LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანიტა ფაცაციას ბებიის ემოციური მიმართვა ნიკოლოზ წულუკიძეს: „ნიკა არ მიცნობს, არც მე, მაგრამ ერთი ბედი გვარგუნა განგებამ.. დღეს მთელი დღე გამათბობს მისი სიცოცხლისკენ მობრუნება..“

4599
BeFunky-collage (13)

გარდაცვლილი ანიტა ფაცაციას ბებია, თამუნა გლურჯიძე ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძის ეთერში დაბრუნებას ემოციური პოსტით ეხმაურება.

“მე და ჩემნაირი ადამიანები სრულად და მთელი სიღრმით ვიგებთ, რას ნიშნავს პატარა ანგელოზის დაკარგვა. მართლა მტერსაც რომ არ უსურვებ ისეთი სიმწარეა, რომელსაც დრო არ შველის, არადა, მახსოვს როგორი იმედით შევყურებდი სწორედ დროს, რომ ცოტათი მაინც დაეამებინა ტკივილი, სანამ ერთხელაც არ გავაცნობიერე, რომ ცრუ ილუზიის მსხვერპლი ვიყავი.
რატომ ვწერ ახლა ამას:

მიუხედავად იმისა, რომ წლებია არ ვუყურებ ტელევიზორს და, როგორც მაყურებელი, არ ვიცნობდი ამ საოცარ ადამიანს, იმდენი სითბო და სიყვარული იღვრებოდა და იღვრება მის მიმართ და, რაც ჩვენს საზოგადოებაში იშვიათი გამონაკლისია, ერთი გადაბრუნებული სიტყვა არ დასცდენია არასოდეს არავის, სიმპათიით ვიყავი მისდამი განწყობილი.

და დღეს ეს საოცარი ადამიანი სწორედ ამდენი მისი მოყვარული გულის ძალამ ისევ დააბრუნა სამსახურში. ვიცი ეს რა ძნელია. ძნელი კი არა, შეუძლებელზე მეტია. ამ დროს ლაპარაკიც არ გინდა, არავინ და არაფერი არ გინდა და სიცოცხლეს რაც გაგონებს, ყველაფერი გაღიზიანებს. ერთადერთი რამ თუ გამოგიყვანს ამ მდგომარეობიდან მეტ-ნაკლებად და ეს ერთადერთი რამ ადამიანური სიყვარულია, როცა გიყვარს და უყვარხართ და ეს გიბიძგებს, შესაძლებელს ხდის, გაკეთებინებს.

დიახ, ნიკა წულუკიძეზე ვწერ. სიუჟეტი ვნახე როგორ უხდიდა მადლობას თავის მაყურებელს და ცრემლის გარეშე ვერ შევძელი მისი მოსმენა.

ნიკა არ მიცნობს, არც მე ვიცნობ, მაგრამ ჩვენ ერთი ბედი გვარგუნა განგებამ, ჩვენი პატარები ახლა იქ სადღაც ერთად არიან და ეს გვაერთიანებს და მე დღეს პატარა ბავშვივით გამიხარდა, რომ ის ცდილობს გააგრძელოს ცხოვრება.

და ბოლოს, არ არის აუცილებელი ამხელა ტრაგედია დაემართოთ ადამიანებს, მანამდეც გვიყვარდეს, შევეხიდოთ, მოვეფეროთ ერთმანეთს. პატარებგაფრენილ ადამიანებს კი ორმაგად, მათი გული ხომ ისედაც დაფლეთილია და იქნებ ერთი გადაბრუნებული სიტყვით სულაც უკანასკნელ ძაფს ვუწყვეტთ, რომელზეც ეს ნაფლეთები ჰკიდია.

ვიცი დღეს მთელი დღე გამათბობს ნიკას სიცოცხლისკენ მობრუნება, მის გამოც, არაჩვეულებრივი ადამიანი რომ არის და კიდევ იმის გამო, რომ ეს ჩვენში ჯერ არდაკარგული ერთმანეთის სიყვარულის და თანადგომის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.

ასეთი სიყვარული და თანადგომა უხდება ქართველს, საქართველოს, ჩემს გენს და უზომოდ ბედნიერი და მადლიერი ვარ დღეს ეს მთელი სიმძაფრით რომ განვიცადე”, – წერს ანიტა ფაცაციას ბებია.

ნიკოლოზ წულუკიძე დღეს, 26 მაისს, „იმედის დღის“ ეთერში პირველად გამოჩნდა დიდი ტრაგედიის შემდეგ, რომელიც მას და მის ოჯახს შეემთხვა.

იხილეთ ვრცლად:

რა თქვა ეთერში დაბრუნებულმა ნიკოლოზ წულუკიძემ: „განსაკუთრებულად რთულია, მაგრამ აუცილებელი, რომ ჩემს მდგომარეობაში გამოვსულიყავი და მიმეცა მაგალითი ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რომ მათაც გააგრძელონ ცხოვრება…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები