მცდარია აზრი, თითქოს ფილმები სიყვარულზე ყოველთვის სენტიმენტალური და ზედმეტად „ტკბილია“, რადგან სასიყვარულო დრამა ემოციურად რთული, მტკივნეული და ზოგჯერ მისტიკური, ამოუხსნელიც შეიძლება იყოს. „გრძნობების სამყაროში“ უმნიშვნელოვანესის დასადგენად, რეჟისორები მზად არიან წლების მანძილზე დააკვირდნენ საკუთარ პერსონაჟებს, გაანადგურონ წინააღმდეგობრივი გრძნობებით და დასვან ის შეკითხვები, რომლებზეც თვითონაც არ აქვთ პასუხი.

გთავაზობთ ფილმებს ჰოლივუდის ყალბი რომანტიკის, თუმცა ნამდვილი ადამიანების გულწრფელი გრძნობებით, რომლებიც თქვენს დაგეხმარებათ საკუთარი თავის, ურთიერთობის და სურვილების უკეთ გაგებაში.

„დაბადება“ (Birth, ჯონატან გლეიზერი, 2004) – მთავარი პერსონაჟი ნიკოლ კიდმანის შესრულებით, საკმაოდ წარმატებული ქალია, რომელსაც კარიერა აქვს და კარგი საქმრო ჰყავს, ერთადერთი კი, რაც მოსვენებას არ აძლევს – 10 წლის წინ გარდაცვლილი მეუღლეა, რომელსაც ვერაფრით ივიწყებს, თუმცა, მოულოდნელად ქალის ცხოვრებაში 10 წლის ბიჭუნა ჩნდება, რომელიც სწორედ მეუღლის ერთგვარ რეინკარნაციად ეჩვენება. აბსურდისა და შესაძლო კომიკურობის მიუხედავად, გლეიზერის დრამა საკმაოდ სერიოზული და ბევრისთვის დამაფიქრებელია, ანას როლი კი, თამამად შეიძლება ჩაითვალოს საუკეთესოდ კიდმანის კარიერაში.

„ჩემი მეფე“ (Mon roi, მეივენ ლე ბესკო, 2015) – კრიტიკოსების და მაყურებლის მიერ დადებითად შეფასებული ფილმი ახალგაზრდა ქალმა გადაიღო, რომელმაც სიყვარულის საკუთარი ხედვა წარმოადგინა და ორ საათში არა მხოლოდ მთავარი პერსონაჟების ცხოვრება დააყენა თავდაყირა, არამედ მაყურებელსაც აიძულა საკუთარ ურთიერთობაზე  დაფიქრება. ფილმმა კანის კინოფესტივალის რვა ნომინაცია დაიმსახურა, მთავარი როლის შემსრულებლის ემანუელ ბერკოს ნამუშევარი კი, პრიზით აღინიშნა.

„სიყვარული“ (Love, გასპარ ნოე, 2015) – სკანდალური ფილმში პირველ რიგში ეროტიკული (ზოგჯერ პორნოგრაფიული) სცენები იქცა პუბლიკის განხილვის თემად. რეჟისორის ყურადღება მართლაც ზედმეტადაა აქცენტირებული სექსზე, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია მთავარი პერსონაჟების – ახალგაზრდა კაცისა და ორი ქალის უჩვეულო სიყვარული, რომელიც ხასიათის მანამდე უცნობ თავისებურებებს ავლენს მათში.

„საყვარლები“ (Two Lovers, ჯეიმს გრეი, 2008) – დამოუკიდებელი კინოს ამერიკელმა რეჟისორმა ჯეიმს გრეიმ, რომელმაც ბოევიკით „დაკარგული ქალაქი Z“ გაითქვა სახელი, ამჯერად ფიოდორ დოსტოევსკის რომანის „თეთრი ღამეების“ თავისუფალი ეკრანიზაცია განახორციელა, მთავარი როლი კი, ხოაკინ ფენიქსს შესთავაზა, რომელიც იძულებულია ორ ქალს შორის – მომხიბვლელ, თუმცა შეშლილ მიშელსა და გაწონასწორებულ, თუმცა მოსაწყენ სანდრას შორის გააკეთოს არჩევანი. მართალია,ფილმი „პალმის ოქროს რტოსა“ და „სეზარის“ პრემიაზე იყო წარდგენილი, მაგრამ ვერცერთი ვერ დაიმსახურა.

„ესაუბრე მას“ (Hable con ella, პედრო ალმოდოვარი, 2004) – რა თქმა უნდა, ესპანელი რეჟისორი არასდროს ინტერესდება ბანალური ისტორიებით, მისი ფილმების გმირები კი, ყოველთვის უჩვეულო და ყველასგან გამორჩეულები არიან. ტრადიციას ალმოდოვარმა არც ახლა უღალატა და ამყურებელს ორი წყვილის უცნაური ურთიერთობის შესახებ მოუთხრო – ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მამაკაცები მთელ დღეებს კომატოზურ მდგომარეობაში ჩავარდნილ ქალბატონებს ესაუბრებიან, რადგან იმედი აქვთ, რომ სწორედ საკუთარი ერთგულებით შეძლებენ მათ გამოფხიზლებას და ცხოვრებას დაბრუნებას.

„შუაღამის დადგომამდე“ (Before Midnight, რიჩარდ ლინკლეიტერი, 2013) – დროში გაჭიმული ფილმების მოყვარულმა რეჟისორმა როგორც იქნა დაასრულა 1995 წელს დაწყებული ტრილოგიის გადაღება ჟიული დელპისა და ითან ჰოუკის მონაწილეობით. 18 წლის მანძილზე რეჟისორი გულდასმით აკვირდებოდა როგორ იცვლებოდა მისი პერსონაჟების ურთიერთობა ასაკის მატებასთან ერთად. კრიტიკოსების აზრით, ტრილოგიის სწორედ მესამე ნაწილი გამოვიდა ყველაზე კარგი, რომელშიც ლინკლეიტერმა მთავარი პერსონაჟების 20-წლიანი სიყვარული და ურთიერთობა შეაჯამა.

 

კატეგორიები: რჩევები ფილმები

მსგავსი თემები