება იმაზე ფიქრით იყო დაკავებული, საიდან მეშოვა ფული, რომ ამ ბავშვისთვის საჭმელი მეჭმია და ქირა გადამეხადა. საშინელი პერიოდი მქონდა.

ახალი ცხოვრება

გათხოვებასა და ბავშვის გაჩენაზე არასდროს მიფიქრია, 37 წლამდე სრულიად ქარაფშუტულად ვცხოვრობდი, მქონდა სახლი და ერთ ტაშ-ფანდურში ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად. ანას გამოჩენით ჩემი ცხოვრება საერთოდ შეიცვალა, ყოფითი ამბების გარდა, სხვანაირად შევხედე ბევრ რამეს.

დღემდე ვაწყდები შემთხვევას, როცა სალანძღავ სიტყვად “დაუნს” იყენებენ. როცა ეს მესმის, სულ ვცდილობ, წყობიდან არ გამოვიდე. რით ვეღარ განათდა ამ ადამიანების გონებაში?! ალბათ, წლების წინ, ერთხელ ყველას გვითქვამს ეს სიტყვა გაუცნობიერებლად, მაგრამ მას მერე ხომ ბევრი რამე შეიცვალა. ინფორმაციის მოპოვების ამდენი საშუალება არსებობს. როცა ვიცი, რომ ადამიანის ლექსიკონში არის ეს სიტყვა და ამ ადამიანთან მაქვს კონტაქტი, უხერხულად ვგრძნობ ხოლმე თავს, სულ ველოდები, რომ უნდა წამოაყრანტალოს.

ხშირად არის ისიც, რომ ქუჩაში ვიღაცეები უტაქტო კითხვებს სვამენ. ერთხელ, ვერის ბაღში ვიყავით, ანა ძაღლს ეთამაშებოდა, ძალიან უყვარს ძაღლები, მაგის შიშით ქუჩაში ძაღლს ვერ გაუვლია, ყველას ეხუტება. უცნობი ქალი მოვიდა და მკითხა, თუ ხვდება ახლა, ვის ეთამაშება, ძაღლი რომ არის, თუ იცისო. მე ასეთ დროს ვცდილობ, წყნარად ვუპასუხო, კი-მეთქი, ვუთხარი. ისევ მომიბრუნდა და მკითხა – “ვითომ?” ეს ბევრად მეტს ხვდება, ვიდრე თქვენ-მეთქი. მერე ამ ქალმა გამლანძღა, უზრდელი ხარო. მაგრამ ასევე მაღიზიანებს, როცა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ, პრივილეგიას ანიჭებენ, მაგალითად, როცა რიგში ვდგავართ და გვითმობენ. პოზიტიური დისკრიმინაციაც არანაკლებ გამაღიზიანებელია. ეს “მზის შვილის” ძახილიც, დავანებოთ თავი ამ მზეს და ციურ სხეულებს, ამ ადამიანებს, ყველას თავისი მშობელი ჰყავს და მათი შვილები არიან. ანა ჩემთვის მზეც არის, მთვარეც და ყველა ციური ვარსკვლავი ერთად აღებული, მაგრამ ესეც პოზიტიური დისკრიმინაციაა და უნებურად ქმნის სტიგმას.

სანამ პანდემია დაიწყებოდა, ანას ძალიან დატვირთული რეჟიმი ჰქონდა, კვირაში ორჯერ დადიოდა პორტიჯში, მერე მივაგენით ინკლუზიური თეატრის სტუდიას – “აზდაკის ბაღი.” ნორმალურ ქვეყანაში, ალბათ, მედლებს მისცემდნენ მაგ ხალხს, ისეთი კარგები არიან. იქ დადიოდა კვირაში სამჯერ ცეკვაზე, იოგაზე, სასცენო ხელოვნებასა და მუსიკაზე. ანა ხატავს და ეს ორი წლის წინ მისმა პორტიჯის მასწავლებელმა აღმოაჩინა. ხელით ახატინებდნენ, ეს ძალიან კარგი თერაპიაა და იქ ბევრი ბავშვი აკეთებს ამას. აღმოჩნდა, რომ მას ძალიან მოსწონს ეს პროცესი და აქედან დაიწყო ანას გატაცება მხატვრობით. პირველი პერსონალური გამოფენაც ჰქონდა საჯარო ბიბლიოთეკაში. როცა ნახატები დაუგროვდა, ისე, რომ მე წარმოდგენაც არ მქონდა ამაზე, ჩემს მეგობრებს დაუწყიათ ფიქრი, გამოფენა გაეკეთებინათ. გამოფენაზე უცხო ხალხიც მოვიდა და ანა იყო უბედნიერესი. ორმოცი ნახატით წავედით და ათით დავბრუნდით, დანარჩენი გაიყიდა. მარტო ტილოზე არ ხატავს, რამდენიმე ფეხსაცმელი მომიხატა, ჩემს მეგობრებს მოუხატა, თავისი ტანსაცმელი მოხატა…

ანას ჩემს ცხოვრებაში კარგის მეტი არაფერი მოუტანია. იყო ბევრი ნერვიულობა, ბევრი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, უძილო ღამეები, მაგრამ ამ ყველაფერს მისი არსებობა წონის. არ ვიცი, ვინ არიან ანას ბიოლოგიური მშობლები, დაბადების მოწმობაში მხოლოდ სახელი და გვარები წერია. არ განვსჯი და მათთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რომ არ დაეტოვებინათ, მე ვერ შევხვდებოდი. ხშირად მეუბნებიან, როგორ გაუმართლა ანას, შენ რომ შეხვდიო, მე კიდე პირიქით მგონია, მე გამიმართლა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები