LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ დაეხმარო, დაისჯები: რა შემთხვევებია დასჯადი უცხოეთში დარჩენის ხელშეწყობისთვის

354
23868__emigration

უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის ხელშეწყობა დაისჯება. პარლამენტმა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებას, წინ კი საბოლოო მესამე მოსმენაა.

კანონპროექტს 12 ავტორი ჰყავს. ინიციატორები პარლამენტის უმრავლესობის წევრები არიან.

ავტორთა აზრით, ახალი კანონი ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლებისა და უკანონო მიგრანტების რაოდენობას შეამცირებს.

პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე კანონპროექტის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, რომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლები რიგ ქვეყნებში რაოდენობით ჩამოუვარდებიან მხოლოდ საომარ და კრიზისულ ვითარებაში მყოფ ქვეყნებს – სირიას, ერაყს, ავღანეთს, ირანს, პაკისტანსა და სხვა.

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა “ფორტუნასთან” აცხადებს, რომ კანონის მიღება იმ დარღვევების რიცხვის ზრდამ განაპირობა, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში უკანონო მიგრაციას უკავშირდება.

“2017 წლის მარტიდან საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა აქვს. ამ პერიოდიდან დაწყებული, ზოგი კეთილსინდისიერად და წესების დაცვით სარგებლობს ამ შესაძლებლობით, ზოგი კი წესების დარღვევით ცდილობს უვიზო მიმოსვლის გამოყენებას. იმდენად გაზრდილი იყო უკანონო მიგრაციის რიცხვი, რომ უცხოელი პარტნიორები კონკრეტული ქმედითი ნაბიჯების გატარებას გვთხოვდნენ”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კანონით დასჯადი ხდება ქმედება, რომელიც უკანონო მიგრაციას შეუწყობს ხელს და ეხება საქართველოს მოქალაქეებს. იქნებიან ისინი საქართველოში თუ საზღვარგარეთ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია იმ ყვეყანაში, სადაც კანონდამრღვევი პირი იმყოფება, მსგავსი კანონი მოქმედებდეს. ეს კანონი კი ევროკავშირის ყველა ქვეყანას აქვს მიღებული.

  • თუ პირმა იცის, რომ ვინმე სხვა ქვეყანაში უკანონოდ ცდილობს დარჩენას და მას გაუწევს დახმარებას, მისი მისამართით სანქციები გატარდება;
  • თუ პირი გარკვეული თანხის სანაცვლოდ (მატერიალური გამორჩენის მიზნით), ვინმეს ქვეყანაში უკანონოდ დარჩენაში დაეხმარება;
  • ადამიანი, რომელიც ჰუმანიტარული მიზნებიდან გამომდინარე ახლობელს დაეხმარება, ეს კანონი ამ ადამიანებს იმ პირთა წრიდან გამორიცხავს, ვის მიმართაც ეს კანონი გავრცელდება.

თამარ ხულორდავას განცხადებით, უკანონო მიგრაციის განმაპირობებელი ხშირად არის მძიმე სოციალური ფონი. ასეთი მოცემულობით ზოგიერთი პირი თუ კომპანია სარგებლობს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ მოქალაქეებს უცხოეთში დასაქმებას პირდება ან რაღაც სხვა სახის დახმარებას უწევს, რომ მათ ლტოლვილის სტატუსი მიიღონ. ასეთი ქმედებები უნდა დაისაჯოს.

 

 

ყველა ვინც ფინანსური ან მატერიალური მოგების მიზნით საქართველოს მოქალაქეებს უცხოეთში უკანონოდ დარჩენისთვის საჭირო პირობებს შეუქმნის. ამ უკანონო გარიგების ორგანიზება 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

თუ დანაშაულს წინასწარი შეთანხმებით ჩაიდენს ადამიანების ჯგუფი, რამდენჯერმე გაიმეორებს მას, გამოიყენებს ყალბ დოკუმენტებს ან ერთზე მეტ ადამიანს დაეხმარება საზღვარგარეთ უკანონოდ დარჩენაში, მაშინ სასჯელი იზრდება 3-დან 6 წლამდე.

კანონპროექტის მიხედვით, თუ ზემოჩამოთვლილ ქმედებებს ორგანიზებული ჯგუფი ჩაიდენს, სასჯელი 4-დან 7 წლამდე იქნება, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მას ჩამოერთმევა საქმიანობის უფლება.

კანონპროექტი იურიდიული პირისთვის ითვალისწინებს ჯარიმასაც, 20 000 ლარიდან. ჯარიმის ზუსტ ოდენობას სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს.

 

საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 2 წლის წინ დაიწყეს. 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა 72%-ით არის გაზრდილი. 2018 წელს ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნაზე საქართველოს მოქალაქეების 20 ათასი განაცხადი დაფიქსირდა, 2018 წლის განმავლობაში კი თავშესაფრის მიღებაზე საქართველოს მოქალაქეების განაცხადების მხოლოდ 3% დაკმაყოფილდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია თავშესაფრის მაძიებელი ქვეყნების პირველ ათეულში.

სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებები პლენარულ სხდომაზე ახლო მომავალში გავა, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებიდან 15 დღეში კი უკვე ძალაში შევა.

 

 

პოპულალურები