LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არარეალური სახელფასო ბიუჯეტები გავუწერეთ კადრებს, თუმცა, გამოხმაურება ამ შემთხვევაშიც დაბალი იყო“ – სასტუმროების ბიზნესში ისევ კადრების დეფიციტია

73
Businessman-pressing-bell-at-hotel-reception

სასტუმროების ქსელი Ka group გაფართოებას და ახალი ობიექტების გახსნას გეგმავს. კომპანია მიმდინარე წლის ზაფხულის ტურისტული სეზონითაც საკმაოდ კმაყოფილია, თუმცა, სექტორში არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს და მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომს, პანდემიას და კადრების დეფიციტს ასახელებს.

როგორც „ფორტუნას“ ეთერში Ka group-ის თანადამფუძნებელმა ნინა ჭიღლაძემ აღნიშნა, რუსეთ-უკრაინის ომი, ცალსახად, მსოფლიო ტრაგედიაა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, იმოქმედა ადამიანების განწყობაზე. „მას განსაკუთრებული გავლენა აქვს ევროპულ სეგმენტზე. მანამდე თუ საქართველო საკმაოდ აქტუალური იყო რიგი ევროპული ქვეყნებისთვის, ახლა შემცირდა ჯავშნების რაოდენობა ევროპიდან. რაც შეეხება პანდემიას, ის ჯერ კიდევ რჩება დიდ გამოწვევად, მაგრამ გალფისა და აზიის ქვეყნებისთვის დღემდე, მაინც აქტუალურია მოგზაურობა საქართველოში და ჯერჯერობით, მათი მხრიდან მოთხოვნა არ შემცირებულა“, – განმარტა ნინა ჭიღლაძემ.

გამოწვევებს შორის Ka group-ის თანადამფუძნებელმა ცალკე გამოყო საკადრო დეფიციტი. „დღეისათვის, Ka group აერთიანებს 16 სასტუმროს, რომლებიც განთავსებულია თბილისში, გუდაურსა და ბაკურიანში. დასაქმებული გვყავს 500- ამდე ადამიანი, თუმცა ეს არ არის ის მაქსიმუმი, რასაც ვისურვებდით რომ დაგვესაქმებინა. სამწუხაროდ, ბაზარზე არ ჩანს ადამიანური რესურსი, რომელსაც დასაქმების სურვილი აქვს. ფაქტობრივად, საკადრო დეფიციტია აბსოლუტურად ყველა პოზიციაზე. ბიზნესური თვალსაზრისით არამომგებიანი გადაწყვეტილება მივიღეთ და არარეალური სახელფასო ბიუჯეტები გავუწერეთ კადრებს, თუმცა, გამოხმაურება ამ შემთხვევაშიც არის დაბალი. იმედი გვაქვს, მალე ამოვხსნით ამ პრობლემის საიდუმლოს და გადავჭრით მას“, – დასძინა „ფორტუნას“ ეთერში ნინა ჭიღლაძემ.

საკმაოდ პოზიტიური და დატვირთული ტურისტული სეზონია, რომელსაც არ ველოდით მიმდინარე რეალობიდან გამომდინარე – სასტუმროების ქსელი Ka group

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები