დამოუკიდებელ საქართველოში, და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, რაც ჩვენმა ქვეყანამ ევროპული გეზი აიღო, გაჩნდა და მკვიდრდება „უცხო სიტყვები და ტერმინები“. საქართველო იღებს ევროპულ გამოცდილებას და მთელ რიგ საკითხებში ცდილობს მიბაძოს და შეძლებისდაგვარად გადმოიღოს დასავლური წარმატებული მოდელები.

 

ახალი ხილი თუ უკვე შეჩვეული

CSR – კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ერთ-ერთი ასეთი ახალი ხილია. ის ჩვენთან ჯერ კიდევ უფრო ქველმოქმედებასთან ასოცირდება და მდიდარ ადამიანს (კომპანიას) „ავალდებულებს“ დახმარება გაუწიოს სხვადასხვა საჭიროების მქონე დარგებს თუ ცალკეულ ადამიანებს. საქართველო როგორც საბჭოთა მემკვიდრეობის ქვეყანა, ამ მხრივაც ჩამორჩება განვითარებულ ევროპას, რადგან საბჭოთა კავშირში სახელმწიფო იყო ყველაფრის განმკარგავი და გეგმიური ეკონომიკის პირობებში და „ზემოთ მიღებული გადაწყვეტილებით“ ხდებოდა ყველაფერი. დაახლოებით 30 წელიწადია გასული, რაც საქართველომ დამოუკიდებლად დაიწყო სვლა, მაგრამ მაინც ვერ მოიშალა „სახელმწიფომ გახსნას ქარხანა-ფაბრიკა და დამასაქმოს“ ცნება, რაც თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პირობებში უბრალოდ წარმოუდგენელი რამაა. ამიტომ ჩვენი თანამოქალაქეების გარკვეული ნაწილისთვის ჯერაც რთული გასაგებია ახალი მიმართულებები და ისინი ალბათ ბოლომდე ჯიუტად მოითხოვენ „ზემოდან დახმარებას“.
მეორეს მხრივ გვაქვს ბიზნესი, ძირითადი ძალა, რომელმაც კორპორაციული პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს. აქაც ვერ გვაქვს საქმე საოცნებოდ. და აქაც ძველი გადმონაშთის ნიშნებში უნდა ვეძებოთ პრობლემა. მსხვილი ბიზნესის თავისუფალი სუნთქვა მაინც რჩება პრობლემად და არავისთვისაა უცხო, რომ სახელმწიფო, რბილად რომ ვთქვათ, „გარკვეულ ვალდებულებებს“ აკიდებს ხოლმე ბიზნესს, რაც თავის მხრივ კომპანიებს ხელს უშლის სხვადასხვა დარგებს განვითარებაში ხელი შეუწყონ.

ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მსხვილი ქართული კომპანიები სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით საკმაოდ ბევრ აქტივობას ახორციელებენ, იქნება ეს კულტურის ძეგლების აღდგენა, გარემოს დაცვა, ბავშვთა სპორტის დახმარება თუ სხვა. უბრალოდ, ალბათ ეს მაინც არ არის სასურველი მასშტაბი.

„კორპორაციული სოციალური პასუხიმგებლობა არის ბიზნესის ნებაყოფლობითი არჩევანი, გაითვალისწინოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ინტერესები და დადებითი გავლენა მოახდინოს თავის სამუშაო, სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე. ეს კი ნიშნავს იმას, რომ თანამედროვე კომპანიებს აქვთ ერთგვარი პასუხისმგებლობა მომხმარებლებზე, თანამშრომლებზე, ფართო საზოგადოებაზე, მთავრობაზე და გარემოზე, რომელშიც მათ უწევთ საქმიანობა“ – განმარტავს “ჯეპრას” CSR მენეჯერი, თაკო ვარამაშვილი და გამოდის, რომ ბიზნესის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული კინო, თეატრი, სპორტი, მხატვრობა, სოციალური დარგები, კონკრეტული ადამიანები?.. სანამ ქართულ რეალობას დავუბრუნდებით, მანამდე ვნახოთ…

 

რა ხდება ამასობაში მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობს რამდენიმე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მოდელი, თითოეული მათგანი ასახავს იმ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ წყობას, რომელიც ისტორიულად ჩამოყალიბდა ამა თუ იმ ქვეყანაში.

ამერიკული მოდელის ისტორია მე-19 საუკუნისაა და ის დაფუძნებულია სუბიექტების მაქსიმალურ თავისუფლებაზე, თითქმის ყველა დარგი დღემდე რჩება თვითრეგულირებადად. მათ შორის დასაქმებულ-დამსაქმებლის შრომითი ურთიერთობა, სამედიცინო დაზღვევის ნებაყოფლობითობა. ამერიკამ ასევე გამოიმუშავა საზოგადოების სოციალური მხარდაჭერის მრავალრიცხოვანი მექანიზმები, რომელიც მიმართულია ბიზნესის ხარჯზე სხვადასხვა სოციალური პრობლემის გადაჭრისკენ.
აქტიურობა თავად კომპანიების მხრიდან არის ინიცირებული. პასუხისმგებლიანი სოციალური ქცევა კი წაქეზებულია შესაბამისი საგადასახადო შეღავათებით, რაც საკანონმდებლო ბაზითაა გამყარებული.

ევროპაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, როგორც წესი, დარეგულირებულია შესაბამისი ქვეყნების ნორმებით, სტანდარტებითა და კანონებით. ბევრ ევროპულ ქვეყანაში საკანონმდებლო დონეზეა დაფიქსირებული სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა, საპენსიო რეგულირება, საწარმოს გარემოსდაცვითი საქმიანობა.
ევროპაში სოციალური დაცულობის მაღალი დონე გარანტირებულია „იძულებითი გზით“ – მაღალი გადასახადებით.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ბრიტანული მოდელი ორივე ელემენტს აერთიანებს: სახელმწიფოს ყურადღებასთან ერთად კერძო კომპანიების მხრიდან სოციალური ინიციაციების ელემენტებიც ჭარბობს.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის მთავრობაში არსებობს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მინისტრის თანამდებობა და გამოცემა „თაიმი“ აქვეყნებს ყოველკვირეულ ინდექსებს.
საინტერესოა, რომ ინგლისურ ბიზნესს მიაჩნია, რომ დასაქმების პრობლემის მოგვარება შესაძლებელია კადრების გადამზადებით.

ევროპული ქვეყნების პრაქტიკა შესაძლოა მკვეთრად განსხვავდებოდეს, მაგრამ საერთო მონახაზი დომინირებს. ეს დაკავშირებულია როგორც საერთო კულტურასთან და ისტორიასთან, ასევე აქტიურ სახელმწიფო პოლიტიკასთან.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს კანადური მოდელი, რომელიც ბევრ რამეში გავს ამერიკულს. კანადაში თითქმის ყველა ორგანიზაცია თანამშრომლობს კანადის ხარისხის ეროვნულ ინსტიტუტთან, რომელმაც დანერგა განსაკუთრებული კანადური სტანდარტი – ხარისხის სრულყოფილებისა და ჯანსაღი სამუშაო ადგილის მოდელი. კანადური მოდელი დაიხვეწა და განვითარდა ამერიკული, ევროპული და ავსტრალიური მოდელების საუკეთესო მიღწევების საფუძველზე.

კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის დარგში აქტიურობამ შესამჩნევი ეკონომიკური შედეგები რომ მოიტანოს, გასათვალისწინებელია სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პირობები, რომლებიც არსებობს ამა თუ იმ ქვეყანაში, სადაც კორპორაცია საქმიანობას ეწევა.
კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამების შექმნის და განვითარების ინიციატივა როგორც წესი მომდინარეობს ცალკეული ქვეყნების და მეტიც ცალკეული კომპანიების დონიდან.

ანუ რა გამოდის? მსოფლიო გამოცდილებას თუ გავისთვალისწინებთ, საქართველოს ბრმად რომელიმე მოდელს ვერ გადმოიღებს, რადგან ჩვენი ისტორია, კულტურა, მენტალობა, შესაძლებლობები მაინც ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. უბრალოდ, დასავლური გამოცდილების გაზიარება ცხადია საჭიროა.

აღსანიშნავია, რომ 2002 წლიდან ევროკავშირში ტარდება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის საერთაშორისო ფორუმები, თანაც ყოველწლიურად ამ თემისადმი ინტერესი იზრდება. თუ პირველ ფორუმში მონაწილეობა მიიღო 50 ავტორიტეტულმა სტეიკჰოლდერმა, 2015 წელს უკვე 450-ზე მეტმა.

 

ქველმოქმედება თუ უფრო მეტი

მსოფლიო ვითარების ძალიან მოკლე დახასიათებითაც იოლი მისახვედრია, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ სხვის დახმარებას არ გულისხმობს. ის კომპანიებს ბევრად დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს და გადაზრდილია განათლების, კულტურის, გარემოს დაცვის და სხვა საჭირბოროტო საკითხების მოგვარებაში. გამოდის, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მთლიანად საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას და მის განვითარებაში შეტანილ დიდ წვლილს ნიშნავს. გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში კი მას შესაძლოა კიდევ უფრო დიდი როლი მიენიჭოს.

ევროპის ქვეყნებში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა დიდი ხანია ეროვნული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული მიდგომები და გაგება შესამჩნევად შეიცვალა. ამ დრომდე ბევრი ევროპული ქვეყანა მშრომელების უფლებების, შრომისა და გარემოს დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და ა.შ. ნორმებს ადგენდა. გარდა ამისა, ამ ნორმების დაცვა ბიზნესისთვის სავალდებულო იყო. ერთის მხრივ, ამან გამოიწვია მრავალი დადებითი ცვლილება ცხოვრების დონესა და ხარისხში. მეორეს მხრივ კი მოკლა სტიმული ბიზნესისთვის ნებაყოფლობით აეღო დამატებითი სოციალური პასუხისმგებლოაბა, რაც არის კიდეც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საფუძველი.

ევროკავშირში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თანამედროვე სისტემა გახდა ბიზნესისა და ინტეგრაციული ინსტიტუტების ერთობლივი ძალისხმევის შედეგი. სოციალური პასუხისმგებლობის ევროპული სისტემის დასაწყისი გახდა 2001 წელი. სწორედ მაშინ გამოაქვეყნა ევროპულმა კომისიამ მწვანე წიგნი „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ევროპული სისტემის შექმნა“.

მწვანე წიგნის ტექსტის თანახმად, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა – ეს არის „საწარმოს პასუხისმგებლობა თავისი ზემოქმედებით საზოგადოებაზე“. კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა გულისხმობს ეკოლოგიურ და ეთიკურ ნორმებს, ადამიანის და მომხმარებლის უფლებების დაცვას, ასევე ყველა სტეიკჰოლდერებთან ურთიერთმოქმედებას.

„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არ გულისხმობს მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას. მისი ძირითადი ფუნქციაა პრობლემურ საკითხებში საზოგადოების გვერდში დგომა. მცირე, მაგრამ კარგად მართულ, ეფექტიან კომპანიას უფრო დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია საზოგადოების კეთილდღეობაზე, ვიდრე ნებისმიერ სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციას“, – აცხადებს თაკო ვარამაშვილი.

ქველმოქმედება კი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი კომპონენტად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა რა თანხაც არ უნდა დახარჯოს ორგანიზაციამ ქველმოქმედებაზე, თუ ის არ ზრუნავს გარემოზე და არ იცავს საკუთარი თანამშრომლების უფლებებს, მხოლოდ ქველმოქმედებით ვერ ჩაითვლება პასუხისმგებლიანად.

“კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა იმას კი არ გულისხმობს, თუ როგორ ხარჯავს კომპანია მოგებას, არამედ იმას, თუ რა გზებით იღებს ამ მოგებას”, – ეს მათიას სტაუსბერგის, გაეროს „გლობალური შეთანხმების“ მედიაურთიერთობის ხელმძღვანელის სიტყვებია.

 

რას ფიქრობენ ქართული რესტორნები და მაღაზიები

ზოგადი საუბრები, მოდელები და პრინციპები კარგია, მაგრამ პრაქტიკაში განხორციელება სხვა რამეა და ის უფრო ეხება თითოეულ კონკრეტულ ადამიანს.

ევროპის ქვეყნებმა, რომლებსაც ეკონომიკური განვითარების დონით კიდევ დიდხანს ვერ დავეწევით, გადაწყვიტეს, დაბალშემოსავლიან მოქალაქეებზე იზრუნონ და სხვადასხვა მიზეზით დაწუნებული საკვები სიმბოლურ ფასად გაყიდონ. ასე გაჩნდა სოციალური სუპერმარკეტის გახსნის იდეა ევროპაში.
ბრიტანელმა ჯონ მარენმა წლების წინ მოიფიქრა, რომ საჭმელი, რომელიც არასწორი ეტიკეტის გამო ჩამოწერეს ან უახლოეს 2-3 დღეში ვადის გასვლისთანავე უნდა გადაეყარათ, მოეგროვებინა და სიმბოლურ ფასად გაეყიდა. სწორედ ამ დროს გაიხსნა პირველი სოციალური სუპერმარკეტი იორკშირში.

ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ არ აკონკრეტებს, მსხვილი კომპანიები ნარჩენებში ფულს იღებენ თუ არა, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს მათთვის ერთგვარი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობაა. თუ აქამდე ასეთ პროდუქტებს ნაგავში ყრიდნენ, ამის ნაცვლად საკვებს ჯონ მარენს აძლევენ და თან იციან, რომ ასე ღარიბ მოსახლეობას ეხმარებიან. რომ საუბარია არა ვადაგასულ საკვებზე, არამედ იმ პროდუქტზე, რომელიც 2-3 დღეში გაფუჭდება ან უბრალოდ ეტიკეტისა თუ სხვა მიზეზის გამო ჩამოწერეს.

საქართველოში, სადაც „იუნისეფის“ ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს და მოსახლეობის 27,6% სიღარიის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ასეთი სოციალური სუპერმარკეტები არ არსებობს.

 

„გუდვილის“ წარმომადგენელი ნატა წერეთელი ამბობს, რომ რითეილის კუთხით ყველაზე გამართული სწორედ „გუდვილია“ და ყოველთვის იმდენ პროდუქტს უკვეთავენ, რამდენიც იყიდება.

ნატა წერეთელი, „გუდვილი“:
„ჩვენ იმიტომ არ გვიფიქრია ამაზე, რომ რაც გვაქვს მალფუჭებადი ან მზა საკვები, ისეა გეგმა გაწერილი, საქონელი არ გვიფუჭდება, საათების მიხედვით გეგმაზეა საუბარი. მზა კვებაც რომ ნახოთ, არის, რომ დამზადებულია 10:00 საათზე, 15:00 საათზე და ა.შ. საათობრივად მზადდება. აქედან გამომდინარე ამის ჩამოწერა არ ხდება. მზა კვებაში მხოლოდ 100 და 300 გრამი რჩება ხოლმე. არის პრაქტიკა, თუ რამდენიმე ცალი დარჩა და ორ კვირაში ვადა გასდის, იმის ჩამოფასება ხდება, მაგრამ მთლად სოციალური სუპერმარკეტის სახეს ვერ ვაძლევთ, იმიტომ რომ რაოდენობა გვაქვს მიზერული“.

რუსუდან კბილაშვილი, „სმარტი“:
„სმარტს რაც შეეხება, ჩვენ რადგან ფორმატი შევიცვალეთ, ნაკლებადაა პროდუქტები, რასაც ასე მცირე ვადა აქვს. ერთადერთი საკონდიტროა, რომელიც 24-საათიანია და თან უკვე გვაქვს გამოცდილება, იმდენი მოვამზადოთ, რამდენიც იყიდება. შესაბამისად, ეს მიმართულება არ გვაქვს, თან თუ რამე რჩება მზა საკვებიდან, ის ნადგურდება სურსათის უვნებლობის წესების მიხედვით“.

თამარ ესართია, „სპარი“:
„სპარში“ ჩვენი წარმოების პროდუქტებზე, ყოველდღე, საღამოდ 20:00 საათდან 24:00 საათამდე განახევრებული ფასებია, ანუ იმაზე, რაც მალფუჭებადია. რაც შეეხება სხვა ტიპის პროდუქტებს, სტაბილურად მხოლოდ მზა პროდუქტებზე გვაქვს, ყველგან მგონი ერთი და იგივე სიტუაციაა, ანუ ყველა კომპანიას მაქსიმალურად ზუსტი რაოდენობით აქვთ პროდუქცია შეძენილი“.

„ფრესკოს“ პიარისა და მარკეტიგის დეპარტამენტში გვითხრეს, რომ მათ ჰქონდათ მსგავსი ტიპის შეთავაზებები სხვადასხვა ორგანიზაციიდან, მაგრამ უარი თქვეს, რადგან კომპანიის ცნობით, „ფრესკოს“ საკუთარი საქველმოქმედო ფონდი აქვს და მიმართვის შემთხვევაში, მოქალაქეებს სოციალური პროდუქტებით ისედაც ეხმარებიან.

ამ თემაზე აზრი მარკეტოლოგებს და ეკონომისტებსაც ვკითხეთ, რომლებიც ქართული კომპანიების ქცევას აბსოლუტურად გამართლებურად მიიჩნევენ. ისინი ამბობენ, რომ ევროპაში ღარიბი მოქალაქე ცოტაა, შესაბამისად, იქ თავისი მომხმარებელი ჰყავს სოციალურ სუპერმარკეტსაც და ბრენდულ კომპანიასაც. საქართველოში კი ეს პრაქტიკა არ გაამართლებს. ეკონომისტების აზრით, თუ მომხმარებელს ეცოდინება, რომ ყოველდღე სხვადასხვა სახის საკვები იმავე მარკეტში ან თუნდაც სხვაგან სიმბოლურ ფასად გაიყიდება, ის აუცილებლად დაელოდება იმ კონკრეტულ დღეს ან საათს და საბოლოოდ მსხვილ სუპერმარკეტებს კლიენტი აღარ ეყოლებათ.

 

აშშ-ს რესტორნებში ყოველწლიურად საკვების 40%-ზე მეტი ნადგურდება, ინგლისშიც დაახლოებით იგივე სიტუაციაა და განადგურებული საკვების რაოდენობა წელიწადში 600 ათასი ტონას შეადგენს. ამ პრობლების მოგვარებას ბრიტანელი ჯეიმს გრუმი სპეციალური აპლიკაციის შექმნით შეეცადა.

To Good To Go-ზე რესტორნებიდან მორჩენილ და ხელუხლებელ სალათებს, ხორცეულს, ბოსტნეულს და სუფებს ძალიან იაფად იყიდით. გრუმის კომპანია საკვების შეფუთვასაც გთავაზობთ და მას კურიერი ადგილზე მოგიტანთ. ფასები ცენტებიდან 1 დოლარამდეა. ძალიან კარგ საჭმელში 2 დოლარს და მაქსიმუმ 3.80 დოლარს გადაიხდით.
მსგავსი აპლიკაცია შეიქმნა ამერიკაშიც. ის ამჟამად ბოსტონსა და ნიუ-იორკში მუშაობს. ფასები კი 2 დოლარიდან 8 დოლარამდე მერყეობს.

სოციალური მარკეტების არ იყოს, საქართველოში მსგავსი აპლიკაცია ჯერჯერობით არ არსებობს. ნამდვილად იყრება თუ არა ქართულ რესტორნებში მორჩენილი საკვები ნაგავში, რას ავალდებულებს კანონი კვების ობიექტებს და რატომ არ შეიძლება ხელუხლებელი და რესტორანში დარჩენილი საკვები გაჭირვებულ მოქალაქეებამდე მივიდეს.

 

ეკა კოპალეიშვილი, რესტორან „კოლხეთის“ მენეჯერი:
„დღეს იმდენს არავინ უკვეთავს, რომ ბევრი საჭმელი დარჩეს. თუ რაღაც მორჩა, როგორც წესი, დამკვეთს თან მიაქვს ხოლმე. ადრე იმიტომ იყო გადაყრის ფაქტები, რომ კონტეინერებით წაღების პრაქტიკა არ არსებობდა. არავინ ულაგებდა საჭმელს და სახლში არავინ ატანდა. გარდა ამისა, ადრე როგორც იყო, დღეს დიდი რაოდენობით საკვებს აღარ უკვეთავენ. მივედით იმ კულტურამდე, რომ ვისწავლეთ დოზირებული შეკვეთები და ეს სწორია. ჩვენ მაგ. გვაქვს საბანკეტო რესტორანი და ცალკე სახინკლე. სახინკლეში რომ მოდის სტუმარი, ზუსტად იმას უკვეთავს, რასაც ჭამს. თუ ბანკეტია და შეხედავენ, რომ დარჩა ნებისმიერი რამ, კონტეინერებს ითხოვენ და ამის სრული უფლება აქვთ“.

რესტორან „ბაბილოში“ იგივე პოზიცია აქვთ. აქ ამბობენ, რომ 80%-ზე მეტ შემთხვევაში დამკვეთს საჭმელი შინ მიაქვს.
„კონტეინერდება ყველა სახის საჭმელი და სახლში მიაქვთ. თუ ამის გარდა რაღაც დარჩება, უზარმაზარი სტაფია და მათთვისაც ხომ საჭიროა კვება, თანამშრომლები ხომ ყოველდღიურად ჭამენ. რეალურად, დიდი რაოდენობა არ რჩება, რომ ეგ მიმართულება მივცეთ, თუმცა ასეთი ფაქტები იყო ხოლმე, ზოგჯერ თავად სტუმრებისგან. თუ მათ შინ არაფერი მიაქვთ, აი, მაგ. ზოგჯერ დიდი კორპორატიული რომ არის, დააკონტეინერებენ და თავად მიაქვთ „კათარზისში“, ან სოციალურად დაუცველებთან“, – აცხადებენ „ბაბილოში“.

„წისქვილი ჯგუფში“ გვითხრეს, რომ კანონმდებლობით მორჩენილი საკვების ძაღლისთვის მიცემაც კი არ შეიძლება და ის აუცილებლად უნდა განადგურდეს. აქ ამბობენ, რომ ჯგუფში შემავალი რესტორნები ყველა ინსტრუქციის მიხედვით ხელმძღვანელობს, რაც კანონში წერია.

სურსათის უვნებლობის სამსახურსაც დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ თუ სურსათი ვადაგასულად ითვლება, ის უნდა განადგურდეს.

„ჩვენ თუ ასეთ ფაქტს შევესწარით, სააგენტო აჯარიმებს საზოგადოებრივი კვების ობიექტი იქნება თუ სარეალიზაციო. რაც შეხება იმას, რომ პირდაპირი რეკომენდაცია იყოს, მაგიდას რომ აალაგებ, ძაღლს არ აჭამო, ასეთი რეკომენდაცია არ არსებობს. ეს კანონში არ დევს. ვადაგასული სურსათი ცხადია ნადგურდება. ყველას შეუძლია ის ძაღლს აჭამოს, ზოოპარკში წაიღოს, მაგრამ როგორც ვიცით, ამასაც ცალკე ლაბორატორიული კვლევები სჭირდება და საბოლოოდ ლოჯისტიკაა დასალაგებელი“, – აცხადებენ სააგენტოში.

 

გვეშველება რამე?

თუ ახერხებენ სხვები, რატომ ვერ უნდა გავაკეთოთ ჩვენ? ალბათ მოვა დრო და საქართველოში სოციალური პასუხისმგებლობის მხრივაც შესამჩნევ ნაბიჯებს გადავდგამთ წინ. ამისათვის კი ჯერ დიდი გზა გვაქვს გასავლელი – ცალკე ადამიანების ცნობიერება, ცალკე ბიზნეს კომპანიების თავისუფალი გარემო და შემდეგ ამ გარემოს პასუხისმგებლიანი გამოყენება, ცალკე სახელმწიფოს მხრიდან მისი როლისა და ფუნქციის მკაფიო განსაზღვრა და რაც მთავარია ერთიანი ძალისხმევითა და შეგნებით როგორც დაწერილი ნორმების შესრულება, ასევე დაუწერელი ადამიანური კანონებით ხელმძღვანელობა.

 

ვახო დარასელია
ავტორი

მსგავსი თემები