LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აქამდე საკვების ფულსაც ქუჩაში ვაგროვებდით, ახლა არც საკვები გვაქვს და აღარც სახლი…“ – რას აკეთებს სახელმწიფო ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვების დასაცავად

294
138584063-126745062597116-8262785413568318484-n

ქუჩაში დიდი ხანია ჩემს უფროს დასთან ერთად ვცხოვრობ. უფრო სწორედ, ამ დრომდე ხის ფიცრულში ვცხოვრობდით, რომელიც უბრალოდ ჩვენი თავშესაფარი იყო. აქამდე საკვების ფულსაც ქუჩაში ვაგროვებდით, ახლა კი არც საკვები გვაქვს და აღარც ჩვენი სახლი,ეს ერთადერთი წინადადებაა, რომელიც 9 წლის ქუჩაში მცხოვრებმა და მომუშავე მარიამ გვითხრა.

მიუხედავად არაერთი მცდელობისა, სხვა ინფორმაციის მოპოვება მარიასგან ვერ მოვახერხეთ, ვინაიდან, ისევე როგორც მას, სხვა ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებსაც საუბარი არ სურთ, ერთი მარტივი მიზეზის გამო – ეშინიათ. რთულია მათი ნდობის მოპოვება. როგორც ამ თემაზე მომუშავე სპეციალისტები ამბობენ, ასევე რთულია ამ ბავშვების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა, ხშირად დოკუმენტაციის არქონის გამო.

საქართველოში, საქსტატისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2015 წლის კვლევის თანახმად, ქუჩაში 24 400 ბავშვი მუშაობს, 15 600 კი სახიფათო შრომაშია ჩართული.

გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef Georgia) მიერ 2018 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნებული კვლევიდან – „ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვები“ კი ირკვევა, რომ საქართველოში ეთნიკური კუთხით ყველაზე მეტნი ქართველები არიან, ასევე ბოშები და აზერბაიჯანელი ქურთები.

ამავე კვლევაში ვკითხულობთ, რომ ქუჩაში მომუშავე ბავშვების მიმართ დიდი სტიგმა არსებობს, ეს სტიგმა განსაკუთრებით დიდია აზერბაიჯანელი ქურთების მიმართ, რაც ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია, რომ ისინი სოციალურ მომსახურებებს ვერ იღებენ. კვლევაში აღნიშნულია, რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების აბსოლუტურ უმრავლესობას ხელი არ მიუწვდება განათლებასა და სამედიცინო მომსახურებაზე.

ხოლო ახლა, როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები, სახელმწიფო, ყოველდღიურად მოგვიწოდებენ – დავრჩეთ სახლში და მუშაობა დისტანციურ რეჟიმში განვაგრძოთ, მათი ცხოვრება კიდევ უფრო მეტად დამძიმდა, რადგან შემოსავლის ერთადერთი წყარო, სწორედაც რომ ქუჩაა. უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ ქუჩა მათი შემოსავლის წყარო კი არა, უმეტეს შემთხვევაში, თვითგადარჩენისთვის ბრძოლაა.

საგულისხმოა, რომ დღეის მდგომარეობით მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით ისარგებლა/სარგებლობს 274 ბენეფიციარი, აქედან სადღეღამისო – 98, დღის ცენტრი – 176, – აღნიშნული ინფორმაცია “ფორტუნას” ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა. მათივე ინფორმაციით, 2020 წლის საანგარიშო პერიოდში თბილისის, ქუთაისის და რუსთავის მასშტაბით, მობილური ჯგუფების მიერ 205 მიუსაფარი ბავშვის იდენტიფიცირება მოხდა.

მართალია, ახლა, პანდემიის პირობებში, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების  სიმრავლეს დედაქალაქის ქუჩებში  ნაკლებად წააწყდებით, თუმცა თვალსაჩინოა, რომ COVID 19 – ის გავრცელების რისკებმა მათი პრობლემები კიდევ უფრო დაამძიმა. პრობლემის სიმწვავეზე საუბრობენ სპეციალისტებიც და ამბობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მეტი ჩართულობა და უფრო მოქნილი პროგრამების შემუშავებაა საჭირო.

მათივე თქმით, გარდა იმისა, რომ ბავშვებს უჭირთ პირადი ჰიგიენის დაცვა ან/და  სამედიცინო მომსახურების მიღება, ახლა უკვე ვირუსის გავრცელების რისკჯგუფსაც წარმოადგენენ. პანდემიის პირობებში კი, ეკონომიკური საქმიანობაც შეეზღუდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ იძულებულნი არიან  თავშესფარი ეძებონ, რაც ხშირად მათი ქუჩისადმი მიჯაჭვულობის გამო, ვერ ხერხდება.

რას სთავაზობს სახელმწიფო ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის (СOVID-19) შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით,  2020 წლის 28 მარტიდან,  ქ. თბილისში, მიქელაძის ქ. N7-ში მდებარე სასტუმროში საკარანტინო სივრცე გაიხსნა, სადაც  სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი ისეთი ბენეფიციარები თავსდებოდნენ, რომლებიც მომსახურების გარეთ  იმყოფებოდნენ  და მათი კონტაქტები დაუდგენელი იყო.

აღნიშნულ საკარანტინო სივრცეში 24 საათიან მორიგეობას მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში მომუშავე მობილური ჯგუფები ახორციელებდნენ, კერძოდ: ააიპ „ბავშვი და გარემოს“, საქველმოქმედო ფონდის „ვორლდ ვიჟენი“ და საქველმოქმედო ფონდის „საქართველოს კარიტასი“ მობილური ჯგუფის წევრები.

როგორც “ფორტუნას” სააგენტოში განუცხადეს, რისკების შემცირების მიზნით, მობილური ჯგუფების წევრებისთვის მიწვეული იყო დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოების სამმართველოს წარმომადგენელი, რომელმაც ახალი კორონავირუსით დაინფიცირების აცილების მიზნით, რისკების შესახებ ინფორმაცია გაუზირა, რისი ცოდნაც მუშაობის პროცესში აუცილებელია.

“საკარანტინო სივრცე მოემსახურა, როგორც მიუსაფარ ბავშვად იდენტიფიცირებულ, ისე მცირე საოჯახო ტიპის სახლის, ჩვილ ბავშვთა სახლისა და ძალადობის და ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების თავშესაფრის ბენეფიციარებს. საკარანტინო სივრცეში ბენეფიციარები მათივე თანხმობის საფუძველზე თავსდებოდნენ. 14 დღიანი საკარანტინე პერიოდის გავლის შემდეგ კი, ბენეფიციართა დაბრუნება შესაბამის მომსახურებაში ხდებოდა,” – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, 2020 წლის 28 მარტიდან საკარანტინო სივრცე  23 ბენეფიციარს მოემსახურა. სააგენტოში ამბობენ, რომ საკარანტინო სივრცეში მოთავსებული ბენეფიციარების არც ერთ შემთხვევაში COVID-19  არ დაფიქსირებულა. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 15 ივნისის  N 975 დადგენილების შესაბამისად, მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრებში ჩასარიცხი, ჩარიცხული, ასევე მომსახურე პერსონალი  PCR ტესტირებას ექვემდებარებიან.

“აღნიშნულ პერიოდში პროვაიდერი ორგანიზაციები  ცენტრებში საკარანტინე ოთახების გამოყოფას უზრუნველყოფენ, სადაც საჭიროების შემთხვევაში ბენეფიციართა იზოლაცია ხდება. ამ პერიოდში, მხოლოდ ერთი მიუსაფარი ბავშვი იყო СOVID-19-ით ინფიცირებული, რომელსაც მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდა.

“დღეის მდგომარეობით, არც ერთ მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფარში COVID-19 ინფიცირების შემთხვევა არ ფიქსირდება. საქართველოს მასშტაბით 6 სადღეღამისო თავშესაფარი ფუნქციონირებს – თბილისი (4), რუსთავი (1) და ქუთაისი (1), რომელიც  49 ბენეფიციარს ემსახურება,” – ამბობენ სააგენტოში.

 

მდგომარეობა თავშესაფრებსა და დღის ცენტრებში

„კარიტასი“ საქველმოქმედო ფონდია, რომელიც ბავშვებს დღისა და ღამის თავშესაფრით უზრუნველყოფს, თუმცა როგორც მისი  წარმომადგენელი თამარ შარაშენიძე „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, პანდემიის პირობებში მხოლოდ ორი ცენტრი მუშაობს და ისიც კარანტინის რეჟიმში.

მისივე თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ბენეფიციარს ან თანამშრომელს ვირუსი დაუდასტურდა. შესაბამისად, ცენტრები მხოლოდ თავშესაფრის ბენეფიციარებს ემსახურება, ანუ, ბავშვებს, რომლებიც თავშესაფარში ცხოვრობენ.

„დღის ცენტრის ბენეფიციარებისთვის თავშესაფარი დახურულია, ამიტომ ჩვენი ძალებით ვცდილობთ ბავშვების ოჯახები პროდუქტებით ვუზრუნველყოთ. გასულ თვეში ორჯერ მოვახერხეთ მათი უზრუნველყოფა და ისევ ვგეგმავთ, ეს ის მინიმუმია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია,“ – ამბობს თამარ შარაშენიძე და დასძენს, რომ გარდა ამისა, ველზე მობილური ჯგუფი მუშაობს,  ხოლო როდესაც გადაუდებელი დახმარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ფონდი ერთჯერადად ამ ტიპის ჯგუფებსაც ემხარება.

„სამწუხაროდ, სხვას ვერაფერს ვაკეთებთ. თავშესაფარში მყოფი ბავშვების 99% ჩვენთან ცხოვრობენ და ემორჩილებიან პანდემიის გამო დაწესებულ წესებს, თუმცა არის ერთი-ორი შემთხვევა, როცა ბავშვი ცენტრიდან გაიპარა და შემდეგ დაბრუნდა. რა თქმა უნდა, ინფიცირებული ბავშვიც გვყოლია და შესაბამისად, ცენტრი კარანტინის რეჟიმში გადავიდა. ასეთ შემთხვევაში ამ ბავშვების ტესტირებას ვახდენთ და მხოლოდ ტესტის შედეგად, შესაბამისად ვრეაგირებთ,“ – უთხრა „ფორტუნას“ შარაშენიძემ.

„კარიტასის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე რუსთავის ცენტრში 12, ხოლო თბილისში 10 ბავშვი ცხოვრობს.

რას ამბობენ სპეციალისტები

ბავშვთა მიმართ ძალდობისა და რეაგირების საკითხებში გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტი, ნონა ციხელაშვილის ჩვენთან საუბარში პრობლემის სიმწვავეზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშვე ბავშვების საჭიროების დაკმაყოფილებაზე, სახელმწიფოსგან უფრო მეტი ჩართულობაა სასურველი. მისივე თქმით, პანდემიის პირობების გათვლისწინებით, ამ პროცესში ეს ყველაზე დაუცველი ჯგუფია და მათი მდგომარეობაც შესაბამისად,  შესაძლოა, უკვე გართულდა.

„ამ პრობლემის იდენტიფიცირებაზე მუშაობა სახელმწიფოს პრეროგატივაა – იცოდეს სად არიან ეს ბავშვები და მათი საჭიროებების გამოვლენაზე მეტი ძალისხმევა დახარჯოს. ჩვენ ამ მიმართულებით აქტიურად ჩართულები არ ვყოფილვართ, თუმცა ამ ბავშვების საჭიროებებსა და რისკებზე, რა თქმა უნდა, ინფორმირებულნი არიან.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ინფიცირების რისკი ბავშვებზე მეტად, მომსახურების მიმწოდებელი ცენტრების აღმზრდელებს უფრო შეექმნათ, ზოგიერთმა შესაძლოა ისე გადაიტანა, რომ ვერც კი გაიგო,“ – განუცხადა „ფორტუნას“ ნონა ციხელაშვილმა.

როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტი ამბობს, პირველ რიგში, ამ ოჯახების უფრო ინტენსიური იდენტიფიცირება უნდა მოხდეს – ვინ არიან ეს ბავშვები, რა პირობებში არიან და ძირითადი, საბაზისო საჭიროებებით მაინც იყვნენ დაკმყოფილებულნი. მაგალითად, ისეთი საჭიროებებით, როგორიც სითბოსთან, საკვებთან და განათლების ხელმისაწვდომობასთან არის დაკავშირებული.

„პირველ რიგში, საჭიროა დავაზუსტოთ, რამდენად მუშაობს სახელმწიფოს მექანიზმი იმისთვის, რომ გავიგოთ სად არიან და რა რისკის ქვეშ არიან ეს ოჯახები. მეორე – რამდენად არის ხელმისაწვდომი და მათ ინტერესს მორგებული ის საერთო დახმრებები, რაც პანდემიის დროს სახელმწიფომ გასწია, რადგან ვიცით, რომ მათ ელემენტარული დოკუმენტაცია არ გააჩნიათ. ამდენად, მათზე მორგებული პაკეტებით ჩვენს სახელმწიფოს არ უმუშავია, რაც ერთი მხრივ სახელმწიფოსთვისაც გამოწვევაა და მეორე მხრივ, ამ ადამიანებისთვის არის უდიდესი პრობლემა, ვინაიდან ახლა ისინი გაცილებით უარეს მდგომრეობაში არიან,“ – დასძენს ნონა ციხელაშვილი.

სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, თამთა ბაბუნაშვილი კი სახელმწიფო პროგრამის (მიუსაფარ ბავშვთა ქვეპროგრამა) ხარვეზებზე საუბრობს. ამბობს, რომ მიუხედავად სამიზნე ჯგუფისა, რომელსაც სწორედ ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები წარმოადგენენ, ისინი ამ სერვისით მაინც ვერ სარგებლობენ, რადგან მათი რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე მომსახურების მიმღებთა რაოდენობა.

„ზოგადად ამ ქვეპროგრამის პრობლემა მდგომრეობს იმაში, რომ მასში ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები ჩართულნი არ არიან. რეალურად, გაცილებით მეტი ბავშვი ცხოვრობს ქუჩაში, ვიდრე მომსახურების მიმღებნი. პანდემიის პირობებში კი, გაცილებით მეტი პრობლემებია, რადგან მომსახურების გარეშე დარჩენილი ბავშვების მონიტორინგი ნაკლებად ხდება.

„გარდა ამისა, პრევენციული ღონისძიებები, რომელსაც სახელმწიფო ატარებს, საკმარისი არაა. განსაკუთრებით იმ ოჯახებში, რომლებიც სოციალურად დაუცველნი არიან და მაღალი რისკს წარმოადგენენ, რადგან მოწყალებისთვის შესაძლოა ქუჩაში გავიდნენ. სახელმწიფო სააგენტო მუნიციპალიტეტის დონეზეც კი მათ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს და შესაბამისად, ეს არ გახლავთ ის პროგრამები, რომლებიც ამ ბავშვების მდგომარეობას შეცვლის ან სიღარიბის დაძლევაში დაეხმარება,“ – უთხრა „ფორტუნას“ სახალხო დამცველის აპარტის წარმომადგენემა.

თამთა ბაბუნაშვილის თქმით, ეს განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია, რადგან ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები მაღალი რისკის ქვეშ არიან – რიგ შემთხვევაში ძალადობის, უგულებელყოფისა და მითუმეტეს პანდემიის პირობებში, ახლა უკვე ინფიცირების, დაავადების გავრცელების, ხოლო კონტროლის მექანიზმი კი იმდაგვარი არაა, რომ ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად მიუდგეს.

„კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ამ ქვეპროგრამას ახლავს, არის ის, რომ პროგრამა მხოლოდ სამ ქალაქში: თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუშაობს. რელურად კი, ამ ბავშვების რიცხვი სხვა ქალაქებშიც დიდია, განსაკუთრებით კი ბათუმში, სეზონზე, როდესაც ბავშვების შრომითი მიგრაცია ხდება. შესაბამისად, ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას, მითუმეტეს პანდემიის პირობებში.

თუკი ამ ბავშვების ოჯახებთან კომუნიაკაცია შედგა, მათ სახელმწიფო მეტნაკლებად ეხმარება, აძლევს საიდენტიფიკაციო დოკუმენტიას, თუმცა არის ჯგუფები, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობები, რომელთა შემთხვევაშიც რთულია ინდივიდულური კომუნიკაცია,“ – განუცხადა „ფორტუნას“ ბაბუნაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პანდემიის პირობებში სახელმწიფო უწყებებთან სახალხო დამცველის აპარატს მუდმივი კომუნიკაცია აქვს, ასევე გასცემენ რეკომენდაციებს, რაც სააბოლოო ჯამში, აპარტის საპარლამენტო ანგარიშებშიც აისახება.