LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ შეიძლება სხვის დარღვევაზე ქულები მე ჩამომაკლონ” – უკმაყოფილება და ხვრელები შსს-ს კანონპროექტში

1934
mevluda

საგზაო მოძრაობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ჯერ არ მიუღიათ, განხილვისა და უკმაყოფილების საგანი გახდა – საუბარია ვიდეოკამერით დაფიქსირებული სიჩქარის გადაჭარბებაზე მძღოლებისთვის ქულების დაკლებაზე. კანპონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.

მძღოლები აპროტესტებენ იმას, რომ შესაძლოა სხვის მაგივრად დაჯარიმდნენ ან მანქანის თხოვებაზე ახლობლებისთვის, მათ შორის ოჯახის წევრებისთვის, უარის თქმა მოუწიოთ. ისინი კანონპროექტს უსამართლოს უწოდებენ.

ავტომრბოლელი, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი მევლუდ მელაძე “ფორტუნასთან” ამბობს, რომ კანონის არსი და მიზანი, თავიდან ბოლომდე არასწორია და მსგავსი რეგულაცია ევროპაში არსად არის.

“ხშირ შემთხვევაში, რადგან ჩვენთან მინდობილობის წესი არ არსებობს, ისევე როგორც ევროპაში, მანქანა შეიძლება ნებისმიერს ათხოვო და ნებისმიერმა ითხოვოს. მათ შორის, შეიძლება იყოს მეუღლე, მეგობარი… ეს კანონი ალბათ იმაზეა მიმართული, რომ ყველას თავის თავზე ჰქონდეს მანქანა გაფორმებული და ერთმანეთს არ ათხოვონ ავტომობილი, რაც არასწორია. ევროპაში ვერსად ნახავთ ასე მომართულ წესს. 

საქართველოში ხშირადაა ისე, რომ ავტომობილი ერთ პირზეა გაფორმებული და რამდენიმე სხვადასხვა ადამიანი მართავს მას. გამოვა, რომ 4-5 ადამიანი, რომ ერთდროულად დაჯარიმდეს, მართვის მოწმობა შეიძლება გაუუქმდეს მას, ვინც საჭესთან საერთოდ არ მჯდარა. ეს იგივეა, რომ მკვლელობაზე დაიჭირო ადამიანი, რომელიც საერთოდ არ ყოფილა იქ, დაახლოებით ასეთი ტიპის რეგულაციაა,” – განაცხადა მევლუდ მელაძემ “ფორტუნასთან.”

ეს კანონი განსაკუთრებულ პრობლემებს შეუქმნის ოჯახებს, რომლებიც ერთი ავტომობილით სარგებლობენ. მათ არც საშუალება და არც სურვილი აქვთ, რომ თითოეული ფლობდეს მანქანას. ამის სურვილი წესით, არც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს, მაშინ, როცა რეფორმები სწორედ ქალაქში ავტომობილების რაოდენობის შესამცირებლად ტარდება.

მძღოლები კანონში ლოგიკას ვერ ხედავენ და იმედოვნებენ, რომ მიღებამდე, მას შესაბამისი სამსახურები კარგად გააანალიზებენ.

„აქამდე არსებული დაჯარიმების წესს ვეთანხმებოდი, ეს მარაზმია. არ შეიძლება სხვა ადამიანის დარღვევა-დანაშაულზე პასუხი სხვა ადამიანმა აგოს. ერთ ოჯახში ერთი მანქანა რომაა, იმას იყენებს ყველა. ეს ხომ არაა დანაშაული? რატომ უნდა დამაკლდეს მე მაგალითად, ქულები თუ მანქანაზე ჩემი მეუღლე იჯდა,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ ვახტანგი, რომელსაც ოჯახში მხოლოდ ერთი ავტომობილი ჰყავს.

„მოკლედ, ჩვენს ქალაქში რომ სრული ავტო ქაოსია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და ყველა ჯანსაღ რეგულაციას მივესალმები. ასევე, ძალიან კარგია ახალი ჭკვიანი კამერებით რომ ჩაანაცვლეს ძველი უფუნქციო ვიდეოკამერები, მაგრამ რა შუაშია დამრღვევი პატრონთან? წარმოიდგინეთ, ვინმეს მანქანა ვათხოვე და იმან დაარღვია, მერე მე იმას მოვთხოვ – შენ რომ ჩემი მანქანით დაარღვიე, გადაიხადე და გადაახდევინებ სიტყვაზე, მაგრამ მე მაინც ქულები მაკლდება, შეიძლება მართვის მოწმობაც კი ჩამომერთვას. ანუ, მიზეზი არის, რომ მანქანა ვათხოვე სხვას ? მე თუ არ ვარღვევ და არ ვაშავებ, იმაზე ქულა რა ლოგიკით მაკლდება? არ მივესალმები ასეთ უაზრო კანონებს,“ – ამბობს სანდრო, რომლის ოჯახიც ასევე, ერთი მანქანით სარგებლობს.

გარდა „გათხოვებასთან“ დაკავშირებით შექმნილი დისკომფორტისა, კანონს თავადაც აქვს პრობლემა და საზოგადოებამ მასში „ხვრელი“ უკვე იპოვა.

„დავუშვათ, მანქანა გაფორმებულია ჩემს მეუღლეზე, რომელსაც მართვის მოწმობა არ აქვს და მე ვმართავ იმ ავტომობილს, ვარღვევ, ვაჭარბებ სიჩქარეს, ქულებს როგორ დამაკლებენ მე? ანუ, უნდა დავიწყოთ იმის ძებნა, ვინ იჯდა საჭესთან?” – აინტერესებს დავითს.

კანონპროექტში არსებულ ამ ხვრელზე სავარაუდოდ, პარლამენტი იმსჯელებს. უკვე გაჟღერდა ინიციატივა, რომ იმ შემთხვევაში თუ მძღოლი ჯარიმას გადაიხდის, მაგრამ ქულები არ დააკლდება, მისთვის სანქცია გაიზარდოს. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილის შეფასებით, უნდა ამოქმედდეს ისეთი მექანიზმი, რომ მძღოლს ამ სანქციის დაკისრებას, ქულების ჩამოკლება ერჩივნოს.

„სანქცია უნდა იყოს იმხელა, რომ მძღოლმა დაწეროს განცხადება და თქვას – „დიახ, მე ვიჯექი საჭესთან და მირჩევნია მე ჩამომაკლდეს 10 და 15 ქულა, ვიდრე ავტომობილის მფლობელი 1000 ლარით დაჯარიმდეს (პირობითად),“ – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა. 

ეკა ლალიაშვილის თქმით, ეს მექანიზმი საჩივრების რაოდენობას გაზრდის, თუმცა ამ ეტაპზე ეს იდეა განხილვაშია. მიზანია, რომ დაუსჯელი არ დარჩეს დამრღვევი მძღოლი, თუმცა აღნიშნული მექანიზმი მხოლოდ იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ მფლობელს მართვის მოწმობა არ აქვს, თუ აქვს, მაგრამ მისი ავტომობილით სხვამ დაარღვია, ამ შემთვევაში დამრღვევის დასჯის გეგმა არ არსებობს.

რაც შეეხება კანონს, ის აღნიშნავს, რომ ფატალური საგზაო შემთხვევების შესამცირებლად და მძღოლების ქცევების შესაცვლელად, მსგავსი რეგულაციები აუცილებელია.

„საგზაო უსაფრთხოების მდგომაროების გაუმჯობესებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენი მიდგომა ამ შემთხვევაში არის, რომ შემცირდეს დაღუპულების და დაშავებულების რიცხვი, ამიტომ ეს კეთდება იმისთვის, რომ მძღოლებმა შეიცვალონ ქცევა. ქულების პატრულის მეშვეობით ჩამოკლებამ დაგვანახა, რომ ამ ხნის განმავლობაში 20-ზე მეტი მძღოლი არ განულებულა. აქედან გამომდინარე, ეს მიდგომა არაეფექტიანი იყო და 2018 წელსაც ავტოავარიების რაოდენობა გაზრდილია. როგორც ჩანს, შსს-მ გადაწყვიტა სტატისტიკაზე დაყრდნობით, ახალი ზომებისთვის მიემართა და ევროპული სტანდარტები გაეთვალისწინებინა,“ – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

კანონპროექტზე ჯერ კიდევ ბევრს იმსჯელებენ, თუმცა, ფაქტია რომ ქულების დაკლების ფუნქციის დაკისრებას კამერებისთვის, უამრავი კითხვები და პრობლემები უკვე მოჰყვა.

შეგახსნებთ, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ფოტოფირზე ან/და ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 1 და 1 1 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე (სიჩქარის გადაჭარბება) გავრცელდება მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების რაოდენობის შემცირების წესი. ცვლილებით განისაზღვრება მართვის მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა რაოდენობის ამოწურვის შემთხვევაში, მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების ამოქმედების ვადა.

ამასთან, საგზაო უსაფრთხოების სფეროში პასუხისმგებლობა მკაცრდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელ რიგ მუხლებზე და დასჯადი ქმედებების გაფართოება ხდება.

“ცვლილებები ითვალისწინებს პასუხისმგებლობის გამკაცრებას სიმთვრალის მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაჭარბებული სიჩქარით მართვისთვის, საგზაო მოძრაობის წესების დაუცველობისთვის, საგზაო-სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისთვის. პროექტით განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების ჩაბარების ახალი წესი,” – აღნიშნულია პროექტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები